ახალი ამბები

ჯანდაცვის სამინისტრო ახალ პრიორიტეტულ მიმართულებას ასახელებს

16 ივლისი, 2015 • • 1254
ჯანდაცვის სამინისტრო ახალ პრიორიტეტულ მიმართულებას ასახელებს

“გამოკვეთილად და აქცენტირებულად მინდა ვთქვა, რომ ეს იქნება პირველადი ჯანდაცვის ძირეული რეფორმა. მოხდა ისე, რომ ბოლო ათწლეულების მანძილზე არ იქნა ჯეროვანი ყურადღება მიქცეული პირველად ჯანდაცვაზე და მთელი დატვირთვა გადადიოდა ჰოსპიტალურ სექტორზე. ზოგადად, ბევრ ქვეყანას დაემართა ასეთი რამ. თავისთავად ცხადია, რა რისკებს მოიცავს ეს, როცა პირველად ჯანდაცვას არ აქვს მიკუთვნებული ის თავისი ძირითადი როლი, რაც მან უნდა შეასრულოს და ეს როლი არის იდეალურ შემთხვევაში სამედიცინო საჭიროების 80%-ის მართვა და მხოლოდ 20% უნდა გადავიდეს სტაციონალურ მკურნალობაზე, თუმცა ჩვენს რეალობაში ეს უნდა იყოს სამედიცინო საჭიროებების უმრავლესობის მართვა”, – განაცხადა დავით სერგეენკომ დღეს, 16 ივლისს პირველადი ჯანდცვის რეფორმასთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაზე თბილისში, რომელიც საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფ “გლობალ ალიანსის” [GAHSC] ორგანიზებით გაიმართა.

 

აღნიშნული რეფორმის განხორციელებაში, როგორც ცნობილი გახდა დღეს, სწორედ “გლობალ ალიანსი” დაეხმარება საქართველოს.

 

პირველადი ჯანდაცვის სერვისის მიწოდება საჭიროებს ისეთი კომპონენტების საგრძნობ გაუმჯობესებას, როგორებიცაა, მაგალითად, ინსფრასტრუქტურა, ადამიანური რესურსები, დაფინანსება. 

 

საერთაშორისო ექსპერტები, რომლებიც ამავე კონფერენციას ესწრებოდნენ, აცხადებენ, რომ პირველადი ჯანდაცვის მოდელი საქართველოში სწორედ ამ ქვეყანაზე იქნება მორგებული. 

 

“ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან იყო ამაზე საუბარი, მაგრამ არაფერი კეთდებოდა აქამდე და სიტყვები სიტყვებად რჩებოდა. ახლა საუბრიდან უნდა გადავიდეთ საქმეზე”, – განუცხადა ჟურნალისტებს პეტერ მაკარამ, ბუდაპეშტის ზემელვაისის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორმა. 

 

საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტების თქმით, პირველადი ჯანდაცვისადმი ახალი მოთხოვნები ჩნდება მოსახლეობის დაბერების, რიცხოვნობი შემცირების და არაგადმდები დაავადებების პრევენციისა და გრძელვადიანი მკურნალობის საჭიროების ხარჯხზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი