ახალი ამბები

ზოოპარკის გაუქმების მოთხოვნით აქცია გაიმართა

21 ივნისი, 2015 • 4931
ზოოპარკის გაუქმების მოთხოვნით აქცია გაიმართა

მერიის შენობის წინ შეკრებილი ადამიანები მიიჩნევენ, რომ ზოოპარკის არსებობა მხოლოდ ადამიანის გართობის მიზანია. როგორც ისინი აცხადებენ, ცხოველების შესწავლა ინტერნეტით და ტელევიზიითაც შესაძლებელია. ზოოპარკის მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენლები თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაციას უკვე რამდენიმე წელია ადანაშაულებს ცხოველების არასათანადო პირობებში ყოლისთვის.

აქცია ზოოპარკის გაუქმების მოთხოვნით, თბილისის მერია, 21.06.2015
აქცია ზოოპარკის გაუქმების მოთხოვნით, თბილისის მერია, 21.06.2015

არასამთავრობო ორგანიზაცია Vegan Georgia-ს ერთ-ერთი წევრი, ირაკლი კიკილაშვილი ამბობს, რომ ამ ინფორმაციის დოკუმენტურად დადასტურება შეუძლია, თუმცა მის მიერ ნაჩვენებ ფოტოებზე აღბეჭდილი ვოლიერების დათვალიერება უკვე შეუძლებელია. მისი თქმით, თბილისის ზოოპარკში ცხოველები არასათანადო პირობებში იმყოფებოდნენ, რომლებსაც არ შეუძლიათ ნორმალურად მოძრაობა და ცხოვრება ვოლიერებში.

 

”ნაკრძალის აშენება მიგვაჩნია, რომ არის ყველაზე კარგი, ოპტიმალური ვარიანტი. მიმაჩნია, რომ გასაზიარებელი არის. ეს უნდა გაიგოს საზოგადოებამაც, მთავრობამაც, რომ ეს იქნება ყველაზე უკეთესი ვარიანტი, თუ ცხოველები იქნებიან მათთვის უფრო შესაფერის ადგილას და ასევე ეს იქნება ბევრად უფრო უსაფრთხო საზოგადოებისთვის. ამ დღეებში ჩვენ ვნახეთ, რომ ზოოპარკი ნამდვილად არ არის უსაფრთხო,” – ამბობს კიკილაშვილი.

ამავე არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ვახტანგ უშვერიძე მოითხოვს, რომ ის თანხები, რომელიც იხარჯება ყოველწლიურად ზოოპარკის შესანახად და ამ ეტაპზე ახალი ზოოპარკისთვის გამოყოფილი თანხებიც მოხმარდეს წყალდიდობის შედეგად დაზარებულ მოქალაქეებს. მისი თქმით, ეს თანხები ასევე უნდა მოხმარდეს ქალაქში პარკების და სკვერების მოწყობას და სარეკრეაციო ზონების აღდგენას. როგორც უშვერიძე ამბობს, თბილისის შემოგარენში ძალიან ბევრი ადგილია, სადაც შეიძლება ნაკრძალის განთავსება:

 

”ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რომ საერთოდ გაუქმდეს ზოოპარკი. ჩვენ ვეუბნებით – არა ზოოპარკს! არსებობს ზოოპარკის ალტერნატიული პროექტი – ეს არის ძალიან დიდ ფართობზე გაკეთებული ნაკრძალი, სადაც ცხოველები იქნებიან თავისუფლად, დამთვალიერებლები – გალიაში და ისე დაათვალიერებენ. ეს შეიძლება, მაგრამ ისეთი ზოოპარკი, როგორიც ჩვენ გვქონდა, არის კომუნისტური გადმონაშთი და ეს უნდა აიკრძალოს. თბილისის შემოგარენში ძალიან ბევრი ადგილია, სადაც შეიძლება განთავსდეს ასეთი ზოპარკი, ანუ, ნაკრძალი. თვითონ ქალაქში არ არის მიზანშეწონილი.”

 

თბილისის ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, მზია შარაშიძე Vegan Georgia-ს და ზოოპარკის მონიტორინგის ჯგუფის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს. მისი თქმით, ამ ორგანიზაციას დიდი ხანია იცნობს ზოოპარკის ადმინისტრაცია, თუმცა ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის მათთან თანამშრომლობა შეწყვიტეს: ”ჩვენ ამ ორგანიზაციას დიდი ხანია ვიცნობთ. ისინი მონიტორინგს ანხორციელებდნენ ზოოპარკში და იმიტომ დავითხოვეთ, რომ ცრუ და დაუსაბუთებელ ინფორმაციას ავრცელებდნენ. მათ საზოგადოება ყოველთვის შეცდომაში შეყავდათ.”

 

შარაშიძის განცხადებით, ორგანიზაციაში აუცილებელია, რომ იყვნენ კომპეტენტური პირები, თუმცა, მისი თქმით, მათ არ ჰყავთ გეოლოგები და ეკოლოგები. როგორც ზოოპარკის წარმომადგენელი აცხადებს, ამ გაერთიანებაში მსგავსი პროფესიის ადამიანები არ არიან გაწევრიანებული და მხოლოდ ისინი აქტიურობენ, რომლებსაც არ აქვთ ამომწურავ ინფორმაციას ცხოველების შესახებ:

 

”ხშირად გვქონია მათთან საუბარი იმაზე, რომ მხოლოდ ცხოველების სიყვარული არ არის საკმარისი მათი კეთილდღეობისთვის. იმიტომ, რომ ძალიან ხშირად ისეთ რაღაცებს ითხოვდნენ, რაც ცხიველებისთვის არ იყო კარგი. მაგალითად, ერთ შემთხვევას გავიხსენებ: ითხოვდნენ, რომ მარტორქას აუცილებლად უნდა ჰქონოდა საცურაო აუზი ვოლიერში, თუმცა ნებისმიერმა ზოოლოგმა და ბიოლოგმა იცის, რომ ამ ცხოველს არ სჭირდება საცურაო აუზი იმიტომ, რომ ის არ ცურავს. მსგავსი ბრალდებები არაერთხელ მოგვისმენია მათგან. საბოლოო ჯამში, მთავრდებოდა იმით, რომ წლის ბოლოს საპროტესტო აქციას მართავდნენ და მთელი მათი აქტივობა შემოიფარგლებოდა ამით. მათთან ძალიან ხშირად გვქონია საუბარი, რომ არც ერთი ადამიანი არ მუშაობს და ვერც იმუშავებს, ვისაც ცხოველები არ უყვარს. თუ მართლა ცხოველების მოყვარულები ბრძანდებიან, ჩვენ ვთავაზობდით, გაგვეერთიანებინა ჩვენი ძალები და ცხოველებისთვის ერთად გაგვეკეთებინა კარგი საქმე. თუმცა, ძირითადად, მათი აქტივობა შემოიფარგლებოდა დაუსაბუთებელი და ცრუ ბრალდებების გავრცელებით და პირადი შეურაცხყოფებით. ამიტომაც დავითხოვეთ ზოოპარკიდან და შევწყვიტეთ მათთან ურთიერთობა.”

 

მოთხოვნას,ზოოპარკის ბინადარი ცხოველების ბუნებრივ გარემოში დაბრუნების შესახებ ზოოპარკის წარმომადგენელი უვიცობის პიკს უწოდებს: ”ნებისმიერმა ზოოლოგიის და ბიოლოგიის ფაკულტეტის პირველკურსელმა იცის, რომ ზოოპარკში ხელით გაზრდილი ცხოველის ბუნებაში დაბრუნება შეუძლებელია. ამიტომ სერიოზულად უკვე არც ღირს მათი განცხადებების აღქმა. ნებისმიერ პროფესიონალს შეუძლია მათთან შეკამათება.”

 

თბილისის ზოოპარკის გაუქმების მოთხოვნით 16 ივნისს შეიქმნა პეტიცია, რომელსაც ამ დროისთვის 1700-მდე ადამიანი აწერს ხელს, ხოლო ამავე მოთხოვნით დღევანდელ აქციაზე დაახლოებით 30 ადამიანი გამოვიდა მერიის შენობასთან. აქცია Facebook-ზე რამდენიმე დღის წინ დაანონსდა. ორგანიზატორები ამბობენ, რომ მათ თავდაპირველად ზოოპარკის ტერიტორიაზე სურდათ აქციის ჩატარება, თუმცა იქ ახლა გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც მერიის შენობასთან გადმოინაცვლეს. ისინი ამბობენ, რომ მერიის წინ უფრო ბევრი ადამიანის გამოსვლას ელოდებოდნენ.

აქცია ზოოპარკის გაუქმების მოთხოვნით, თბილისის მერია, 21.06.2015
აქცია ზოოპარკის გაუქმების მოთხოვნით, თბილისის მერია, 21.06.2015

 

დღეის მონაცემებით, თბილისის ზოოპარკში 13 ივნისის სტიქიის შედეგად გაქცეულ ზოლებიან აფთარსა და ვეფხვს ეძებენ. სტიქიის შედეგად დატბორილ ზოოპარკში ცხოველების ნაწილი დახურულ ვოლიერებში დაიხრჩო, ნაწილი კი გაიქცა. გაქცეულ ცხოველთაგან ნაწილი უკან დააბრუნეს, ნაწილი კი – მოკლეს.

 

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ახალი ზოოპარკი თბილსის ზღვის მიმდებარე ტერიოტორიაზე აშენდება.

 

თბილისში 13 ივნისს ღამით მომხდარ სტიქიას, დღევანდელი მონაცემებით, 19 ადამიანი შეეწირა, 3 კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სტიქიისგან მიყენებული ზარალი 100 მილიონ ლარს აჭარბებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი