ახალი ამბები

წნორელი ახალგაზრდობა კულტურის სახლის აღდგენისათვის

2 ივნისი, 2015 • 1310
წნორელი ახალგაზრდობა კულტურის სახლის აღდგენისათვის

ღონისძიების ორგანიზატორი წნორში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ინიციატივა-Civic Initiative” გახლავთ, რომელთაც აღნიშნული ფესტივალისთვის დაფინანსება Vivus.ge-ს საქველმოქმედო პროექტ ERTAD.GE-ს კონკურსის ფარგლებში მოიპოვეს.

 

ღონისძიების მთავარი მიზანი წნორის კულტურის სახლის აღდგენაა. ორგანიზატორების თქმით, უკვე მრავალი წელია წნორში მცხოვრებ ახალგაზრდებს უსაფრთხო სივრე არ გააჩნიათ, სადაც შეიკრიბებიან, სხვადასხვა სახის კულტურულ ღონისძიებას დაგეგმავენ და განახორციელებენ.

 

ნანა ბაგალიშვილი, ორგანიზაცია „სამოქალაქო ინიციატივა-Civic Initiative” წარმომადგენელი:

 

„წნორში 7000-მდე ადამიანი ცხოვრობს და ჩვენ არ გაგვაჩნია არანაირი სივრცე სხვადასხვა კულტურული აქტივობების განხორციელებისთვის. არადა არსებობს უდიდესი სურვილი და მზაობა, რასაც დღევანდელ ღონისძიებაზე დამსწრე ასობით ადამიანიც მოწმობს.“

 

ფესტივალ „ქიზიყური გაზაფხულის“ ფარგლებში გაიმართა ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

 

ფესტივალზე წარმოდგენილი იყო როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლების მიერ მომზადებული ტკბილეული და სხვადასხვა ტრადიციული კერძი, ასევე წნორში მცხოვრები ინდოელების მიერ შექმნილი ინდური სამზარეულოს არაერთი ნიმუში.

 

ფესტივალის მსვლელობისას არტისტებმა კულტურის სახლის კედლებიც მოხატეს.

 

ღონისძიებისას დახარჯული თანხა მთლიანად მოხმარდება წნორის კულტურის სახლის აღდგენას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი