ახალი ამბები

შსს: საქართველოში ISIS-ის წარმომადგენელი და მისი თანამზრახველები დააკავეს

15 ივნისი, 2015 • 2185
შსს: საქართველოში ISIS-ის წარმომადგენელი და მისი თანამზრახველები დააკავეს

შსს–ს ინფორმაციით, სოფელ ჯოყოლოში მცხოვრები 36 წლის აიუფ ბორჩაშვილი  სოფელ გომბორის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. მათი განცხადებით, აიუფ ბორჩაშვილი საქართველოში სირია-ერაყის ტერიტორიაზე მოქმედი ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენელია. 

 

დანარჩენი სამი ბრალდებული, 22 წლის გიორგი კ, 19 წლის გიორგი ხ. და  24 წლის დავით ფ. კი თბილისში დააკავეს. უწყების ცნობით, ისინი სირიაში, საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად აპირებდნენ გამგზავრებას.

 

უწყების ცნობით, ამ პირების ბრალდება ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრებისათვის გადაბირებას, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას ითვალისწინებს.



 

 

შსს–ს განცხადებით, ბორჩაშვილი ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანების მიზნით მოქალაქეების გადაბირებას ახდენდა და შემდგომში საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად მათ სირიაში გამგზავრებას უზრუნველყოფდა.

 

“დადგინდა, რომ აიუფ ბორჩაშვილმა, თავისი თანამზრახველების დახმარებით, სხვადასხვა რელიგიური ლიტერატურის, ინტერნეტ-საიტების და სოციალურ ქსელში არსებული ჯგუფების გამოყენებით გადაიბირა პანკისის ხეობაში მცხოვრები, არასრულწლოვანი მუსლიმ კუშტანაშვილი და რამზან ბაღაკაშვილი. 2015 წლის 2 აპრილს აღნიშნული პირები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან თურქეთის მიმართულებით, ქალაქ სტამბულში გაემგზავრნენ. თურქეთში მათ აიუფ ბორჩაშვილის თანამზრახველები დახვდნენ და მათი დახმარებით მუსლიმ კუშტანაშვილი და რამზან ბაღაკაშვილი სირიაში, „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში გადავიდნენ,”– აცხადებს შსს.

 

შსს–ს განცხადებით, აიუფ ბორჩაშვილმა და მისმა თანამზარხველებმა მოახდინეს იდეოლოგიური ზემოქმედება საქართველოს სხვა მოქალაქეებზე, რომლებიც ვაჰაბიზმის მიმდევრები გახდნენ.

 

“თბილისში გიორგი კ. დააკავეს, რომელსაც თურქეთის მიმართულებით ავიაბილეთები ჰქონდა შეძენილი და აიუფ ბორჩაშვილის დახმარებითა და ორგანიზებით სირიაში გადასასვლელად ემზადებოდა. შსს-ს კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სასაზღვრო კონტროლის გავლის დროს, გიორგი ხ. და დავით ფ. დააკავეს. აღნიშნული პირები ასევე აიუფ ბორჩაშვილის ორგანიზებით თურქეთის მიმართულებით მიემგზავრებოდნენ, საიდანაც სირიაში, საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად გადავიდოდნენ,”– ნათქვამია შსს–ს განცხადებაში.


სპეცოპერაცია პანკისის ხეობაში გუშინ ჩატარდა

 

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 327 პრიმა და 328-ე მუხლებით მიმდინარეობს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი