ახალი ამბები

აშშ-ის საზღვაო ძალების ნაღმოსანი „ლაბუნი“ ბათუმის პორტში

28 ივნისი, 2015 • 1532
აშშ-ის საზღვაო ძალების ნაღმოსანი „ლაბუნი“ ბათუმის პორტში

 

აშშ-ის საზღვაო ძალების გემის ეკიპაჟის დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი ბათუმის პორტში გაიმართა. 

 

„ლაბუნი“ არლეი-ბერკის კლასის მართვადი რაკეტებით აღჭურვილი ნაღმოსანია, რომელიც შეერთებული შტატების საზღვაო ძალების მე-6 ფლოტს ეკუთვნის. 

საქართველოში ყოფნისას, ნაღმოსანი „ლაბუნი“ საქართველოს სანაპირო დაცვის სამსახურთან რუტინულ ერთობლივ მეცადინეობას ჩაატარებს. 

 

„ლაბუნი“ ვირჯინიის შტატის ქალაქ ნორფოლკშია ბაზირებული. ის აშშ-ის მე-6 ფლოტის სამოქმედო არეალში რეგიონული საზღვაო უსაფრთხოების გამტკიცების საქმეში მრავალფუნქციურ როლს თამაშობს. ნაღმოსანი ორმხრივი და მრავალმხრივი საწვრთნელი მისიების მონაწილეა და შავი ზღვის რეგიონში ნატოს ოპერაციებშია ჩართული.

 

აშშ-ის საზღვაო ძალების გემები მონტროს კონვენციისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად შავ ზღვაში რეგულარულად მოქმედებენ.

 

ცერემონილას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკი მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე, ქ. ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, აშშ-ს ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი, აშშ – ს საზღვაო ძალების ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი რიჩარდ ბრეიდი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

 

 

მთავრობის შეფასებით “ლაბუნის“ სტუმრობა აშშ-ის საზღვაო ძალების სხვა წარმომადგენელთა ადრინდელი ვიზიტების გაგრძელებაა და მოკავშირე და პარტნიორ სახელმწიფოებთან შეერთებული შტატების პროფესიული და პერსონალური ურთიერთობების გამტკიცებას ემსახურება. “ამერიკული ნაღმოსნის ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს შეერთებული შტატების სურვილს, განამტკიცოს ურთიერთობა ნატოელ მოკავშირეებსა და საქართველოს მსგავს პარტნიორებთან შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებასა და სტაბილურობასთან დაკავშირებული საერთო ამოცანების გადასაწყვეტად”.

 

 

დახვედრის ცერემონიალზე, ამერიკისა და საქართველოს ჰიმნები ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ორკესტრმა შეასრულა. 

 

 

დახვედრის ცერემონიალის დასრულების შემდეგ აშშ-ის საზღვაო ძალების გემის “ლაგუნი”-ს კაპიტანს კრისტოფერ მაკკალუმს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ნუგზარ სურმანიძემ აჭარის მთავრობის სახლში უმასპინძლა. 

შეხვედრას აშშ-ს საზღვაო ძალების ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი რიჩარდ ბრეიდი და კაპიტნის მოადგილე გარი ჩეისი ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ნუგზარ სუმანიძემ ეკიპაჟის წევრებს რეგიონი გააცნო და ხაზი გაუსვა ჩვენი ქვეყნისთვის ამერიკის მხარდაჭერის მნიშვნელობას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი