ახალი ამბები

ICK: პოლიციის თანამშრომლებმა ახალგაზრდა კაცი ცემეს

23 მაისი, 2015 • 1933
ICK: პოლიციის თანამშრომლებმა ახალგაზრდა კაცი ცემეს

ICK-ის ცნობით, ჭაბუკაძემ მათ განუცხადა, რომ პოლიციელებმა 21 მაისს სოფელში აიყვანეს და ცემდნენ როგორც მანქანაში, ასევე პოლიციის განყოფილებაშიც; შემდეგ კი ციხით დაემუქრნენ და უთხრეს, რომ მოსამართლისთვის არ ეთქვა, ნაცემი რომ იყო. როგორც ICK წერს, სასამართლოს შემდეგ ჭაბუკაძე სახლში მიიყვანეს, რის შემდეგაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს; საავადმყოფოში კი მასთან გამომძიებელი დავით ყოჩაშვილი მივიდა და ხელი მოაწერინა წინასწარ ამობეჭდილ ჩვენებაზე, სადაც ეწერა, რომ ჭაბუკაძე სახლში კიბეებზე დაგორდა და სხეულის დაზიანებები მაშინ მიიღო.

 

ჭაბუკა ჭაბუკაძე. ფოტო – კახეთის საინფორმაციო ცენტრი
ჭაბუკა ჭაბუკაძე. ფოტო – კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ჭაბუკა ჭაბუკაძის დედა, დიანა ჭაბუკაძე ყვება, რომ მის შვილს პოლიციელებმა კისერი და ხელები გადაუგრიხეს და მანქანაში ძალით ჩასვეს. დიანა ჭაბუკაძე ითხოვს, რომ პოლიციელების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. 

 

“რბილი ქსოვილები აქვს ძალიან დაბეჟილი, დაბეგვილი. ასევე, ტვინის შერყევა,”– განაცხადა მან ტელეკომპანია “რუსთავი 2″–ის ეთერში.

 

ჭაბუკაძის ადვოკატმა, ლოლა ტუსაშვილმა კი განაცხადა, რომ როდესაც ის პოლიციაში მივიდა, ჭაბუკაძე სკამზე იჯდა, ხელბორკილები ედო და სახე სისხლით ქონდა მოსვრილი. 

 

“ნეტგაზეთს” შსს–ში განუცხადეს, რომ ჭაბუკაძე სასამართლომ პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის დააჯარიმა. მოგვიანებით კი საავადმყოფოდან პოლიციას აცნობეს, რომ მას სხეულის დაზიანებები ქონდა.

 

“ნეტგაზეთის” კითხვაზე, კერძოდ რა სახის დაუმორჩილებლობა იყო ჭაბუკაძის მხრიდან, უწყებაში გვიპასუხეს, რომ დეტალებს ვერ გვეტყვიან.

 

შსს–ს ცნობით, გამოძება ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი