ახალი ამბები

NGO-ები: 18 ივლისის აქციის დაწყებამდე პოლიცია შეკრებისა და გამოხატვის უფლებაში ჩაერია

19 ივლისი, 2015 • 1024
NGO-ები: 18 ივლისის აქციის დაწყებამდე პოლიცია შეკრებისა და გამოხატვის უფლებაში ჩაერია

მათი განცხადებით, აქციის დაწყებამდე პოლიციელთა ქმედებები მიმართული იყო მშვიდობიანი შეკრების უფლების შეზღუდვის, ამ უფლებით სარგებლობაში ხელის შეშლისაკენ და არ ემსახურებოდა ლეგიტიმურ მიზნებს.


არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, აქციის დაწყებამდე მოვლენები ქრონოლოგიურად ასე განვითარდა:


“დილიდან აქციის ორგანიზატორებს კანცელარიის შენობის მიმდებარედ სცენის დამონტაჟების შესაძლებლობას პოლიციის თანამშრომლები არ აძლევდნენ. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, მათ არ განუმარტავდნენ აღნიშნული შეზღუდვის სამართლებრივ საფუძველს. აღსანიშნავია, რომ ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით არ არის აკრძალული სასცენო კონსტურქციების განლაგება იმგვარ ადგილებში, რასაც შედეგად ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვა არ მოჰყვება.


ორგანიზატორთა განმარტებით, სცენის დამონტაჟება იგეგმებოდა კანცელარიის წინ არსებულ ტერიტორიაზე, რომელიც არ განეკუთვნება ტრანსპორტის სამოძრაო ადგილს და შედეგად გზის გადაკეტვა არ შეიძლებოდა მოჰყოლოდა. ამდენად, პოლიციელთა ქმედება, არ დაეშვა სცენის გამართვა მთავრობის კანცელარიის წინ, არ შეიძლებოდა ნაკარნახევი ყოფილიყო კანონის მოთხოვნებიდან.


დაახლოებით 14:00 საათზე პოლიციის თანამშრომლებმა აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ლექსო მაჭავარიანი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, მისი დაკავება სწორედ სცენის დამონტაჟებასთან დაკავშირებულ საკითხის გარკვევას მოჰყვა. დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე განხორციელდა, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ან სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებას გულისხმობს,“– ვკითხულობთ განცხადებაში.


ამის შემდეგ, ორგანიზაციების განცხადებით, 14:30 წუთისათვის გავრცელდა ინფორმაცია, რომ მანქანა, რომელშიც მოთავსებული იყო სცენის კონსტრუქცია, პოლიციის მითითებით გადაადგილდა და აქციის ორგანიზატორებისათვის უცნობი იყო მისი ადგილსამყოფელი.


განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში 173–ე მუხლის გამოყენება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის “იარაღს” წარმოადგენდა, როდესაც აქციის მონაწილის დაკავება სრულიად უსაფუძვლოდ, პოლიციის თანამშრომლის კანონსაწინააღმდეგო მოთხოვნის დაუმორჩილებლობის საბაბით ხორციელდებოდა.


არასამთავრობო ორგანიზაციები ასევე აცხადებენ, რომ გავრცელებული კადრებით არ იკვეთებოდა ლექსო მაჭავარიანის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი; ამიტომაც მის დაკავებას ზემოთაღნიშნული მანკიერი პრაქტიკის გაგრძელებად აფასებენ. 


NGO-ები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ უზრუნველყოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დაცვა და პატივისცემა;


საქართველოს პროკურატურას კი მიმართავენ, რომ დაუყოვნებლივ შეისწავლოს ინციდენტში მონაწილე პოლიციელთა ქმედებები შესაძლო დანაშაულის, ადმინისტრაციული გადაცდომისა თუ დისციპლინური დარღვევების იდენტიფიცირების მიზნით; მათი გამოვლენის შემთხვევაში, მოახდინოს შესაბამისი რეაგირება; თუ გამოვლინდება, რომ პოლიციელები მოქმედებდნენ ზემდგომი პირების დავალებით, შესწავლილ იქნეს ამ დავალების შესაბამისობა კანონთან და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, ზემდგომი პირების მიმართ გამოყენებულ იქნეს კანონით გათვალისწინებული ზომები; გაატაროს პრევენციული ზომები მომავალში პოლიციელთა მხრიდან შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების ხელშეშლის აღსაკვეთად.


განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები: 

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო

ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო

იდენტობა

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

ადამიანის უფლებათა ცენტრი

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება

მასალების გადაბეჭდვის წესი