ახალი ამბები

ირაკლი კაკაბაძის პიესა, რომელიც, მშობლების ნაწილის აზრით, აუტიზმზე სტიგმას აძლიერებს

7 ივლისი, 2015 • • 2755
ირაკლი კაკაბაძის პიესა, რომელიც, მშობლების ნაწილის აზრით, აუტიზმზე სტიგმას აძლიერებს

პიესის დრამატურგი ირაკლი კაკაბაძეა და პიესა მის ანალოგიური დასახელების მოთხრობას ეფუძნება. ნაწარმოების მთავარი გმირი 17 წლისაა. მას  4 წლის ასაკში დაუსვეს აუტიზმისა და ასპერგერის სინდრომის დიაგნოზი. ტექსტის მიხედვით იგი თავისი მშობლებისგან, რომლებიც მხოლოდ კარიერასა და საკუთარ საჭირობებზე ფიქრობენ, სათანადო სითბოსა და ყურადრებას ვერ იღებს, რის გამოც მათზე განაწყენებულია. ამის შემდეგ მთავარი გმირი ტერორისტი ხდება.

 

აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების მშობლების ნაწილი ფიქრობს, რომ ეს ტექსტი საზოგადოებაში ორი სტიგმის გააძლიერებას უწყობის ხელს: აუტიზმს აკავშირებს ტერორიზმთან და ამყარებს სტერეოტიპს, რომლის მიხედვითაც აუტიზმი იმ ოჯახებში გვხდება, სადაც ცუდი და უყურადღებო მშობლები ცხოვრობენ, რაც სამედიცინო თვალსაზრისით სიმართლეს არ შეესაბამება.

 

“სანამ ამ პიესას დაწერდით, თუ გაგივლიათ რაიმე კონსულტაცია სფეროს სპეციალისტთან, ან აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლებთან? შეგეძლოთ დაგეგუგლათ მაინც და ისე წაგეკითხათ რაიმე ამ დიაგნოზის შესახებ. თქვენ ახლა ამ პიესით საზოგადოებას ეუბნებით, რომ ჩემი, როგორც მშობლის ბრალია, რომ ჩემს შვილს აუტიზმი აქვს?! ყველაფერთან ერთად ჩემი გაოცებაც შეძელით. მსოფლიოს მეცნიერებმაც კი ვერ დაადგინეს აუტიზმის გამომწვევი მიზეზები და თურმე თქვენ გქონიათ ამის შესახებ იმფორმაცია. თქვენ რა იცით, ჩვენ, მშობლებს რა დღეები გვაქვს გამოვლილი. რამდენი უძილო ღამე ნათენები, რამდენი ცრემლი დაღვრილი, იმის გამო, რომ ჩვენს შვილებს ავტობუსში არ უშვებენ, ბევრი სკოლა უარს ამბობს მათ მიღებაზე, საზოგადება რიყავს მათ. მეტსაც გეტყვით, იმის გამო, რომ ჩვენს შვილებზე ჩვენ გარდა ვერავინ ზრუნავს, სამსახურის დაწყების უფლებაც კი არ გაგვაჩნია. რა კარიერაზეა საუბარი?! ჩვენ, მშობლები ვიბრძვით საზოგადოების ცნობიერების დონე ავამაღლოთ და ამ დროს თქვენ, ამ თქვენი სტატიით აძლიერებთ სტიგმას”, – წერს ფეისბუკზე მარი კორკოტაძე, მშობელი, რომელიც კაკაბაძეს მიმართავს.

 

“ვფიქრობ, რომ ადამიანს , რომელსაც პრეტენზია აქვს ინტელექტუალიზმსა და პუბლიცისტიკაზე, უნდა ესმოდეს, რომ აუტიზმის ამ კონტექსტში გამოყენება ჩვენს საზოგადოებას, რომელსაც ისედაც უჭირს აუტიზმის გააზრება, კიდევ უფრო გაურთულებს საქმეს. იქნებ მტკივნეულად აღვიქვამ ყველაფერს, რაც აუტიზმს ეხება, და მე მეშლება? შეიძლება აუტიზმის და ტერორიზმის ერთ კონტექსტში მოხსენიება? ჩვენ, ყველა, ხომ იმისთვის ვიბრძვით, რომ შვილებს ნორმალური სოციალური გარემო შევუქმნათ?! მე პირადად არ ვიცნობ ირაკლი კაკაბაძეს. იქნებ მან მიაქციოს ყურადღება იმას, რომ ეს არ არის კარგი ბავშვებისათვის, რომელთაც ეს დიაგნოზი აქვთ”, – წერს მეორე მშობელი.

 

“ლიტერატურას აქვს უფლება იყოს ცუდი, უნიჭო, სტერეოტიპული და სავსე კლიშეებით, მას არ აქვს არანაირი ვალდებულება იყოს პოლიტკორექტული. თემის წევრებს შეგვიძლია “გავატაროთ”, რადგან ყველამ ვიცით, რომ ეს არ არის 17 წლის აუტიზმის მქონე ბიჭის “განცხადება”. და ზუსტად ამიტომ ვერ გავატარებთ. ის დეზინფორმაციულია, შეჰყავს მკითხველი შეცდომაში, აღრმავებს სტიგმას და მითებს იმ ადამიანების შესახებ, ვისაც ავტორისგან განსხვავებით ნამდვილად აქვთ აუტიზმი და მათი რიცხვი დედამიწის მოსახლეობის 1%-ია”, – აცხადებს ნინო დარსაველიძე ორგანიზაცია საქართველოს აუტიზმის საზოგადოების დირექტორი.

 

აუტიზმი მეტაფორა არ არის -პასუხი ირაკლი კაკაბაძესცოტა ხნის წინ შევიტყვეთ, რომ ბათუმში 7 ივლის გაიმართება “აუტისტი ტერო…

Posted by Nino Darsavelidze on Tuesday, July 7, 2015

 

პიესის დრამატურგი ირაკლი კაკაბაძე ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ აუტისტური სპექტრის საკითხთან დაკავშირებით მგრძნობელობა აქვს, რადგან პირადად ჰქონდა აშლილობა და თვითონაა ე.წ. აუტისტი. ამასთან, კაკაბაძის განცხადებით, ეს ტექსტი სწორედ აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე (და არა მხოლოდ მათი) ბავშვების სტიგმატიზირების პრობლემაზეა.

 

“მე სწორედ ამ პერსპექტივიდან ამოვდივარ. არავის სტიგმატიზირება არ უნდა მოხდეს. მე პირველი პირიდან ვწერ, მე ავტორი ვარ, რომელიც ამას წერს. აქ სწორედ იმაზეა ლაპარაკი, თუ რატომ ახდენს საზოგადოება სტიგმატიზირებას… ყველანაირ ე.წ. დაავადებას ჩვენ დაავადება აღარ უნდა ვუწოდთ, ეს უნდა იყოს კონდიცია. მე ახლა ჩემი, როგორც ერთი ადამიანის პოზიციაზე ვსაუბრობ, ხოლო ეს წერილი არის მხატვრული ნაწარმოები, რომელიც  ხსნის სოციალაურ მიზეზებს. ხშირად ბავშვების ასეთ სტიგმატიზირებაში მშობლებები იღებენ მონაწილეობას, მშობლები არიან პასუხისმგებლები მათი შვილების სურვილზე… სულაც არ ვფიქრობ, რომ აუტიზმი დაავადება, მე ვფიქრობ, ეს არის ადამიანი, რომელსაც სურს საკუთარი  სამყაროს შექმნა. ეს სურვილი რომ უჩნდება ბავშვს, ხშირ შემთხვევაში მშობლების ბრალია”, – ამბობს კაკაბაძე.

 

კითხვას, როგორ შეიძლება მშობლების პასუხისმგებლობაზე ლაპარაკი, როცა აუტისტური სექპტრის აშლილობის დიაგნოზი ხშირად ძალიან პატარა ასაკში დგება, როცა ბავშვი 2, 2,5 ან 3 წლისაა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეს თანდაყოლილი მდგომარეობაა და ზოგიერთ შემთხვევაში საუბარია მის შესაძლო გენეტიკურ განზომილებაზეც, კაკაბაძე აცხადებს, რომ მას გენეტიკის კომპონენტის არ სჯერა და ფიქრობს, რომ გარემოა მთავრი ხელშემწყობი პირობა, რომლის ნაწილსაც სწორედ მშობლები წარმოადგენენ.

 

რაც შეეხება ტერორისტის კომპონენტს, ირაკლი კაკაბაძის თქმით, მან ეს სათაური გამიზნულად შეარჩია და მისი ამოცანა ბავშვების დაცვაა ყველა სახის ძალადობისა და სტიგმისგან, მათ შორის მშობლების, ექიმების თუ სხვა აქტორებისაგან, რომლებიც ბავშვისთვის აუტისტის დაძახებით და მედიკალიზაციით მის სტიგმატიზირებას ცდილობენ. კითხვას, სჯერა თუ არა მას საერთოდ აუტიზმის, როგორც მდგომარეობის არსებობის, თუ მხოლოდ გამოგონილ ცნებად მიიჩნევს, აცხადებს, რომ არსებობს გარკვეული კონდიციები, რომელსაც ადამიანური ურთიერთობები და თანამედროვე თერაპიის მეთოდები ესაჭიროება.

 

“ეს არის მხატვრული ნაწარმოები და მთავარია ის სწორად გაიგონ. ეს სიტყვები მე სპეციალურად დავურთე, რადგან სტიგმატიზაცია აღარ იყოს. მწერლის ვალია გარისკოს. მწერალი არ შეიძლება ობივატელი იყოს. დიახ, მირჩევნია მე მომხვდეს, ვიდრე იმ ბავშვებს, ვისაც ხვდება. ჩვენ საზოგადოება უნდა დავიცავთ სტიგმებისგან. ყველა ბავშვია დასაცვი მშობლების, უფროსების, კარიერისტების, ჰედონსიტების და ასე შემდეგ, საშინელი ძალადობისგან. მე მზად ვარ, რომ არა მხოლოდ ჩემი კარიერა, არამედ ცხოვრებაც გავწირო, თუ საჭირო იქნება. მე შეგნებულად დავარქვი ამ მოთხრობას ეს სახელი. სათაურს არ შევცვლი და პრინციპულად ვიდგები ამ აზრზე იმიტომ, რომ ხალხი მეტად დაფიქრდეს, რატომ ხდება ბავშვების სტიგმატიზაცია, ხომ არ არის ეს ჩვენი ბრალი”, – აცხადებს კაკაბაძე.


კაკაბაძის კომენტარის სრულ ვარიანტს შეგიძლიათ მოუსმინოთ ქვემოთ მოყვანილ ბმულზე.

ზემოხსენებული მონოპიესების ფესტივალი ბათუმის მერიის ხელშეწყობით მიმდინარეობს. ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორის, ნინო ჩხაიძის განცხადებით, პიესა პრობლემურად არც მათ ეჩვენებათ, რადგან ის სწორედ იმ პრობლემის არსს ასახავს, რასაც აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვები აწყდებიან საზოგადოებისაგან დამოკიდბეულების კუთხით. რაც შეეხება სათაურს და მის შესაძლო გავლენას აუტიზმის თაობაზე ნეგატიური სტიგმის გაძლიერების შესახებ, ჩხაიძის თქმით, სპექტაკლის დასრულების შემდეგ ისინი გაავრცელბენ პრესრელიზს და ინფორმაციას ფეისბუკით, სადაც ახსნიან, თუ რას ეხებოდა ნაწარმოები.

მასალების გადაბეჭდვის წესი