ახალი ამბები

მთავრობის კანცელარიასთან აქცია “STOP RUSSIA” გაიმართა [ფოტო]

18 ივლისი, 2015 • • 1636
მთავრობის კანცელარიასთან აქცია “STOP RUSSIA” გაიმართა [ფოტო]

აქციის ორგანიზატორებს ხმის გამაძლიერებლების გარშემო გამოფენილი ჰქონდათ ქართველი პოლიტიკოსებისა და პუტინის ფოტოშარჟები. მათი ერთ-ერთი მოთხოვნაა კანონის მიღება კოლაბორაციონიზმის შესახებ.


საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის დამფუძნებელი, იურისტი გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ რუსეთი საქართველოში იყენებს “რბილი ძალის” პოლიტიკას და კანონი კოლაბორაციონალიზმის შესახებ იმ მოქალაქეებს, რომლებიც შემჩნეულნი იქნებიან რუსეთთან თანამშრომლობაში, უნდა ატარებდეს გარკვეულ რეგულაციებს. მისი თქმით, ერთ-ერთი რეგულაცია შეიძლება იყოს შეზღუდვა სახელმწიფოს სამსახურში.


“ზოგადად, ბევრი რამ შეიძლება მოიაზრებოდეს ამ კანონპროექტის უკან. როცა ეს კანონპროექტი მომზადდება, უნდა იყოს ისეთი, რომ მკვეთრად ავლებდეს ზღვარს კონსტიტუციურ სტანდარტებთან გამოხატვის თავისუფლებას შესახებ და არ უნდა არღვევდეს გამოხატვის თავისუფლებას. თუმცა ასეთი გამოცდილება არსებობს ძალიან ბევრ დემოკრატიულ სახელმწიფოში. აქ საუბარია არა ვინმეს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზე, არამედ ისეთი კანონმდებლობის ფორმირებაზე, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს იმ საფრთხეებს, რომელიც მოდის რუსეთის სპეცსამსახურების მხრიდან,” – ამბობს მშვენიერაძე.


აქციის მონაწილეები ასევე მოითხოვენ აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატის გაუქმებას. მათი თქმით, მოსკოვთან მოლაპარაკება უნდა წარიმართოს მხოლოდ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მონაწილეობით.


საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილე, გიგა ნასარიძე ამბობს, რომ რუსეთთან ერთი-ერთზე კომუნიკაცია საქართველოსთვის წამგებიანია და ეს ბევრჯერ ვნახეთ მოლაპარაკებების სხვადასხვა ეტაპზე. მისი თქმით, რუსეთთან დიალოგში აუცილებლად უნდა იყოს ჩართული ჩვენი რომელიმე მეგობარი სახელმწიფო, რის შემდეგაც შეიძლება რაღაც წარმატებაზეც გვქონდეს პრეტენზია:


“მანამდე არსებობდა ჟენევის ფორმატი, რომელიც ალბათ მიზანმიმართულად შეასუსტეს, რომ აბაშიძე-კარასინის ფორმატი გაძლიერებულიყო და უფრო დიდი მნიშვნელობა შეეძინა. ეს კომუნიკაცია უნდა ჩანაცვლდეს ისევ იმ ფორმატით და აღდგეს მთელი თავისი წარსული სიძლიერით. მოლაპარაკებებში, რაც შეიძლება უფრო მეტად, უნდა ჩაერთოს საერთაშორისო საზოგადოება.”


საპროტესტო აქციას მიშა მშვილდაძე გაუძღვა. პროდიუსერის თქმით, რუსი სამხედროების მიერ ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის გადმოწევა არის ჩვეულებრივი პროვოკაცია და ეს ბოლო დროს არ დაწყებულა. მისი თქმით, მოსკოვის მიზანია, რომ არ აცალოს საქართველოს ნორმალურ და მშვიდ გარემოში განვითარება.


“რუსეთის მიზანია, რომ შეეშალოს ხელი ჩვენი ქვეყნის განვითარებას იმ მიმართულებით, საითაც გვინდა, რომ განვვითარდეთ. ვგულისხმობ დასავლეთს – ნატოში, ევროკავშირში და ასეთ გაერთიანებებში ინტერგარციის გზას, რასაც ახლა გადის საქართველო. ჩვენი ხელისუფლების პასუხი ამაზე უნდა იყოს ცალსახად ადეკვატური; მათ მინიმუმ უნდა მისცენ შეფასება რუსეთის ყველა ქმედებას, თითოეულ აქტივობას. მათ უნდა ჰქონდეთ შესაბამისი რეაგირება. პირველ რიგში რეაგირება უნდა გამოიხატოს იმით, რომ გაკეთდეს საერთაშორისო დონეზე მკაცრი განცხადებები; უნდა გაკეთდეს განცხადებები საერთაშორისო მძლავრი ორგანიზაციების მიერ და საქართველოს დეოკუპაციის თემა იყოს აქტუალური მთელ მსოფლიოში იმისათვის, რომ მთელი მსოფლიოს კეთილი ადამიანები თანაგვიგრძნობდნენ ჩვენ. ამას უნდა ვახერხებდეთ და მუდმივად უნდა ვააკეთებდეთ მობილიზებას მთელი მსოფლიოს კეთილი ადამიანებისა,” – აცხადებს მშვილდაძე.


მიშა მშვილდაძე ამბობს, რომ აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებებს საქართველოს დეოკუპაციის მხრივ შედეგი არ მოუტანია. მისი თქმით, ეს არის მთავარი ამოცანა და ამ მიმართულებით ამ ფორმატით არც ერთი ნაბიჯი გადადგუმლა: “შესაბამისად, არ ვიცი რაზე მუშაობენ და საერთოდ რა შედის ამ ფორმატში. არ არის სწორი შენს მტერთან, აგრესორთან, ადამიანთან და სახელმწიფოსთან, რომელიც გჩაგრავს და რომლისგანაც თავდაცვის ერთადერთი გარანტორები შენი საერთაშორისო პარტნიორები არიან, ერთი-ერთზე საუბარი. ეს არ არის ურთიერთბის სწორი ფორმა. “ტეხავს” დანარჩენ სამყაროსთან. ჩვენ და რუსეთს არ უნდა გვქონდეს საერთო საიდუმლოებები დანარჩენ მსოფლიოსთან.”


აქციაში მონაწილეობას ტაბულას პროდიუსერი, ლექსო მაჭავარიანიც გეგმავდა, თუმცა ის პოლიციამ კანცელარიასთან დღის პირველ ნახევარში დააკავა. როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, თამარ ჩერგოლეიშვილი აცხადებს, ტაბულას პროდიუსერის, ლექსო მაჭავარიანის სასამართლო პროცესი ჯერ არ დაწყებულა. მისი თქმით, ასევე უცნობია, თუ სად წაიყვანეს სამართალდამცავებმა მანქანა, სადაც სცენა იყო.


არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ დღეს, 18 ივლისს მთავრობის კანცელარიასთან რამდენიმე მედია და არასამთავრობო ორგანიზაციის აქცია „Stop Russia“ -ს ორგანიზატორებისა და მონაწილეების მანიფესტაციის უფლებას პოლიცია უკანონოდ ზღუდავს, როდესაც მათ სცენის დამონტაჟების უფლება არ მისცეს.


აქცია Stop Russia; ნეტგაზეთი
აქცია Stop Russia; ნეტგაზეთი


აქცია Stop Russia; ნეტგაზეთი
აქცია Stop Russia; ნეტგაზეთი


აქცია Stop Russia; ნეტგაზეთი
აქცია Stop Russia; ნეტგაზეთი


აქცია Stop Russia; ნეტგაზეთი
აქცია Stop Russia; ნეტგაზეთი


აქცია Stop Russia; ნეტგაზეთი
აქცია Stop Russia; ნეტგაზეთი

აქცია Stop Russia; ნეტგაზეთი
აქცია Stop Russia; ნეტგაზეთი


აქცია Stop Russia; ნეტგაზეთი
აქცია Stop Russia; ნეტგაზეთი


აქცია Stop Russia; ნეტგაზეთი
აქცია Stop Russia; ნეტგაზეთი

 



 

 


მასალების გადაბეჭდვის წესი