ახალი ამბები

ეკონომიკის სამინისტროს შენობა 6 მილიონ აშშ დოლარად იყიდება

29 მაისი, 2015 • • 1613
ეკონომიკის სამინისტროს შენობა 6 მილიონ აშშ დოლარად იყიდება

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქონების მართვის სააგენტოს თავმჯდომარემ, ეკატერინე სისაურმა განაცხადა, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ აღნიშნული შენობა პირობიანი აუქციონის ფორმით გასაყიდად დღეს გაიტანა.


“აღნიშნული ქონება მდებარეობს დედაქალაქის ცენტრში, ტურისტულად აქტიურ ზონაში. მისგან 300 მეტრის დაშორებით განთავსებულია კინოთეატრი, მუზეუმები, ნახევარი კილომეტრის რადიუსში მდებარეობს თბილისში განთავსებული მაღალი კლასის სასტუმროები და სხვა ტურისტული ღირსშესანიშნაობები. ასევე – კულტურული ცენტრები და სავაჭრო დანიშნულების ობიექტები. შენობას მნიშვნელოვან ხიბლს მატებს მის წინ განთავსებული პარკი,” – განაცხადა სისაურმა.


უძრავი ქონების მიწის საერთო ფართი შეადგენს 4210.00 კვ.მ-ს, ხოლო მასზე განთავსებული შენობის ფართი 11271.52 კვ.მ-ია. ობიექტს გააჩნია საკუთარი ტერიტორია პარკინგისათვის.

 

აუქციონი გამოცხადდა შემდეგი პირობებით: საპრივატიზებო ობიექტის საწყისი ფასი შეადგენს 6 მილიონ აშშ დოლარს; მყიდველი ვალდებული იქნება 2016 წლის პირველი იანვრიდან არაუმეტეს 36 თვის ვადაში არანაკლებ 100-ნომრიანი სასტუმრო შექმნა და ექსპლუატაციაში გაშვება; მყიდველი ასევე ვალდებული იქნება 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უზრუნველყოს გამყიდველის მიერ განსაზღვრული პირ(ებ)ის მიერ უძრავი ქონებით უსასყიდლოდ სარგებლობა; მყიდველი ვალდებულია საპრივატიზებო საფასური გადაიხადოს ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში.

 

ელექტრონული აუქციონი დასრულდება 2015 წლის 26 ივნისს, 17 საათზე. 

ეკონომიკის სამინისტრო
ეკონომიკის სამინისტრო

მასალების გადაბეჭდვის წესი