ახალი ამბები

ადმინისტრაცია: ზოოპარკი დამთვალიერებლებისთვის, სავარაუდოდ, სექტემბრამდე გაიხსნება

7 ივლისი, 2015 • 2444
ადმინისტრაცია: ზოოპარკი დამთვალიერებლებისთვის, სავარაუდოდ, სექტემბრამდე გაიხსნება

“ძალიან გვინდა, რომ შემოდგომამდე მოვასწროთ არსებული ტერიტორიის და ვოლიერების გასუფთავება, რომ დამთვალიერებლის მიღება შევძლოთ. ძალიან ბევრი სამუშაოა და ძალიან რთულია ახლა თქმა, მაგრამ ყველანაირად ვეცდებით, რომ სექტემბრამდე გავხსნათ,”– უთხრა “ნეტგაზეთს” მზია შარაშიძემ.

 

მისივე განცხადებით, ამჟამად ტერიტორიიდან მძიმე ტექნიკა გასულია და ადგილზე ძირითადად ზოოპარკის თანამშრომლები მუშაობენ. გახსნის შემთხვევაში, გაიხსნება მხოლოდ ზოოპარკის ზედა ნაწილი, სადაც ახლა ცხოველები იმყოფებიან. ქვედა ნაწილი, რომელიც მდინარე ვერესთან უფრო ახლოს იყო, წყალდიდობამ ძლიერად დააზიანა და მზია შარაშიძის განცხადებით, ის აღდგენას აღარ ექვემდებარება. 

 

“იმ შემთხვევავშიც, თუ საბოლოოდ გადაწყდება ზოოპარკის გადატანა, ეს არ იქნება ძალიან ხანმოკლე პროცესი. ძალიან ბევრი სამუშაოა გასაკათებელი, ვოლიერების აშენებას დიდი დრო ჭირდება. იქ მთლიანად მოსაწყობია ინფრასტრუქტურა და იმ შემთხვევაშიც, თუ საბოლოოდ გადაწყდება ზოოპარკის გადატანის საკითხი, გარკვეული პერიოდი მაინც მოგვიწევს ამ ტერიტორიაზე ყოფნა,”– ამბობს შარაშიძე.

 

თბილისის მერიის ცნობით, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ზოოპარკის გადასატანად სამუშაოები 2015 წლის შემოდგომიდან დაიწყება. 

წინააზიური ჯიქი, რომელიც 13–14 ივნისის სტიქიას გადაურჩა. ფოტო – თბილისის ზოოპარკი
წინააზიური ჯიქი, რომელიც 13–14 ივნისის სტიქიას გადაურჩა. ფოტო – თბილისის ზოოპარკი

ცხოველთა ჩამონათვალი, რომლებიც 13–14 ივნისს მომხდარ სტიქიას გადაურჩნენ, ზოოპარკის ადმინისტრაციამ დღეს გამოაქვეყნა.

 

13–14 ივნისის ღამეს თბილისში მოსულმა ძლიერმა წვიმამ დედაქალაქში მძიმე ვითარება შექმნა. სტიქიის ეპიცენტრი მდინარე ვერეს ხეობა და ზოოპარკის ტერიტორია იყო. სტიქიამ 19 ადამიანი იმსხვერპლა, 3 – დაკარგულად ითვლება.

 

მდინარე ვერემ დატბორა ზოოპარკის ტერიტორია, რის შედეგადაც ვოლიერებიდან გაიქცნენ მტაცებელი ცხოველები. 17 ივნისს ზოოპარკიდან გაქცეული ვეფხვი ლაგუნა–ვერეს ტერიტორიაზე თავს დაესხა ადამიანს, რომელიც მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. 

თბილისის ზოოპარკი 13 ივნისის წყალდიდობის შემდეგ. სერგი ბარისაშვილის ფოტო. 14.06.2015
თბილისის ზოოპარკი 13 ივნისის წყალდიდობის შემდეგ. სერგი ბარისაშვილის ფოტო. 14.06.2015

მასალების გადაბეჭდვის წესი