ახალი ამბები

აფთიაქებში მომხმარებლების საუბრის უკანონო ჩაწერის გამო სამი კომპანია დააჯარიმეს

1 ივნისი, 2015 • • 2071
აფთიაქებში მომხმარებლების საუბრის უკანონო ჩაწერის გამო სამი კომპანია დააჯარიმეს

ინსპექტორის გადაწყვეტილებით, სამივე კომპანიას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ჯარიმის გარდა დაევალა აუდიომონიტორინგის განხორციელების შეწყვეტა და მოპოვებული მასალის სრულად განადგურება 2015 წლის 1 ივლისამდე.

 

ინსპექტორის ინფორმაციით, 365 აფთიაქში 24-საათიან რეჟიმში დახლზე განთავსებული მიკროფონის საშუალებით ხორციელდებოდა მოქალაქეებსა და ფარმაცევტებს შორის კომუნიკაციის აუდიოჩაწერა მომსახურების ხარისხის კონტროლის მიზნით, თუმცა ბევრ აფთიაქში არ იყო განთავსებული აუდიოკონტროლის მიმდინარეობის შესახებ გამაფრთხილებელი ნიშანი.

 

აფთიაქი/www.mypharmacare.ca-ს ფოტო
აფთიაქი/www.mypharmacare.ca-ს ფოტო

ინსპექტორის თქმით, ადგილზე მომხმარებელთა გამოკითხვის დროს გამოიკვეთა, რომ ისინი არ იყვნენ ინფორმირებულნი  მედიკამენტების თუ პირადი ჰიგიენის ნივთების შეძენის დროს ფარმაცევტთან ან კონსულტანტთან მათი კომუნიკაციის, ისევე, დახლთან ლოდინისას  სატელეფონო თუ პირადი საუბრის ჩაწერის შესახებ. 

 

იმის მიუხედავად, რომ სააფთიაქო ქსელებს აქვთ კანონიერი მიზანი – აკონტროლონ სააფთიაქო ქსელში მომსახურების ხარისხი,  ამ ფორმითა და მასშტაბით  მონაცემთა დამუშავება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ არ იქნა მიჩნეული კანონიერი მიზნის ადეკვატურ და პროპორციულ საშუალებად, აცხადებს ინსპექტორი.

 

„ვიმედოვნებთ, რომ მიღებული გადაწყვეტილება დროულად აღსრულდება და ორგანიზაციები უზრუნველყოფენ სამართლიანი ბალანსის დაცვას მათი ინტერესებისა და მოქალაქეთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას შორის“ – განაცხადა თამარ ქალდანმა. 

 

თამარ ქალდანი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით კომპანიები იყენებენ სხვა მეთოდებს, როგორიცაა „მისტიური მომხმარებლი“, ცხელი ხაზი, პრეტენზიის ფორმა, რაც დასაქმებულთა და მომხმარებელთა პირად ცხოვრებაში ნაკლებ ჩარევას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი