ახალი ამბები

საქართველოს აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების დიფერენცირება სურს

29 მაისი, 2015 • • 1688
საქართველოს აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების დიფერენცირება სურს

საქართველომ მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად რიგის სამიტზე ევროპული პერსპექტივის, იგივე ევროკავშირში გაწევრიანების დაპირება ვერ მიიღო, თუმცა დეკლარაციის ტექსტში ჩაიწერა, რომ სამიტის მონაწილეები ადასტურებენ თითოეული პარტნიორის უფლებას, თავისუფლად აირჩიოს ამბიციის დონე და მიზნები, რომლითაც ევროკავშირთან ურთიერთობებისაკენ ისწრაფვის.

 

“ევროკავშირმა და სუვერენულმა პარტნიორებმა უნდა გადაწყვიტონ, როგორ სურთ ურთიერთობის გაგრძელება”, – ვკითხულობთ სამიტის ტექსტში.

 

ევროკომისიას ჯერ კიდევ 2003 წელს მიღებული სამეზობლო პოლიტიკის (ENP, რისი შემადგენელი ნაწილიცაა აღმოსავლეთის პარტნიორობა) გადახედვა რომ სურს, სიახლე არ არის, რადგან მიმდინარე წლის მარტში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობებში ფედერიკა მოგერინიმ და ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა ევროკავშირის ახალი სამეზობლო პოლიტიკისკენ კონსულტაციების რეჟიმი გახსნილად გამოაცხადეს.

 

რა სურს საქართველოს ევროკავშირთან სამეზობლო ურთიერთობების კონტექსტში და როგორ ხედავს სამომავლოდ გაერთიანებასთან თანამშრომლობის პერსპექტივას იგივე აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში?

 

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ საქართველოს უფრო მეტი ინტეგრაცია სურს, რაც საბოლოოდ ევროპულ ოჯახში გაწევრიანებით უნდა დასრულდეს, თუმცა აცნობიერებს, რომ ეს მალე ვერ მოხდება.

 

“რიგის სამიტმა ცხადხჰყო, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს შორის ძირეული სხვაობა არსებობს [ევროკავშირთან] დაახლოების კუთხით. ამიტომაც ჩვენი მოთხოვნა არის, რომ წევრებს შორის მოხდეს დიფერენცირება და პრინციპის – მეტი მეტისთვის ბოლომდე ამოქმედება… ანუ იმ ქვეყანამ, რომელსაც უფრო ბევრი მიღწევა აქვს, მეტი ბენეფიტი და შეღავათი მიიღოს. თუ ქვეყანა ახორციელებს რეფორმებს, ძალიან მყარად აგრძელებს ევროკავშირთან დაახლოების კურსს, ევროკავშირმა მას უფრო მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს. ანუ ევროკავშირის მხრიდან უნდა მოხდეს ქვეყნის მიერ გაწეული ძალისხმევის ადეკვატური შეფასება”, – ამბობს გიგიაძე და დასძენს, რომ ეს განსაკუთრებით იმ ქვეყნებს ეხება, რომლებსაც ევროკავშირთან უფრო მეტად დაახლოება სურთ, ასეთი აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივაში ამ ეტაპზე სამია: მოლდოვა, უკრაინა და საქართველო.

 

ინტეგრაციის დონის დიფერენციაციისა და “მეტი მეტისთვის” პრინციპის მხარდაჭერა რიგის სამიტის დეკლარაციაშიც დაფიქსირდა. როგორ უნდა იქცეს ეს ყველაფერი პრაქტიკაში რეალურ პოლიტიკად? გიგი გიგიაძე ამბობს, რომ ევროკავშირმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს, რას გააკეთებს და რა ფორმას მოუძებნის ამ პრინციპების რეალიზაციას.

 

“ახლა ამის თქმა ძალიან რთული იქნება იმიტომ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორისაც არ არსებობს ერთსულოვნება ამ პოლიტიკის მიმართ. სომხეთს, ბელორუსსა და აზერბაიჯანს მიაჩნიათ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის გაყოფა არ უნდა მოხდეს და ამ დიფერენცირებასაც შედარებით სკეპტიკურად უყურებენ, რაც სრულიად გასაგებია, რადგან ისინი ავტომატურად დარჩებიან ცალკე, მოხდება მათი იზოლირება. მაგრამ იმ არჩევანის გათვალისწინებით, რაც თითოეულმა ჩვენგანმა გააკეთა, ჩვენი აზრით, ეს სრულიად რაციონალური და ლოგიკური გადაწყვეტილება იქნება. არ შეიძლება ერთ განზომილებაში განვიხილოთ ქვეყნები, რომლებმაც არჩევანი გააკეთეს ევროკავშირთან დაახლოებისაკენ და მეორე მხრივ, ქვეყნები, რომლებმაც ევრაზიული კავშირი აირჩიეს. ეს პროცესი ძალაუნებურად განაპირობებეს დიფერენცირებას”, – ამბობს მინისტრის მოადგილე ჩვენთან საუბარში.

 

მისივე ინფორმაციით, საქართველომ ევროკომისიისაგან უკვე მიიღო დოკუმენტი, რომელშიც ძირითადად შეკითხვებია მოცემული იმის შესახებ, თუ როგორ უყურებს ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობის განვითარების მომავალს. მსგავსი დოკუმენტი ინიციატივის სხვა ქვეყნებმაც მიიღეს:

“მოხდება პოზიციების შეჯერება, მისი გაანალიზება და, შესაბამისად, უფრო ადაპტირებული პოლიტიკის შემუშავება. ევროკავშირისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი უნდა იყოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის შენარჩუნება. აღმოსავლეთ პარტნიორობა – ეს არის ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ნაწილი, ასეთივე პარტნიორობა ევროკავშირს სამხრეთის განზომილებაშიც აქვს. ევროკავშირი ორივე მიმართულებით აგრძელებს მუშაობას”, – ამბობს გიგიაძე და ვარაუდობს, რომ წლის ბოლომდე ევროკავშირი ახალ ხედვას წარმოადგენს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის  ქვეყნების მიმართ.

 

“ჩვენ ყველას დაგვიბარებენ და მოხდება პოზიციებზე შეთანხმება, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე, სხვაობა არსებობს ჩვენს დამოკიდებულებებს შორის. ჩვენი არჩევანია უფრო ახლოს ყოფნა, პოლიტიკური ასოცირება და ეკონომიკური ინტეგრაცია”.

მისივე თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამმა ქვეყანამ, საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ შეიმუშავა ერთობლივი ხედვა, რომელიც ევროკავშირის სტრუქტურებს რიგის სამიტამდე გადაუგზავნა. დოკუმენტში გაწერილია ის საკითხები, რაც ამ ქვეყნებს აწუხებთ, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, ოკუპირებული ტერიტორიები, სუვერენიტეტის საკითხი და მათ თავისუფალ არჩევანზე გავლენის მოხდენის საფრთხე.

 

“მეორე მომენტი იყო წევრობის პერსპექტივის დაფიქსირება. ჩვენი აზრით, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს დოკუმენტი ჩვენს არჩევანს ეხება, შესაძლებელია [რიგის სამიტის დეკლარაციაში ჩაწერილიყო], რომ ამ ქვეყნებს გააჩნიათ სურვილი და მათ უნდა ჰქონდეთ პერსპექტივა. ეს ძალიან გარდამტეხი მომენტი იქნებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, თავი შეიკავეს”, – აცხადებს გიგიაძე.

 

“რიგის სამიტი: ევროპის სამეზობლო პოლიტიკის (აღმოსავლეთ პარტნიორობის) მომავალი” – ამ თემაზე ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურ ბიუროში დისკუსია გაიმართა 27 მაისს. ნეტგაზეთმა გიგი გიგიაძესთან ინტერვიუ სწორედ იქ ჩაწერა. გარდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილისა, მას ესწრებოდა მანანა ქოჩლაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივის” წარმომადგენელი. იგი თავის დროზე აღმოსავლეთ პარტნიორობის” საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე იყო. მისი შეფასებით, დიფერენციაციისა და “მეტი მეტისთვის” პრინციპები საკმარისი არ არის და ახალ სამეზობლო პოლიტიკაში უფრო მკაფიოდ უნდა აისახოს, თუ სადამდე მიიყვანს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი:

 

“რიგის სამიტი გარდატეხის წერტილია, როდესაც ევროკომისიამ და მთელმა ევროკავშირმა დაინახა, რომ ძალიან დიდი განსხვავება არსებობს აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს შორის და ეს სათანადოდ უნდა აისახოს [ევროკავშირის] ახალ სამეზობლო პოლიტიკაში… ეს შეიძლება არ იყოს ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ იყოს ის, რომ, მაგალითად, საქართველო იქცეს ევროპის ეკონომიკური ზონის სრულფასოვანი წევრი ისეთივე სტატუსით, როგორითაც ნორვეგია და შვეიცარია არიან”, – ამბობს იგი.

 

ეს მოსაზრება მოსწონს გიგი გიგიაძესაც:

 

“ერთიანი ეკონომიკური სივრცის საკითხზე, ალბათ, ჯობია ეკონომიკის სამინისტროსაც დაველაპარკოთ. თავისთავად, მე არ გამოვრიცხავ… თუ სრულფასოვნად მოხდება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებით გათვალისწინებული წინაპირობების შესრულება, იმდენად ახლოს ვიქნებით ყველა სივრცესთან, რომ სრულიად ელემენტარული ნაბიჯი იქნება. აღინიშნა ნორვეგიისა და შვეიცარიის მაგალითები და ეს ევროკავშირში წევრობის გარეშე მაქისმალური ინტეგრაციის იდეალური შემთხვევაა”, – ამბობს გიგიაძე.

 

დისკუსიაში მონაწილეობდა ორთვან ჰენინგი. იგი უკვე 5 წელია საქართველოში გერმანიის ელჩია, თუმცა აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალზე ნეტგაზეთის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ თქვა, რომ განცხადებას არა როგორც ელჩი, არამედ როგორც რიგით პერსონა, გერმანიის ერთი მოქალაქე გააკეთებს. იგი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში გაფართოების საკითხებთან დაკავშირებით სკეპტიკური მოსაზრებები არსებობს, რაც გავლენას აღმოსავლეთ პარტნიორობის განზომილებაზეც ახდენს, თუმცა ფიქრობს, რომ საქართველოს ევროკავშირისგან არც წევრობის და არც სხვა რაიმე ტიპის ახალი დაპირება არ სჭირდება, რადგან მას ევროპული პერსპექტივა უკვე აქვს ასოცირების ხელშეკრულების სახით.

 

“ძალიან საინტერესო რამ ითქვა, რომ საქართველოს არ სჭირდება აღმოსავლეთ პარტნიორობის პროცესი, როგორც ასეთი, იმისთვის, რომ ევროკავშირს დაუკავშირდეს, ეს მართლაც ასეა. უკვე ერთი წელია ასოცირების ხელშეკრულება გაქვთ და მას შემდეგ, რაც ამ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა დაფიქსირდა, საქართველოს ევროპული პერსპექტივაც გაუჩნდა. ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რამდენად გაართმევს თავს საქართველო ამის შესრულებას, რამდენი წელიწადი დასჭირდება საქართველოს ამისათვის, არ ვიცი: 10 თუ 8… მაგრამ თქვენ, [პროცესის ბოლოს] შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ ევროკავშირის რომელიმე ქვეყანა საქართველოს ეტყვის, რომ ასოცირების ხელშეკრულების ყველა საფეხური შესრულებულია, დიდი მადლობა, ძალიან კარგია, რომ ეს ქენით, ახლა შეგიძლიათ შინ დაბრუნდეთ? არა. ჩვენ რეალურ პოლიტიკაზე გვაქვს საუბარი”, – ამბობს ჰენინგი და დასძენს, რომ ამ ეტაპზე ახალი ქვეყნებისათვის პერსპექტივის ღიად აღიარება ევროპელი ლიდერებისათვის პოლიტიკური სუიციდის ტოლფასი იქნება, თუმცა მათი განცხადებები დიპლომატიის ენაზე უნდა წავიკითხოთ და დავინახავთ, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივის კარს არავინ უკეტავს, რადგან არავინ ამბობს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი ვერასდროს გახდება.

ევროინტეგრაცია - ოპოზიციის (ენმ) მხარდამჭერები თავისუფლების მოედნაზე ევროკავშირის დროშით ხელში © EPA/ZURAB KURTSIKIDZE
ევროინტეგრაცია – ოპოზიციის (ენმ) მხარდამჭერები თავისუფლების მოედნაზე ევროკავშირის დროშით ხელში © EPA/ZURAB KURTSIKIDZE

მასალების გადაბეჭდვის წესი