ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მასობრივი პროტესტი სომხეთში ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირების გამო [ფოტო]

23 ივნისი, 2015 • • 1523
მასობრივი პროტესტი სომხეთში ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირების გამო [ფოტო]

17 ივნისს სომხეთის საზოგადოებრივი მომსახურების რეგულირების სახელმწიფო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ელექტროენერგიის 6.93 დრამით გაძვირების შესახებ, შესაბამისად, 1 აგვისტოდან, 1 კვტ/სთ ელექტროენერგიის ღირებულება 49 დრამი იქნება.

 

კომისიამ ამ გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა კომპანია “სომხეთის ელექტროქსელების” მოთხოვნა, რომელსაც რუსული კომპანია “ინტერ რაო იესი” მართავს. სომხეთის ელექტროქსელები ელექტროენერგიაზე ტარიფის 17 დრამით გაზრდას  ითხოვდა.

აქცია ერევანში ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირების გამო, 20.06.2015
აქცია ერევანში ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირების გამო, 20.06.2015

ამდენად, ელექტროენერგია სომხეთში უკვე პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის ყველაზე ძვირია, გამონაკლისია მხოლოდ ლიტვა და ლატვია.

 

“ადგილობრივი მეწარმეების  კავშირის” თავმჯდომარის, ვაზგენ საფარიანის მონაცემებით, ევრაზიული ეკონონიკური კავშირის წევრ ქვეყნებშიც კი, რომლის წევრიც მიმდინარე წლიდან გახდა სომხეთი, ტარიფი ორჯერ უფრო იაფია, ვიდრე – სომხეთში.

აქცია ერევანში ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირების გამო, 20.06.2015
აქცია ერევანში ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირების გამო, 20.06.2015

ბელარუსში 1 კვტ/სთ ელექტროენერგია 4.8 ცენტი ღირს, ყაზახეთში – 5, რუსეთში – 6.5, სომხეთში კი 1 კვტსთ ელექტროენერგიის ფასი გაძვირების შემდეგ 10 ცენტზე მეტი იქნება.

 

რა საკეთილდღეო პირობებზე შეიძლება იყოს საუბარი სომხეთის ეკონომიკის კონკურენტურიანობისთვის ამ შემთხვევაში? – შეკითხვა რიტორიკულია.

აქცია ერევანში ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირების გამო, 21.06.2015
აქცია ერევანში ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირების გამო, 21.06.2015

ელექტროენერგიის მორიგი გაძვირების ეპოპეა პირდაპირ უკავშირდება კომპანიის ცუდ მენეჯმენტს, ზედმეტ ხარჯებს ავტომობილების, უძრავის ქონების, სამშენებლო მასალების, სპეცტექნიკის შესაძენად, თანამშრომელთა მომატებულ ხელფასებს.

 

250 მილიონი დოლარის დავალიანება, რომელიც სომხეთის ელექტროსისტემამ დააგროვა, როგორც ჩანს, გადაწყდა, რომ ელექტროენერგიის მომხმარებლების ხარჯზე დაფარონ, რომლებიც ძველი ფასების პირობებშიც რთულ ვითარებაში იყვნენ, თავიანთი შუქის დავალიანება რომ დაეფარათ.

აქცია ერევანში ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირების გამო, 21.06.2015
აქცია ერევანში ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირების გამო, 21.06.2015

სახელმწიფო კომისიამ ჩათვალა, რომ კომპანიის მთელი ვალდებულებებიდან მხოლოდ 24 მილიარდი დრამი (დაახლოებით 50 მილიონი დრამი) წარმოიშვა არასახარბიელო ამინდის პირობების და დოლარის მიმართ სომხური დრამის დევალვაციის გამო. ხელისუფლების აზრით, ვალების დიდი ნაწილი არაეფექტური მენეჯმენტისა და არამიზნობრივი ხარჯების შედეგად დაგროვდა და ეს უნდა დაფაროს თავად რუსულმა კომპანიამ.

აქცია ერევანში ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირების გამო, 22.06.2015
აქცია ერევანში ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირების გამო, 22.06.2015

“2013 წლის ივლისიდან უკვე მესამედ გაძვირდა ელექტროენერგია – გამოდის, რომ ამ ხნის მანძილზე ჩვენთან ელექტროენერგია 61%-ით გაძვირდა. ახლა უნდა ველოდოთ ტოტალურ გაძვირებას ტრანსპორტსა და მომსახურების სხვა სახეობებზე,” – მიიჩნევს საზოგადოებრივი ორგანიზაციია “მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკონსულტაციო ცენტრის” ხელმძღვანელი კარენ ჩილინგარიანი, – “რით შეიძლება ეს დაემუქროს მცირე, არამდიდარ რესპუბლიკას, ამას მხოლოდ ბრმა ვერ დაინახავს. უფრო მეტიც, ფასების ზრდა დაარტყამს არა მხოლოდ არაუზრუნველყოფილ ფენებს მოსახლეობისა, არამედ მეწარმეებს, რომლებიც მზად იყვნენ რაღაც ინვესტიციები ჩაედოთ წარმოებაში, მაგრამ, ცხადაია, ახლა ამას არ იზამენ”. ექსპერტი ასევე მიიჩნევს, რომ ქვეყნის ეკონომიკა უდიდეს დარტყმას მიიღებს.

აქცია ერევანში ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირების გამო, 22.06.2015
აქცია ერევანში ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირების გამო, 22.06.2015

აღშფოთებული მოქალაქეები გამოვიდნენ ქუჩაში მოთხოვნებით, რომ არა მხოლოდ დააბრუნონ ძველი ფასები, არამედ გადაიხედოს და გაიაფდეს ეს ფასები. 17 ივნისიდან დღემდე ერევანსა და გიუმრიში იმართება მასობრივი საპროტესტო აქციები. ხალხი აღშფოთებულია იმით, რომ სომხეთის მთავრობამ ვერ შეძლო რუსული კომპანიის მადის დაოკება, რაც, მათი აზრით, ნიშნავს იმას, რომ ისინი შესაძლოა შეთანხმებული არიან.

 

რაც შეეხება სომხეთის ელექტროსისტემას, უფრო ზუსტად კი მის გენერალურ დირექტორს, ევგენი ბიბინს, ის მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებამდე ფაქტობრივად ულტიმატუმით გამოვიდა. კომისიისადმი წერილში მან განაცხადა, რომ თუკი კომისია არ დააკმაყოფილებდა მათ მოთხოვნას, “კომპანია ვერ შეძლებს, რომ დააკმაყოფილოს აუცილებელი მოთხოვნები მიწოდებული ელექტროენერგიის ხარისხისა და საიმედოობის კუთხით, ასევე, უზრუნველყოს შესაბამისი ინვესტიციები, რომლებიც მიმართული იქნება მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისკენ”. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბიბინი დაიმუქრა, რომ გათიშავს შუქს!

 

წერილიდან ნათლად გამოჩნდა, რომ სხვა საკითხებთან ერთად სომხეთის ელექტროსისტემას შეუძლია გადახედოს სომხეთში მისი საქმიანობის მიზანშეწონილობის საკითხი.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ ევგენი ბიბინმა არც იკადრა პირადად დასწრებოდა არა მხოლოდ მარეგულირებელი კომისიის სხდომას, არამედ წინა დღით პარლამენტის სპეციალურ სხდომას, სადაც განიხილებოდა ტარიფის გაზრდის საკითხი. ასეთი საქციელი მიუღებლად მიიჩნიეს, როგორც მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ, ისე – დეპუტატების უმრავლესობამ.

 

აქედან გამომდინარე, იყო გარკვეული იმედი იმისა, რომ შესაძლო სოციალური ბუნტის გათვალისწინებით, რუსული კომპანიის გენდირექტორის თავხედური ქცევა და საკუთრივ ქვეყნის ეკონომიკის რეალიების ფონზე, მთავრობას შესაძლებლობას აძლევდა უარი ეთქვა სომხეთის ელექტროსისტემის განაცხადის დაკმაყოფილებაზე.

 

თუმცა ეს ასე არ მოხდა. ხალხი მიტინგზე და საპროტესტო მსვლელობებზე უსაფუძვლოდ არ საუბრობს იმის შესახებ, რომ სომხეთის ხელისუფლებას არ შეუძლია შეეწინააღმდეგოს რუსეთს და მის ინტერესებს არც ერთ სფეროში.

 

ის, რომ ელექტროენერგიის საფასური არ უნდა გაიზარდოს და არსებული ტარიფით ნორმალურ კომპანიას შეეძლო მოგებაზე ემუშავა, უდავოა. კომისიამაც კი აღიარა, რომ გაზრდის მიზანი იყო მხოლოდ ვალის დაფარვა, რომელიც დაგროვდა წარსულში, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ტარიფით კომპანია მუშაობდა მოგებაზე და დამატებითი თანხები მიემართება მხოლოდ ადრე დაგროვილი ვალის დაფარვაზე.

 

ვალი კი დაგროვდა იმის გამო, რომ თითქოს იყო გვალვა და ატომური ელექტროსადგური იყო რემონტში წინასწარ გათვალისწინებულ დროზე დიდხანს. წყლის ნაკლებობისა და ატომური სადგურის ხანგრძლივი გაჩერების მიზეზით 2013-14 წლებში ელექტროენერგიის ტარიფი უკვე გაიზარდა. ეს წელი კი, პირიქით, ძალიან წვიმიანი იყო. ჰიდროელექტროსადგურები ახლა მუშაობენ მთელი ძალით, მაგრამ ამაზე არავინ საუბრობს. ასე რომ, საქმის არსი მდგომარეობს ელექტროენერგიის დანაკარგში, რაც დაუშვა თვითონ კომპანიამ, მაგრამ ამ დანაკარგის შემცირებისთვის, როგორც ჩანს, არაფერს აკეთებს. თუკი დანაკარგი შემცირდებოდა, ეს დაწევდა საკუთრი ელექტროენერგიის თვითღირებულებას.

 

მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ თუკი დოლარის კურსს რაიმე საშინელება არ მოუვა და თუ არ იქნება ძალიან მშრალი ამინდები, არ არის გამორიცხული, რომ მომავალ წელს შემცირდეს 4 დრამით ტარიფი. თუმცა ამის ნაკლებად სჯერა ვინმეს – სომხეთში რაიმე თუ გაძვირდა, ის არასდროს აღარ იაფდება.

 

უფრო მართებული იქნებოდა სომხეთის ელექტროსისტემაზე ზეწოლა, რომ შეემცირებინათ დაუსაბუთებელი და აშკარად გადაჭარბებული ხარჯები. შეემცირებინათ თავიანთი ხელფასები, ასევე თანამშრომლების შტატები და შიდა ეკონომიის ხარჯზე დაეფარათ თავიანთი ვალი. ეს არ გაკეთებულა და ახლა ყველაფრისთვის გადახდა რიგით მომხმარებელს და ქვეყნის ეკონომიკას მოუწევს.

სპეცრაზმი მომიტინგეების წინააღმდეგ ერევანში, 22.06.2015
სპეცრაზმი მომიტინგეების წინააღმდეგ ერევანში, 22.06.2015

როგორც არ უნდა იყოს, სომხეთში ელექტროენერგიის განაწილების სფეროში მონოპოლისტმა კომპანიამ – სომხეთის ელექტროსისტემამ თავის მიზანს, თუნდაც ნაწილობრივ, მაგრამ მაინც მიაღწია. რამდენად შევა ჩიხში ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა აგვისტოს შემდეგ, ამას ახლო მომავალი გვიჩვენებს. იმაში, რომ ახალი სირთულეები იქნება, ეჭვი არავის ეპარება. რუსული კომპანიისა და მისი პოლიტიკის წინააღმდეგ აქციები გრძელდება.


სტატია მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი