ახალი ამბები

პარლამენტში გენდერული კვოტირების საკანონმდებლო წინადადება შეიტანეს

10 ივნისი, 2015 • • 1664
პარლამენტში გენდერული კვოტირების საკანონმდებლო წინადადება შეიტანეს

როგორც ნეტგაზეთს არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” იურისტმა ნინო ჯანაშიამ განუცხადა, საკანონმდებლო წინადადების მიხედვით, ცვლილებები მხოლოდ პროპორციულ სიებს ეხება და არა მაჟორიტარულ წესს:

 

დღევანდელი მონაცემებით, პროპორციული საარჩევნო სიით 150-მანდატიან პარლამენტში 77 დეპუტატი ხვდება. არასამთავრობოების წინადადებით პარტიების მიერ წარმოდგენილი საარჩევნო სიებიდან მინიმუმ 50 პროცენტი ქალი უნდა იყოს (სიაში პარტიებმა ქალი და კაცი მონაცვლეობით უნდა ჩაწერონ). გამომდინარე იქიდან, რომ სავალდებულო კვოტირება მაჟორიტარებს არ ეხებათ, ეს, ჯამში, პარლამენტში ქალთა მინიმუმ 25-პროცენტიან მონაწილეობას (სულ დაახლოებით 37 დეპუტატი) უზრუნველყოფს. დღეისათვის საქართველოს პარლამენტის 150 წევრიდან მხოლოდ 17-ია ქალი, ანუ, ჯამში, 11.3%. ინტერ-საპარლამენტო კავშირის 2015 წლის მონაცემებით, ამ შედეგით საქართველო მსოფლიოში 106-ე ადგილს იკავებს.

 

“მოგეხსენებათ, იმ სერიოზული დისბალანსის შესახებ, რომელიც უკვე დიდი ხანია არსებობს საქართველოს წარმომადგენლობით ორგანოებში, იქნება ეს პარლამენტი თუ საკრებულოები. ამ დისბალანსის აღმოსაფხვრელად აუცილებელია არსებობდეს დროებითი სავადლებულო მექანიზმი – გენდერული კვოტა და ამით გავაუმჯობესოთ ქალთა წარმომადგენლობა ამ ორგანოებში. ამ ეტაპზე არ ვეხებით მაჟორიტარულ სიას. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საარჩევნო რეფორმის ფარგლებში მაჟორიტარების საკითხი სხვანაირად გადაწყდება. ჩვენ ვეხებით მხოლოდ პროპორციულ სიას, სადაც 50-პროცენტიანი სავადლებულო გენდერული კვოტირება უნდა იყოს”, – ამბობს იურისტი და დასძენს, რომ ისინი ოპტიმისტურად არიან განწყობილნი:

 

“ჩვენ ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ პარლამენტი ამ კანონს მიიღებს”.

 

არასამთავრობოებმა საკანონმდებლო წინადადება პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე შეიტანეს, რომელსაც, რეგლამენტის მიხედვით,  რომელიმე საპარლამენტო კომიტეტს გადასცემს. სწორედ კომიტეტი გადაწყვეტს, იქცევა თუ არა არასამთავრობოების წინადადება კანონპროექტად და დაიწყება თუ არა საპარლამენტო განხილვები.

 

გენდერული კვოტირების ფარგლებში არასამთავრობოები იმ მექანიზმის გაუქმების ინიციატივით გამოდიან, რომელიც სიებში ქალთა შესაბამისი წარმომადგენლობის შემთხვევაში გარკვეულ ფინანსურ წახალისებას ითვალისწინებს.


8 მარტის მსვლელობა - მეტი ქალი პარლამენტში/ფოტო: ქალთა მოძრაობა Georgian Women
8 მარტის მსვლელობა – მეტი ქალი პარლამენტში/ფოტო: ქალთა მოძრაობა Georgian Women’s Movement-ის ფეისბუკ-გვერდიდან


ამ საკითხებზე პარტიების ხედვების შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ. გენდერულ კვოტირებას მხარს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილიც უჭერენ.


ზემოხსენებული საკანონმდებლო წინადადების ინიციატორი სულ 9 არასამთავრობო ორგანიზაციაა, მათ შორის: სამართლიანი არჩევნები, საია, კავშირი საფარი, “გენდერული სამართლიანობა”, ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი