ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“რუსები მზად იყვნენ ჯარი გამოეყენებინათ სამხრეთ ოსეთში სახალხო მღელვარების ჩასახშობად”

25 ივნისი, 2015 • • 1383
“რუსები მზად იყვნენ ჯარი გამოეყენებინათ სამხრეთ ოსეთში სახალხო მღელვარების ჩასახშობად”

2012 წელს ის სამხრეთ ოსეთში დააკავეს და იძულებით წაიყვანეს რუსეთში, ჩრდილო ოსეთის შს მინისტრ არტურ ახმედხანოვის ბრძანებით. 10 თვე, სანამ გამოძიება მიმდინარეობდა, ივაკომ პატიმრობაში გაატარა. სასამართლომ დაკავებულის ქმედებებში დანაშაულის ნიშნები ვერ აღმოაჩინა და იგი გაათავისუფლა, თუმცა სისხლის სამართლებრივი დევნა გრძელდება.

“ეხო კავკაზასთვის” მიცემული ინტერვიუს შემდეგ ოსურმა და რუსულმა მედიასაშუალებებმა განაცხადეს, რომ სამხრეთ ოსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია უარყოფდა ივაკოს ბრალდებებს 2011 წელს სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. მე შევძელი დმიტრი ივაკოსთან დაკავშირება და მისთვის რამდენიმე შეკითხვის დასმა. ივაკომ ყველა შეკითხვაზე პასუხის გაცემა ვერ შეძლო და ამის მიზეზად მისი სიცოცხლის უსაფრთხოება დაასახელა. სავარაუდოდ, მას ემუქრებიან არა მხოლოდ რუსი ძალოვანი სტრუქტურები, არამედ – სამხრეთ ოსეთის ყოფილი ჩინოვნიკებიც.

დმიტრი ივაკო, ფოტო: ekhokavkaza
დმიტრი ივაკო, ფოტო: ekhokavkaza

დმიტრი, ცოტა ხნის წინ სამხრეთ ოსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უარყო შენი (ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ინტერვიუ უფრო მარტივად შედგებოდა, თუკი ერთმანეთს “შენობით” მივმართავდით) ბრალდებები, მე ვიტყოდი, განცხადებები საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების შესახებ 2011 წელს. კიდევ რა შეგიძლია მოყვე არჩევნებზე, იმაზე, რაც კულისებს მიღმა დარჩა და რაზეც ჩვენ, ჟურნალისტებმა არაფერი ვიცოდით?  

 

მე ვიყავი სამხრეთ ოსეთის ინფორმაციის, კავშირგაბმულობისა და მასობრივი კომუნიკაციების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე და, ფაქტობრივად, ყველას ვხვდებოდი, ვინც ჩამოდიოდა მოსკოვიდან. ასევე, ვმონაწილეობდი არჩევნების გაყალბების და ამომრჩეველთა უფლებების დარღვევის ყველა პროცესში. მაგალითად, შემიძლია მოვყვე პასპორტების თაობაზე. არსებობს სამხრეთ ოსეთის მოქალაქის ორდინარული პასპორტები და არსებობს ხმის მიცემის ბლანკები. ეს უკანასკნელი ვიზუალურად ჰგავს პასპორტს, მაგრამ შიგნით, ჩაწერის შტამპში კალმითაა აღნიშვნა გაკეთებული. ხმის მიცემის ბლანკების უმრავლესობა არ არის შეტანილი პასპორტების რეესტრში და მათი რაოდენობა გაცილებით აღემატება სამხრეთ ოსეთის მოქალაქის ნამდვილი პასპორტების რაოდენობას.  

 

ანუ ასეთი პასპორტების გამოყენებით ბიბილოვისთვის გარანტირებული იყო ხმები?

 

დიახ! ეს პასპორტები ყალბია. ცხინვალში საპასპორტო მაგიდების ყველა თანამშრომელმა იცის ამის თაობაზე.

 

დმიტრი, კონკრეტულად ვის შეხვდი კრემლის ჩინოვნიკებიდან მაშინ?

 

მაგალითად, შევხვდი სერგეი ვინოკუროვს (საუბარია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის რეგიონთაშორისი და უცხო ქვეყნებთან კულტურული კავშირის სამმართველოს ყოფილ უფროსზე, რომელიც ერთი წლის შემდეგ დაითხოვეს თანამდებობიდან სამხრეთ ოსეთში მისი მუშაობის ჩავარდნის გამო), რომელიც მართავდა მაშინ ყველაფერს სამხრეთ ოსეთში.

 

ჯარებსაც ხელმძღვანელობდა?

 

ყველაფერს. მე, ასევე, მაქვს ინფორმაცია, რომ რუსები მზად იყვნენ გამოეყენებინათ ჯარები სახალხო მღელვარების ჩასახშობად და სწორედ ამ მიზნით ჩამოვიდა ვინოკუროვი. სერიოზულად ემზადებოდა რუსეთის ძალოვანი სტრუქტურები შეიარაღებული გზით სახალხო მღელვარების შესაძლო ჩახშობისთვის. საინფორმაციო ველი გასუფთავებული და მომზადებული იყო, ყველა და ყველაფერი იყო მზადყოფნაში.

 

სამხრეთ ოსეთის კა-გე-ბეც, რომლის მიღმაც, პრინციპში, იგულისხმება რუსეთის ეფ-ეს-ბე, იმის მიუხედავად, რომ იქ ბევრი თანამშრომელი შერჩეულია სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებიდან. ეს სწორედ რუსეთის ეფ-ეს-ბეს სტრუქტურაა და ამაში სხვა რაიმე ილუზიები არ შეიძლება იყოს. ვინოკუროვი კი ყველა პროცესს ხელმძღვანელობდა, რაც მაშინ სამხრეთ ოსეთში ხდებოდა, მათ შორის, სხვა დანარჩენ ძალოვან სტრუქტურებს, რომლებიც ამაში ჩართული იყვნენ. არც სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი, არც პრემიერ-მინისტრი, არც პარლამენტის სპიკერი, არავინ, – სწორედ ვინოკუროვი ხელმძღვანელობდა ყველა პროცესს. იქ, ასევე, იყვნენ გასუმიანოვი და ვინოკუროვის კიდევ ერთი მოადგილე, გვარს ვერ ვიხსენებ. ისინი ერთად ხელმძღვანელობდნენ ყველაფერს და სამხრეთ ოსეთში იმყოფებოდნენ დაახლოებით ორი კვირის მანძილზე.

 

ანუ, თუკი საქმე მივიდოდა სროლის დაწყებამდე და ღია კონფრონტაციაზე გადასვლამდე, ყველაფერზე პასუხისმგებელი ვინოკუროვი იყო? გამოდის, რომ მისი ნებართვის გარეშე არავინ ესროდა ხალხს, რომელიც მოედანზე იყო შეკრებილი?

 

სერიოზული მზადება იყო იმისთვის, რომ არჩევნები მათი სცენარით ჩატარებულიყო. კავშირის, ინფორმაციის გაჟონვის ყველა შესაძლებლობა დაბლოკილი იყო, ასევე – ყველა შესაძლო “არასწორი” ჟურნალისტის შესვლა იყო დაბლოკილი. ერთი სიტყვით, ყველაფერი იყო მომზადებული იმისთვის, რომ სწრაფად მომხდარიყო ხელისუფლების გადაცემა. მე ამაში პირადად ვმონაწილეობდი. იბლოკებოდა ყველა ოპოზიციური ინტერნეტ-რესურსი, ამასთან, მქონდა კავშირი რუსეთის კავშირგაბმულობის სამინისტროს სპეციალურ განყოფილებასთან, რომლებიც თიშავდნენ საიტებს. მე იქ ვრეკავდი და 15 წუთში ითიშებოდა ნებისმიერი საიტი, რომელიც არ აწყობდა რუსეთის ხელისუფლებას სამხრეთ ოსეთში, “სამხრეთ ოსეთის” “ინტერესებიდან” გამომდინარე.

 

როგორ ფიქრობ, რატომ არ აწყობდა კრემლს ალა ჯიოევას კანდიდატურა?  

 

ჩემი აზრით, კრემლს ალა ჯიოევას კანდიდატურა კი არა, ის ადამიანი არ აწყობდა, ვისთანაც ის ასოცირდებოდა, კერძოდ, ჯამბოლათ თედეევი. თუმცა იქ მიუღებელი იყო ყველა კანდიდატი, რომელიც არ იჩენდა ყველაფერში ისეთ ლოიალობას, როგორც – ანატოლი ბიბილოვი. ის ახდენდა მოსკოვის ხელისუფლების, “დიდ ძმის” მიმართ თავისი წრფელი ერთგულების დემონსტრირებას

 

მაგრამ თედეევი იყო რუსი ჩინოვნიკი, ის ხელმძღვენლობდა რუსეთის ნაკრებს თავისუფალ ჭიდაობაში და ძალიან ლოიალური იყო რუსეთის ხელისუფლების მიმართ.

 

როგორც ჩანს, თედეევი არ იყო ისეთი მორჩილი, როგორც – ბიბილოვი. შედეგად, ჩვენ ვნახეთ ბიბილოვის განცხადებები და მისი ქმედებები რუსეთთან ინტეგრაციის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით. ამიტომაც ვიხილეთ ჩვენ 2011 წლის არჩევნების არალეგიტიმური გაუქმება და არალეგიტიმური განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნები სამხრეთ ოსეთში 2012 წელს (რომლის შედეგადაც თიბილოვი მოვიდა ხელისუფლებაში). არალეგიტიმური იყო ისიც, ვინც იყო პრეზიდენტის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი 2011 და 2012 წლების არჩევნებს შორის პერიოდში. რადგანაც მას, ვინც არ არის სამხრეთ ოსეთის მოქალაქე, არ შეუძლია ასეთი თანამდებობის დაკავება. საუბარია ვადიმ ბროვცევზე. თუმცა ყველაფერი ისე გაკეთდა, როგორც ვინოკუროვმა თქვა. სამხრეთ ოსეთის კონსტიტუციის ნორმები ბევრჯერ დაირღვა და, სამწუხაროდ, გრძელდება დარღვევა.

 

თავს ნებას მივცემ შეგაწყვეტინო და გკითხო ალბერტ ჯუსოევის ფიგურის შესახებ, რატომ არ იყო ეს ფიგურა მისაღები იმავე ვინოკუროვისთვის?

 

სიმართლე გითხრათ, არ ვიცი.

 

ცოტა ხნის წინ მომწერე, რომ მე ერთ-ერთი კოშმარი ვიყავი თქვენი ჯგუფისთვის კოკოითისთან ერთად. რატომ?

 

შენ ძალიან მწვავედ და გესლიანად აღწერდი ყველაფერს, რაც ხდებოდა და მიზანში უტყამდი.

 

იცი, რომ ზეწოლა მხოლოდ ჩემზე კი არა, ჩემს ოჯახზეც ხორციელდებოდა, კონკრეტულად, რობერტ კოკოითის მიერ?

 

დიახ, ვიცი. ყველა ოპოზიციური რესურსისა და სხვადასხვა მედიის ოპოზიციური წარმომადგენლების მიმართ გამოიყენებოდა აბსოლუტურად ყველა შესაძლებლობა მათი სიცოცხლისუნარიანობის გამოსაცდელად.

 

ჩემ გარდა, კიდევ ვინ იყო თქვენთვის კოშმარი?

 

იყო ოპოზიციური რესურსები, რომლებიც სამხრეთ ოსეთის საინფორმაციო ველზე რთულად ხვდებოდნენ, რადგან ჩვენგან იბლოკებოდნენ. ისინი საფრთხეს წარმოადგენდნენ ჩვენთვის.

 

პირადად მე ბევრი საიტი არ ვიცი. იყო დამოუკიდებელი საიტი uasdan.com თავისი ფორუმით, ჯუსოევის ვებგვერდი razma.ru და საიტი uasamonga.ru, რომელიც ეკუთვნოდა სოსლან კოკოევს და ჯამბოლათ თედეევს.

 

მე არ მახსოვს ჯუსოევის მხარდამჭერი ინფორმაციები და მისი საიტი. საინფორმაციო რესურსები – uasdan.com და uacamonga.com, რა თქმა უნდა, კარგად ვიცი, რადგან ისინი ჩვენთვის საფრთხეს წარმოადგენდნენ. ხელისუფლების და მოქალაქეების ინტერესები განსხვავდება. მაშინ ხელისუფლების ყველა ქმედება მიმართული იყო იქითკენ, რომ უფრო მეტი მოეპარათ ხალხისთვის და ამის გასაკეთებლად კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯებსაც დგამდნენ, რომლებიც ისე იყო მოწოდებული, როგორც ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ქმედებები.

 

ხალხის ინტერესების თემაზე კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს: როგორ ფიქრობ, რატომ რჩებოდა ნანგრევებში სამხრეთ ოსეთი, კერძოდ კი, ქალაქი ცხინვალი 2012 წლამდე, არ ხდებოდა ინფრასტრუქტურის, სახლების და გზების მშენებლობა? ამაში მოსკოველი ჩინოვნიკები იყვნენ დამნაშავენი, რომლებსაც უკან მიჰქონდათ რუსული დახმარების დიდი წილი, თუ ამას სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება აკეთებდა განზრახ?  

 

ამაში კრემლიდან გამოგზავნილი ჩინოვნიკების ინტერესები იყო. მოდი, დავბრუნდეთ დასაწყისში, როცა ეს ხდებოდა: 2009 წლის პირველი ნახევარი, გამოცხადებულია, რომ მიმდინარეობს სამხრეთ ოსეთის აღდგენა. საბოლოო ჯამში, სამხრეთ ოსეთის უწყებათაშორისი კომისია ნახევარი წლის მანძილზე იკრიბებოდა, მაგრამ საქმეს არავინ აკეთებდა, ფული არ გამოიყოფოდა. მოსკოველები ამ სიტუაციას ასე უწოდებდნენ: “კლიენტის გაყინვა”. როგორც კი “კლიენტი” “გაყინეს”, ბასირგინმა (რუსეთის რეიონული განვითარების მინისტრმა) რომან პანოვის საშუალებით (კომისიის თავმჯდომარე) შექმნა ვინმე ვადიმ ბროვცევი და პირობა იყო ასეთი: ფულს სამხრეთ ოსეთი მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ პრემიერ-მინისტრად დაინიშნება ბროვცევი. ამგვარად გამოჩნდა სამხრეთ ოსეთში ბროვცევი, რომელიც გახდა პრემიერ-მინისტრი და რომელმაც საიდანღაც მოიყვანა დამლაგებელი, რომელიც სამხრეთ ოსეთის ფინანსთა მინისტრად დანიშნა. ბროვცევის მიერ მოყვანილი ხალხი ერთ ამოცანას ასრულებდა: ყველა სახელმწიფო თანამდებობა უნდა შეევსო რუსებს, ანუ არა – სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს, უნდა მოეხსნათ ყველა თანამდებობიდან ოსი ჩინოვნიკები, რაც უკავშირდებოდა აღდგენითი სამუშაოების საკითხებს. მათ ეს ამოცანა უსიტყვოდ შეასრულეს.

 

და სწორედ ამის შემდეგ, ბოლოს და ბოლოს, მოსკოვმა დაიწყო ფულის გადმორიცხვა?

 

დიახ, ეს სავსებით მართალია. კიდევ ერთი საინტერესო მომენტი იყო მაშინ. იმისთვის, რომ მოსკოვს ბროვცევი მიმზიდველ ჩინოვნიკად ექცია, მასზე სიუჟეტი გაკეთდა კარაულოვის გადაცემაში “სიმართლის დრო”, სადაც სამხრეთ ოსეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ნაჩვენები იყო, როგორც დანგრეული  სამხრეთ ოსეთის აღმშენებელი. ბროვცევის შესახებ ვიდეორეპორტაჟში, რომელიც თითქოს მთელი ძალით ჩაერთო მშენებლობაში, ნაჩვენები იყო კადრები ერთ დროს მშენებარე ჩეჩნეთიდან. კადრებში ჩანდნენ თავსაფრიანი ქალები (საუბარია ქალებზე ხიჯაბებში, რაც არ არის დამახასიათებელი სამხრეთ ოსეთისთვის – ავტ.) ბავშვებთან ერთად, ხელახლა აშენებული მრავალსართულიანი ბინების გვერდით. ქალაქ ცხინვალში კი ასეთი სახლები არაა, რაც ამ სიუჟეტში იყო ნაჩვენები.

ასეთი პიარი დაუკვეთეს ერთ თვეში მას შემდეგ, რაც ბროვცევმა დაიკავა სამხრეთ ოსეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი. ანუ ბასირგინი, პანოვი და სხვები იყვნენ ნაჩვენები ასეთ “შესანიშნავ” გარემოში. სინამდვილეში კი უბრალოდ ფული მოიპარეს. უნდა ითქვას ისიც, რომ ყველა რუსი ჩინოვნიკი არ უჭერდა მხარს ბროვცევსა და ბასირგინს, ისინი ხშირად კამათობდნენ მათთან უწყებათაშორისი კომისიის შეხვედრების დროს, სადაც მათ პირდაპირ ამხელდნენ ფულის ქურდობაში. ეს ფაქტია! თუმცა კრემლის ჩინოვნიკების უმრავლესობას უხაროდა ის, რაც ხდებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი