ახალი ამბები

ადვოკატი: ლექსო მაჭავარიანის საქმეზე შსს-ს წინააღმდეგ სარჩელის შეტანას არ გამოვრიცხავთ

19 ივლისი, 2015 • 1283
ადვოკატი: ლექსო მაჭავარიანის საქმეზე შსს-ს წინააღმდეგ სარჩელის შეტანას არ გამოვრიცხავთ

მაჭავარიანი ამბობს, რომ ის დაახლოებით 14:00 საათზე დააკავეს, თუმცა რის საფუძველზე, არაერთგზის კითხვის მიუხედავად, პოლიციელებმა მას არ განუმარტეს: ”შემდეგ კი ერთმა პოლიციელმა წამოიძახა, წინააღმდეგობის გაწევისთვის გაკავებთო. ყველაფერი ტაბულას გავრცელებულ ვიდეოზე ჩანს.”

 

ტაბულას პროდიუსერის თქმით, სამართალდამცავებმა მას უკანონოდ შეუზღუდეს თავისუფლება, რისი დამადასტურებელი ვიდეომასალაც არსებობს:

 

”ამავე ვიდეოზე ჩანს, როგორ ვესაუბრები პოლიციელებს მშვიდად ვუხსნი, რომ მოგვცენ ჩვენს მიერ აქციის ჩასატარებლად საჭირო მაგიდების გადმოტვირთვის საშუალება მანქანიდან, რომელიც დგას პარკინგისთვის გამოყოფილ ადგილზე და არ კეტავს მოძრაობას, რის საპასუხოდაც ერთი პოლიციელი მიყვირის. მე მას ვთხოვ, ხმადაბლა მესაუბროს, რის საპასუხოდაც პოლიციელები მეცემიან და ცდილობენ წამათრიონ. მიზღუდავენ თავისუფლებას.”

 

ლექსო მაჭავარიანი. ფოტო – საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერიდან
ლექსო მაჭავარიანი. ფოტო – საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერიდან

იურისტი ოთო კახიძე მაჭავარიანის დაკავების ფაქტს სამართალდარღვევად აფასებს. მისი თქმით, ეს იყოსამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით მოქალაქის შეკრების და მანიფესტაციის განხორციელებაში ხელის შეშლა:

 

”ეს არის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის III ნაწილი, ვინაიდან პოლიციელები ვერც მაშინ და ვერც შემდგომ, ვერ ასახელებდნენ მიზეზს, თუ რატომ არ შეიძლებოდა იქ სცენის განთავსება, ან რატომ არ აძლევდნენ მანქანიდან მაგიდების და სხვა აპარატურის გადმოტანის საშუალებას”.


რაც შეეხება სცენის ამბავს, ოთო კახიძის თქმით, აქციის ორგანიზატორებს ერთ-ერთ კომპანიასთან ჰქონდა კონტრაქტი გაფორმებული და ის მათი საკუთრება არ ყოფილა.

 

როგორც ლექსო მაჭავარიანი ამბობს, სასამართლო პროცესი ორშაბათამდე იმიტომ გადაიდო, რომ დაკავების შესახებ ახსნა-განმარტების გარეშე, პოლიციამ არ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლითაც მის სავარაუდო ბრალეულობას დაადასტურებდა:

 

”საერთოდ არაფერი, უბრალოდ მოვიდნენ და ეს კაცი ხულიგნობდაო. ჩვენ მოსამართლეს გადავეცით დისკი უწყვეტი ვიდეოჩანაწერით. მოსამართლემ იგივე მოითხოვა პოლიციისგან, სასამართლო პროცესი გადადო და მე დარბაზიდან გამათავისუფლა.”

 

მაჭავარიანის თქმით, ის ჯერ ორთაჭალაში, შემდეგ კი სასამართლოში მიიყვანეს. როგორც ”ტაბულას” პროდიუსერი აცხადებს, მან დაკავების შემდეგ მოითხოვა სამართალდამცავებისგან მისი უფლებების განმარტება, რაც არ გააკეთეს. მაჭავარიანი ამბობს, რომ მას დიდი ხნის განმავლობაში არ ეძლეოდა ადვოკატთან საუბრის საშუალება.

 

”დაკავების მომენტის და დაკავების შემდგომი ამ ორი დარღვევის გარდა, პოლიციელები იქცეოდნენ სანიმუშოდ: ვსაუბრობდით რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე, სტალინის პიროვნების შეფასებაზე ისტორიულ ჭრილში,  მარიხუანას დეკრიმინალიზაციის პერსპექტივებზე და არგენტინის საფეხბურთო ნაკრების შანსებზე მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე,” – ამბობს ლექსო მაჭავარიანი.

 

ტაბულას პროდიუსერს გუშინ საპროტესტო აქცია STOP RUSSIA-ში უნდა მიეღო მონაწილეობა, თუმცა ამის საშუალება არ მიეცა.

 

აქცია Stop Russia; ნეტგაზეთი
აქცია Stop Russia; ნეტგაზეთი

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა გუშინ გააკეთეს განცხადება, რომ  18 ივლისს მთავრობის კანცელარიასთან რამდენიმე მედია და არასამთავრობო ორგანიზაციის აქცია „Stop Russia“ -ს ორგანიზატორებისა და მონაწილეების მანიფესტაციის უფლებას პოლიცია უკანონოდ ზღუდავს, როდესაც მათ სცენის დამონტაჟების უფლება არ მისცეს.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლექსო მაჭავარიანი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით იყო დაკავებული და ის გუშინ ღამით სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. შსს–მ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ დამატებით ცნობებს ტაბულას პროდიუსერის დაკავებისა და  სასცენო მაგიდებით დატვირთული ავტომობილის შესახებ მოგვიანებით მიაწვდის.

მასალების გადაბეჭდვის წესი