ახალი ამბები

თეა წულუკიანი: გვინდა პატარა გოგონები დავიცვათ ზრდასრული კაცების მხრიდან ძალადობისგან

19 ივნისი, 2015 • 1474
თეა წულუკიანი: გვინდა პატარა გოგონები დავიცვათ ზრდასრული კაცების მხრიდან ძალადობისგან

 

 “ეს კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ შეაჯამოს თავისი შედეგები ევროპულ გზაზე და ევროკავშირის თუ სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ სტუმრებს აჩვენოს, რომ  საქართველო ევროპულ გზაზე დგას და რომ ჩვენი მთავრობა მუშაობს ჩვენი მომავალი თაობებისთვის, რათა მათ კარგი მომავალი დავუტოვოთ”. 


თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას კომენტარი გააკეთა ე.წ. კაბელების საქმეზეც: “როგორც კი 16 ივნისს სასამართლომ პროკურატურის მტკიცებულებები სცნო დასაშვებად, პროკურატურამ ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის სტანდარტის დაცვით თქვა, რომ ეს ადამიანები აღარ არიან საჭირო ციხეში და მათ შეუძლიათ საკუთარ განაჩენს დაელოდონ შინ, ოჯახთან ერთად. თუკი ისინი იქნებიან ცნობილი დამნაშავედ, დაბრუნდებიან ციხეში ან იქნებიან გამართლებულები. მე მივესალმები პროკურატურის ამ ძლიერ და ევროპული სტანდარტებით გამყარებულ პოზიციას. მიხარია, რომ ისინი ძლიერდებიან და რომ მათი პრაქტიკა ძლიერდება” – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა. 


 თეა წულუკიანმა კომენტარი გააკეთა ქალთა წინააღმდეგ ძალადობის პრევენციის მიზნით 20-მდე კანონში ცვლილებების შესვლის შესახებაც და განაცხადა, რომ ცვლილებების მიზანია გამკაცრდეს ზოგიერთი კანონი ისე, რომ მათ გადამარწმუნებელი ეფექტი ჰქონდეთ:  


“ჩვენ შარშან ხელი მოვაწერეთ სტამბულის კონვენციას, რომელიც  მიმართულია ოჯახში ძალადობისა და ქალის წინააღმდეგ ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრისაკენ. ახლა საჭიროა ამ კონვენციის რატიფიკაცია, მაგრამ ეს ვერ მოხდება, თუ ჩვენ არ შევიტანეთ ცვლილებები და სადაც საჭიროა იქ და არ გავამკაცრეთ კანონი.


პრაქტიკულად შემუშავებულია ქალებისთვის, მათი უფლებების დასაცავად ძალიან მასშტაბური და მე ვიტყოდი  რევოლუციური ცვლილებათა პაკეტი, რომელზეც საჯარო დისკუსია ჩვენ  ორი დღის წინ დავიწყეთ, მათ შორის რაიონებშიც გავმართავთ შეხვედრებს იმისთვის, რომ ჩვენმა ქალებმა  გაიგონ, თუ რა ახალი უფლებები ექნებათ. მაგალითად ის, რომ უფრო მკაცრად უნდა ისჯებოდეს არასრულწლოვანი გოგონების ქორწინება იმიტომ, რომ ეს დაუშვებელია. დღეს ეს ისჯება, მაგრამ არასათანადოდ. სანქცია უნდა იყოს ალბათ უფრო მკაცრი, რომ გადამარწმუნებელი ეფექტი ჰქონდეს. ჩვენ გვინდა, რომ ფსევდო-ტრადიციები, რომლებიც ბავშვზე, 10-11-13 წლის გოგონაზე ძალადობას გულისხმობს და რომლებიც ზოგიერთ თემებში დღემდე ხორციელდება – აღარ იყოს.  გვინდა, რომ პატარა გოგონები დავიცვათ ზრდასრული კაცების მხრიდან ძალადობისგან. ჩვენ ასევე გვინდა, რომ არსებობდეს მონიტორინგის კარგი მექანიზმი იმიტომ, რომ ერთია შემოვიტანოთ კარგი ნორმები, მაგრამ მეორეა ამ კარგი ნორმების იმპლემენტაცია. ჩვენ როდესაც ამ კონვენციის რატიფიკაციას მოვახდენთ, მინდა ყველა ქალს საქართველოში სჯეროდეს, რომ მისი უფლებები დაცულია” – განაცხადა წულუკიანმა. 



მასალების გადაბეჭდვის წესი