ახალი ამბები

მეწყერსაშიში ზონები აჭარაში

23 ივნისი, 2015 • 5384
მეწყერსაშიში ზონები აჭარაში

 

ტარიელ ტუსკია


ბატონო ტარიელ, არის თუ არა აჭარაში ეკოლოგიურად ცხელი წერტილები შესწავლილი და სად მდებარეობს სახიფათო კერები?

– აჭარაში ძალიან ბევრი ადგილია ასეთი. ბევრ ადგილას გვაქვს მეწყერი და ასეთ კერებს კატასტროფული სიტუაცია შეუქმნიათ აჭარაში. ეს ადგილებია: წაბლანა, ღურტა, ღორჯომის ხეობა [ხულოს მუნიციპალიტეტი], სადაც დიდი მეწყრული პროცესები განვითარდა სხვადასხვა წლებში, რა დროსაც დაიღუპნენ ადამიანები. შეგახსენებთ: 24 ადამიანი დაიღუპა სხალთაში, ღურტაში _ დაახლოებით 16 ადამიანი 1976 წელს, წაბლანაში, 1989 წელს _ 24 ადამიანი [მათ შორის, სამი ბავშვი], ღორჯომში 1988-ში იყო დიდი მეწყერი, ორთაბათუმში მეწყერი განვითარდა 2008 წელს, სადაც 6 ადამიანი დაიღუპა. იმავე წელს ჩამოწვა მეწყერი ჩაქვში, რა დროსაც დავითაძეების ოჯახიდან 6 ადამიანი დაიღუპა… ასეთი კერები აჭარაში ბევრია და ძალიან დიდი საშიშიროებაა ახალი მეწყრული კერების წარმოქმნის.

ხიხაძირის ხეობაში განვითარდა დიდი მეწყერი და მთლიანად გეოლოგიური სიტუაცია შეიცვალა ამ ხეობის. მოგეხსენებათ, წაბლანაში მეწყრული პროცესების დროს უდიდესი, დაახლოებით 800 000 კუბური მეტრი ინერტული მასა ჩამოვიდა და ორი წლის განმავლობაში მდინარე სხალთისგან თითქმის ხელოვნური ტბა შეიქმნა. მერე ნელ-ნელა გაიჭრა ეს ხეობა და მდინარე დაუბრუნდა ძველ კალაპოტს არა, მაგრამ ხელოვნური ტბა ყოველ შემთხვევაში იქ არ გვაქვს. ასევე, ქობულეთში გვაქვს რამდენიმე ასეთი ადგილი, ხუცუბანში, მაგალითად, ამას წინათ განვითარდა მეწყერი. აი, ეს ადგილებია, რომლებიც ქმნიან საშიშროებას.

 

მეწყრული კერების მონიტორინგი თუ ტარდება და რა ინტენსივობით, რამდენად არის რისკები გათვლილი?

 

– მონიტორინგს ჩვენ თითქმის ყველა დღე ვატარებთ სხვადასხვა ადგილზე. თვეში ერთხელ მაინც მივდივართ ხულოში, ქედაში, შუახევში, ქობულეთსა და ბათუმის მიმდებარე ტერიტორიაზე და ვსწავლობთ იმ განცხადებებს, რომლებიც შემოდის მოსახლეობიდან. თითოეული განცხადების დასკვნა წარმოადგენს რეკომენდაციას, სად, რა და როგორ უნდა გაკეთდეს. თუ საცხოვრებელი სახლი გადასატანია, ვეუბნებით, რომ უნდა გადაიტანონ სხვა ადგილას, თუ სხვა ტიპის ღონისძიებებია საჭირო, ამასაც ვუხსნით. მაგალითად, ფერდსამაგრი კედელი თუ უნდა გაკეთდეს და ა.შ. გარდა ამისა, გავდივართ მეწყრულ კერებზე, ვათვალიერებთ, აღრიცხვას ვაკეთებთ, როგორი სიტუაციაა, მომეტებულია თუ არა ნაპრალები.

 

ამ დროისთვის თუ არის აქტიური კერები, რომლებისგანაც მოსახლეობას შეიძლება საფრთხე დაემუქროს?

 

– ასეთი უბნები სადაც არის, ჩვენ, ძირითადად, ყველა გაფრთხილებული გვყავს და მიცემული გვაქვს სათანადო დასკვნა, შეიძლება თუ არა ამ ადგილას ცხოვრება. ბევრი ადგილია ისეთი, რომელიც დაუსახლებელია, მაგრამ მეწყრული პროცესების განვითარების შედეგად შეიძლება გადაიკეტოს მდინარე და მოხდეს ისე, რომ ამ მდინარის უეცრად გახსნამ გამოწვიოს ღვარცოფული ნაკადები, რაც წალეკავს მდინარისპირა სოფლებს. ეს არის დამოკიდებული კლიმატურ პირობებზე. რომ მოვიდეს უხვი ნალექი, როგორც მოხდა თბილისში, რომელიც იწვევს ღვარცოფული და მეწყრული პროცესების გააქტიურებას… ასე არ გვაქვს დადებული მაგიდაზე, რომ გითხრათ, აი, ეს უბანი არის სასწრაფოდ გასაყვანი, მაგრამ როცა არის პროგნოზული შეფასება, ჩვენ ვეუბნებით მოსახლეობას, რომ ცუდ, წვიმიან ამინდში დატოვონ ტერიტორია და გადავიდნენ სხვაგან. ყველა ასეთი სიტუაცია ფაქტობრივად აღრიცხული გვაქვს, მაგრამ ამინდს ჩვენ ნამდვლად ვერ ვაკონტროლებთ, ეს უკვე ბუნებრივ კატაკლიზმებზეა დამოკიდებული.

 

წინასწარი შეტყობინების სისტემა თუ მუშაობს?

– როცა შემოდის განცხადებები, გავდივართ, ვსწავლობთ ადგილზე და თუ იქ საცხოვრებლად საშიში სიტუაციაა, პირდაპირ ვუთითებთ, რომ არ შეიძლება აქ ცხოვრება. ასეთი ვითარების შესახებ ჩვენ ინფორმაციას ვფლობთ, ვიცით, რომელი ოჯახებია გადასაყვანი, რომელია დაკვირვების ქვეშ, რომელი სახლები ექვემდებარება აღდგენა-გამაგრებით სამუშაოებს. ჩვენ ეს გვაქვს კომპიუტერულ სისტემაში აღრიცხული, რისი ნახვაც ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია. ყველა შესწავლილ განცხდებაზე დასკვნას ვუგზავნით გამგეობას, რომელიც თავის მხრივ, ამ დასკვნას აწვდის მოსახლეობას.

2015 წლის მაგალითზე რომ გვითხრათ, რამდენ მოქალაქეს აქვს შემოტანილი განცხადება მეწყერთან დაკავშირებით?

 

– ექვსი თვის მანძილზე სხვადასხვა კატეგორიის 1300 განცხადებაა შემოსული. ზოგი მაღალი რისკის ზონაში მცხოვრებთაგან, არის დაბალი რისკის ზონებიც და ზოგიერთს ტყუილადაც აქვს შემოტანილი. ეს ყველაფერი დახარისხებული გვაქვს. აქედან დაახლოებით 500 განცხადებაა იმ ხალხისგან, ვინც გადასული იყო სხვა რეგიონში საცხოვრებლად და მათი დღევანდელი საცხოვრებელი პირობების შეფასება მოგვთხოვა ჯანდაცვის სამინისტრომ. 2009 წლიდან წელიწადში 1000 განცხადებაზე ნაკლები არ შემოსულა. ჩვენი რეგიონი ამ მხრივ რთული რეგიონია საქართველოში. გეოლოგიურად ძალიან აქტიური ზონაა. 

 

– აჭარაში რამდენიმე ჰესი შენდება. შუახევი ჰესი” გადის მეწყრულ უბნებზე, მაგალითად, ჩანჩხალო, წაბლანა. ასევე ჰესები შენდება ჭოროხზეც…

– ეს გლობალური საკითხია და ამას წყვეტს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო. მითითებულია ზომები, რაც უნდა იყოს მეწყრული კერების პირობებში ჰესების მშნებელობისას, მაგრამ როგორ კეთდება და რა კეთდება, ამას მე ვერ გეტყვით. ჩანჩხალოში რომ დაიწერა განცხადებები, ყველა ოჯახი სათითაოდ მოვიარეთ, ასევე მოხდა სოფელ ახალდაბაში, ამიტომ ინფორმაციას ჩვენ ვფლობთ, მაგრამ კაშხლის ამუშავების შემდეგ რა იქნება და როგორ, ამას, ჯერჯერობით, ვერ გეტყვით. 

 

– რაც შეეხება შავი ზღვის სანაპიროზე აბრაზიულ პროცესებს, აქ რა სიტუაციაა?

-2005-2010 წელს ძალიან აქტიური იყო ეს პროცესები, თითქმის მთლიანად ჩაირეცხა სანაპირო. შემდეგ ინერტული მასალა შეიტანეს და 15-20 მეტრი პლაჟი წარმოიქმნა. იგეგმება დიდი სამუშაოები, აკეთებენ დამბებს და ესეც დიდ შედეგს გამოიღებს საბოლოო ჯამში, თუ ადგილი ექნება შტორმულ პროცესებს.

 

-თუ გახსოვთ, როდის იყო ბათუმში ყველაზე დიდი წყალდიდობა?

– როგორც მე მახსოვს, ყველაზე დიდი წყალდიდობა აჭარაში 2003 წელს იყო, როცა მდინარე აჭარისწყალმა თითქმის ორი მეტრით, გადმოვიდა კალაპოტიდან და ეს იყო კრიტიკული მომენტი, ზღვარზე იყო სიტუაცია. თუმცა საბედნიეროდ ეს დიდხანს არ გაგრძელებულა და დაიწია წყლის დონემ, თორემ დაახლოებით რაც არის მდინარის კრიტიკული ხარჯვა, იმის მაქსიმუმზე იყო მისული. მიზეზი იყო უხვი ატმოსფერული ნალექი. ეს კლიმატურ პირობებზეა დამოკიდებული.

 

აჭარა, დამეწყრილი უბანი სოფელ ჩანჩხალოში

 

მასალების გადაბეჭდვის წესი