შსს აცხადებს, რომ ქობულეთში 32 კგ ტროტილი, 18 კაფსულ-დეტონატორი და 30 მეტრის სიგრძის ცეცხლგამტარი ზონარი ამოიღეს. ჯერჯერობით უცნობია, რას გეგმავდა მოქალაქე, რომელიც ამ მასალების შენახვის გამო დააკავეს.
შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს ქობულეთის რაიონული სამმართველოს მუხაესტატეს განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული თამაზ ჯ. საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ქობულეთში დააკავეს.
საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები პოლიციამ დაკავებულის საცხოვრებელი სახლიდან ამოიღო. შსს-ს ცნობით, დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).
ჯერჯერობით სხვა დეტალები უცნობია.