ახალი ამბებისამართალი

ოქროპირიძეს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

9 ივნისი, 2015 • 1430
ოქროპირიძეს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

პროკურატურა ოქროპირიძეს ცრუ დასმენაში ადანაშაულებს. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებამ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვა.

პროკურორების განცხადებით, არსებობს საფუძველი, რომ თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში ოქროპირიძე განაგრძობს დანაშაულის ჩადენას, ხელს შეუშლის გამოძიებას და ზეგავლენას მოახდენს პროცესის მონაწილეებზე. პროკურორმა ასევე განაცხადა, რომ 2009 წლის 25 ოქტომბერს, ხულიგნობის ჩადენის შემდეგ ოქროპირიძე მიიმალა და თავი აარიდა მართლმსაჯულებას, ასევე, მიიმალა ლაშა მახარაძის მკვლელობის შემდეგაც, ამიტომ, მათი განცხადებით, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ოქროპირიძე კვლავ მიიმალება იმ შემთხვევაში, თუკი აღკვეთის სახით ნაკლებად მკაცრ ღონისძიებას გამოიყენებენ.

დაცვის მხარემ მოითხოვა, რომ ოქროპირიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიება საერთოდ არ იყოს გამოყენებული. ადვოკატის განცხადებით, 12 ივნისს ეწურებოდა ოქროპირიძეს წინასწარი პატიმრობის 9-თვიანი ვადა და პროკურატურამ შემოიტანა ახალი, უსაფუძვლო ბრალდება, რათა ის კვლავ პატიმრობაში დაეტოვებინა.

თავად გიორგი ოქროპირიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მისთვის ახალი ბრალის წაეყენება პროკურატურას პრემიერ–მინისტრმა დაავალა.

“პრემიერი გამოდის და ამბობს, ყველაფერი ქენით, რომ გიორგი ოქროპირიძე არ გამოვიდეს ციხიდანო. იმის მერე შეიქმნა ეს ბრალდება,” – განაცხადა ოქროპირიძემ.

პროკურატურამ 8 ივნისს ოქროპირიძეს ახალი ბრალი წარუდგინა ცრუ დასმენის მუხლის მიხედვით. მას 2015 წლის 12 ივნისს წინასწარი პატირმობის ვადა ეწურებოდა, რადგან 5 ივნისს გამართულ სხდომაზე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ვერდიქტი ვერ გამოიტანა ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე. ამიტომ, მას იმ დრომდე უნდა დაეტოვებინა საპატიმრო, სანამ ამ საქმის სასამართლო განხილვა დასრულდებოდა.

ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობის შერჩევა 10 ივნისს არის დაგეგმილი.

გამოძიების ცნობით, 2014 წლის 2 სექტემბერს, ღამით, თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა 1987 წელს დაბადებულ ლაშა მახარაძეს, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა, გიორგი ოქროპირიძე კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გამოძიება გიორგი ოქროპირიძის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებებით, სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

28 ივლისისთვის ჩაინიშნა წინასასამართლო სხდომა გიორგი ოქროპირიძის მიერ ცრუდასმენის საქმეზე, რომელიც ეხება მის მიერ სახალხო დამცველისთვის პატიმრობის დროს მიწოდებულ ინფორმაციას მასზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შესახებ, რომელიც გამოძიების ცნობით, არ დადასტურდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი