ახალი ამბები

განმარტება სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციიდან საქართველოს შესაძლო გარიცხვაზე

24 ივნისი, 2015 • • 1927
განმარტება სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციიდან საქართველოს შესაძლო გარიცხვაზე

ეკონომიკის სამინისტროს განმარტებით, ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაცია, რომ საქართველო მოიხსენიება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ე.წ. შავ სიაში, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO) არ აწარმოებს ე.წ. შავ სიას, არამედ ამ ორგანიზაციის მიერ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე პერიოდულად ხდება სხვადასხვა ქვეყნებში განხორციელებული ყოვლისმომცველი აუდიტის შედეგების ასახვა, სადაც ასევე მოცემულია ინფორმაცია უსაფრთხოებასთან დაკავშირებული აუდიტის შედეგების თაობაზეც.

 

სამოქალქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ვებგვერდზე გამოქვეყნებული აუდიტის შედეგები ატარებს მხოლოდ და მხოლოდ ინფორმაციულ ხასიათს და არ გულისხმობს ამ ორგანიზაციის მიერ რომელიმე ქვეყნის რაიმე სახის სიაში განთავსებას, მისი ამ ორგანიზაციიდან გარიცხვას ან სხვა რაიმე სახის შეზღუდვის დაწესებას, განმარტავს ეკონომიკის სამინისტრო.

 

ეკონომიკის სამინისტროს განმარტებით, 24 ივნისის მდგომარეობით, 13 ქვეყნიდან (რომელთაც ICAO-ს ვებგვერდზე აღნიშვნა აქვთ გაკეთებული წითელი დროშის სახით) ევროკომისიას მხოლოდ 5 ქვეყანა ჰყავს შეყვანილი „აკრძალული ქვეყნების“ სიაში და ეს ქვეყნებია – ყაზახეთი, ანგოლა, ჯიბუტი, სიერალეონე და ერიტრეა.

 

ამასთან, საყურადღებოა, განმრატავს ეკონომიკის სამინისტრო, რომ მართალია ICAO–ს ვებგვერდზე სხვა 13 ქვეყანას შორის საქართველოს გასწვრივაც დასმულია სიმბოლო – წითელი დროშის სახით, თუმცა 2013 წლიდან მოყოლებული საქართველოს ე.წ. აკრძალული ქვეყნების სიაში შეყვანის საკითხი არც კი გამხდარა ევროკომისიის ავიაციის უსაფრთხოების კომიტეტის განსჯის საგანი, გამომდინარე იქიდან, რომ საფუძველი, რის გამოც ქვეყანამ მიიღო შენიშვნა აუდიტის შედეგად, ატარებდა შედარებით ფორმალურ ხასიათს, რაც ევროკომისიამაც გაიზიარა.

 

 

 

 

ევროკომისიის სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების კომიტეტი, რომელიც ყოველწლიურად იკრიბება არანაკლებ ორჯერ, დეტალურად, მათ შორის აუცილებლობის შემთხვევაში, ქვეყნის შესაბამისი წარმომადგენლების თანდასწრებით ისმენს და იხილავს იმ საფუძვლებს, რის გამოც  ICAO–ს ოფიციალური ვებგვერდზე ქვეყანას დასმული აქვს სიმბოლო – წითელი დროშის სახით (ეს სიმბოლო ამ ორგანიზაციის მიერ შემოღებულ იქნა 2014 წლიდან) და მხოლოდ ამის შემდეგ მას გამოაქვს გადაწყვეტილება, რომ ქვეყანა ან მისი დროშის ქვეშ ოპერირებადი რომელიმე ავიაკომპანია შეიყვანოს თუ არა ე.წ. აკრძალული ქვეყნების და აკრძალული ავიაკომპანიების სიაში, რომელთაც აეკრძალებათ ფრენების განხორციელება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე.

 

ეკონომიკის სამინისტროს განმარტებით, 2013 წლის ოქტომბერში განხორციელებული ICAO–ს ყოვლისმომცველი აუდიტის შედეგებში, რომელიც მოიცავდა 2007–2013 წლების შემოწმების პერიოდს, დაფიქსირდა ხარვეზი ამ პერიოდში განხორციელებული ავიაკომპანიების სერტიფიცირების პროცესში.

 

ICAO-მ გასცა რეკომენდაცია, რომ მომხდარიყო 2013 წლის 19 აგვისტოს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის #142 ბრძანებით დამტკიცებული „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების დამტკიცების თაობაზე“, ახალი წესის შესაბამისად, საქართველოს დროშით ოპერირებადი მოქმედი სერტიფიკატების მქონე ავიაკომპანიების რესერტიფიცირება საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, რაც თავის დროზე, ბრძანების გამოცემიდან ICAO–ს ყოვლისმომცველი აუდიტის ჩატარებამდე პერიოდში, სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ დროის სიმცირის გამო ვერ მოესწრო.

 

ამ ეტაპზე, 2013 წელს დაფიქსირებული ხარვეზი სრულად არის აღმოფხვრილი და ველოდებით ICAO–ს განმეორებითი აუდიტის ჩატარების თარიღის დანიშვნას, აცხადებს სამინისტრო.

 

აუდიტის შედეგებში დაფიქსირებული ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, 2014 წლის სექტემბერიდან 2015 წლის მაისამდე, საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტებთან კონსალტაციების შედეგად, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ახალი ავიაკომპანიების რეგისტრაციაზე დროებით გამოცხადდა ე.წ. მორატორიუმი და სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ Austro Control–ისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტებთან ერთად და მათი ზედამხედველობით განხორციელდა საქართველოში რეგისტრირებული ავიაკომპანიების რესერტიფიცირება.

 

ეკონომიკის სამინისტრო აცხადებს, რომ ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, უნდა ჩატარდეს ICAO–ს განმეორებითი აუდიტი, რომლის ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია, თუმცა ორგანიზაციასთან მიმდინარეობს კონსულტაციები განმეორებითი აუდიტის დროულად ჩატარების მიზნით.

 

სამინისტროს განცხადებით, 2007 წლიდან 2013 წლამდე ვითარება პროგრესისკენ მიდის. 2007 წლის ივნისში საქართველოში ჩატარებული ICAO–ს ყოვლისმომცველი აუდიტის შედეგების თანახმად, ქვეყნის მიერ შესაბამისი მოთხოვნების შესრულების საერთო მაჩვენებელი იყო 32%, მაშინ, როდესაც 2013 წლის აუდიტის შედეგად იგივე შესრულების მაჩვენებელი დაფიქსირდა 56%.

 

კონკრეტულად ავიაკომპანიების სერტიფიცირებისა და ზედამხედველობის კუთხით 2007 წლის შესრულების მაჩვენებელი იყო 16.94%, ხოლო 2013 წლის აუდიტის შედეგად, იგივე შესრულების მაჩვენებელი აუდიტმა განსაზღვრა 60.43%.

 

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიხედვით, საქართველოს დასმული აქვს წითელი დროშის ნიშანი, რაც გულისხმობს “უსაფრთხოების თვალშისაცემ დარღვევებს, რაც დაკავშირებულია მოკლებულ შესაძლებლობასთან, ქვეყანამ ზედამხედველობა გაუწიოს საჰაერო ოპერატორებს, რომლებიც მისი იურისდიქციის ქვეშ მოქმედებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი