ახალი ამბები

გია ვოლსკი ცისარტყელას დროშაზე: არ არის ეს საჩემო დროშა

18 მაისი, 2015 • 2214
გია ვოლსკი ცისარტყელას დროშაზე: არ არის ეს საჩემო დროშა

კადრებს ტელეკომპანია “იმედი” ავრცელებს. როგორც გადაცემა “იმედის კვირის” სიუჟეტიდან ირკვევა, ჟურნალისტმა საქართველოს პარლამენტში დეპუტატებს თხოვა, რომ ამ დროშით ხელში რამდენიმეწამიანი მიმართვა ჩაეწერათ. სიუჟეტში პარლამენტართა ნაწილი ამბობდა, რომ ძალადობა მათთვის მიუღებელია, თუმცა დროშის ხელში დაჭერაზე უარს აცხადებდნენ.

 

“არ არის ეს დროშა საჩემო დროშა. არ ვარ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი და არ მიმაჩნია, რომ ეს დროშა ხელში უნდა მეჭიროს,”- უპასუხა ჟურნალისტს გია ვოლსკიმ.

 

'იმედის კვირის' ჟურნალისტი ესაუბრება გია ვოლსკის. ფოტო – 'იმედის' ეთერიდან

დროშის დაჭერაზე უარი განაცხადა ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების” წევრმა გიორგი ცაგარეიშვილმაც:

 

“ეს დაიჭიროს იმან, ვისაც უნდა ამ დროშის ფრიალი, მე რატომ უნდა დამაკავებინოთ,”- განაცხადა მან. 

 

ეკა ბესელიამ კი განაცხადა, რომ ნებისმიერი სახის ძალადობას ემიჯნება, “ყოველგვარი დროშისა და ყოველგვარი სამკერდე ნიშნების გარეშე”.

 

“იმედის” სიუჟეტში ჩანდა, რომ დროშით ხელში ჰომოფობიისა და ძალადობის საწინააღმდეგო განცხადებები გააკეთეს თამარ კორძაიამ, ნინო გოგუაძემ, დავით ბერძენიშვილმა, ლევან ბერძენიშვილმა, დავით დარჩიაშვილმა და ხათუნა გოგორიშვილმა.

 

17 მაისს 2004 წლიდან ჰომოფობიის, ბიფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. თბილისში ამ დღის აღსანიშნავად დღეს 3 ადგილას შეიკრიბნენ. 2012–13 წლების აქციებისგან განსხვავებით, 2015 წლის 17 მაისის შეკრებებმა მშვიდობიანად ჩაიარა.

მასალების გადაბეჭდვის წესი