ახალი ამბები

ლია ჯაყელი: ჰომოფობია არ არის მხოლოდ ჰომოსექსუალების პრობლემა

16 მაისი, 2015 • • 2004
ლია ჯაყელი: ჰომოფობია არ არის მხოლოდ ჰომოსექსუალების პრობლემა

რატომ დაარქვით ფილმს ვაჩნაძის ქუჩა? სახელწოდების გარდა, იქ მომხდარი ძალადობის ირგვლივაა ფილმი აგებული?

 

ყველგან სასტიკად მოხდა დარბევა, თავისუფლების მოედანზეც და ვაჩნაძის ქუჩაზეც. ვაჩნაძის ქუჩაზე რაც მოხდა, ეს არის საქართველოს სირცხვილი. ვაჩნაძის ქუჩა ჩემთვის არის სიმბოლო ამ სირცხვილის. სწორედ ქალების მიმართ, რამდენიმე ქალის მიმართ, ასეთი სასტიკი აგრესია… აგრესია ძალიან ტექნიკური სიტყვაა და ვერ აღწერს იმას, რაც იქ ხდებოდა.

 

მარტო ვაჩნაძის ქუჩაზე და იქ მომხდარზე არ არის ფილმი, მაგრამ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და მძაფრი გამოხატულება ჰომოფობიის და სექსიზმის ერთდროულად.

 

ფილმში 2013 წლის 17 მაისს ჩაწერილი ინტრვიუებიც არის. იმ დღიდან დაიწყეთ ფილმის გადაღება?

 

მეგონა, რომ უკვე გავაკეთე ფილმი – “დედა, მამა, მე გეი ვარ”. მანამდე იყო “მედ ყოფნის ფასი”. არ ვფიქრობდი, რომ აუცილებლად უნდა გამეკეთებინა ფილმი 2013 წლის 17 მაისზე, მაგრამ აქციაზე ისეთი ძალადობა მოხდა, ხოლო შემდეგ ვუყურე და ვისმინე და განვიცადე ეს ყველაფერი, რომ ბუნებრივად გამიჩნდა აზრი, რომ არ შეიძლებოდა ამ ძალადობაზე ფილმი არ გამეკეთებინა.

 

ჩვეულებრივ, იმ საკითხებზე ვიღებთ, რომელიც გვაღელვებს. თავიდან არ მიფიქრია, რომ ფილმი უნდა გამეკეთებინა, მხოლოდ შემდეგ გამოვიყენე ინტერვიუები და კადრები, რომელიც 2013 წლის 17 მაისს ჩავწერე.

 

ერთ-ერთ რესპონდენტს დედა ურეკავს და ჩანს, როგორ ნერვიულობს. ასევე ჩაწერილი გყავთ აქციის მონაწილის დედა. როგორ არიან ნათესავები ჩართულნი ამ აქტივიზმში?

 

ისინი ღელავდნენ შვილებზე, რომლებიც იყვნენ გასულნი აქციაზე, რომელიც დაარბიეს. აქციის შემდეგ, როცა დაზარალებულები სახლში მივიდნენ, ერთ-ერთ მათგანთან ოჯახში მივედი. არ ვიცოდი, იქ რა დამხვდებოდა. ვის ჩავწერდი, რა მოხდებოდა. სხვათა შორის, გადასაღებად არ გავრბოდი, მე გავრბოდი ადამიანებთან, რომლებმაც თავი დააღწიეს სიკვდილს. ერთ მომენტში ამოვიღე კამერა, მოვედი გონს, დავიჯერე, რომ ცოცხლები არიან.

 

რესპონდენტის დედას უნდოდა აქციაზე წასვლა?

 

უნდოდა იმიტომ, რომ ტელევიზიით გადიოდა ცნობები კონტრაქციის მონაწილეების სამზადისის შესახებ. ეშინოდა რამე არ მომხდარიყო, მიუხედავად მიღებული გარანტიებისა, სახლში რომ იყო, აშკარად უფრო განიცადა.

 

რაც შეეხება შემდეგ ჩაწერილ ინტერივუებს, რომელიც ფილმში გამოიყენეთ, ალბათ, დიდი ემოციებით იხსენებდნენ რესპონდენტები 2013 წლის 17 მაისს მომხდარ ამბავს?

 

რასაკვირველია, მძიმე იყო ამ ფილმზე მუშაობა და ინტერვიუების აღება იმიტომ, რომ მე თვითონ, რამდენჯერაც ამ კადრებს ვუყურე და მონტაჟის დროს ხშირად მიხდებოდა მათი ნახვა, ცუდად ვხდებოდი. შეიძლება ჟესტიკულაციით ამას ყველა ვერ გამოხატავდა, მაგრამ ძალიან ემოციური იყო.

 

ნათიასთან ინტერვიუ 2014 წელსაა აღებული. თვალებზეც ეტყობა, ის მომენტები ედგა თვალებში, რაც ხდებოდა 17 მაისს. იმიტომ მიდის კამერაც ახლოს.

 

სხვა მძიმე პრობლემებზეც გაგვიკეთებია ფილმი, მაგრამ პერსონაჟის ხუმრობა ან სხვა რაღაც ამსუბუქებს ხოლმე, მაგრამ ეს მძიმე გამოვიდა, რადგან აქ არ დარჩა ადგილი იუმორისთვის.

 

2013 წლის 17 მაისს აქციაზე თქვენც იყავით. როგორ ახერხებთ, თან იყო მონაწილე და თან იღებდე, იყო აღმწერი იმ მოვნელების?

 

მე ვარ ამ ფემინისტური მოძრაობის მონაწილე. ბუნებრივად ვმონაწილეობ აქციებში, მაგრამ უკვე ჩვევად მაქვს, რომ კამერა მქონდეს თან. ჩვენ ისეთ ბრძოლაში ვართ, რომ ყოველთვის შეიძლება ხდებოდეს ისეთი, რასაც სჭირდება დოკუმენტირება და მოყოლით არ იყოს დამაჯერებელი. შეიძლება ფილმი არ იყოს პროფესიული, სამაგიეროდ ეს არის თვითმხილველის, მონაწილის, გაკეთებული და ეს ჩემთვის უფრო ღირებულია.

 

მე ვამბობ, რომ არ მაქვს ამბიცია “კინოშნიკის”, მაგრამ მე მაქვს უფრო მეტი ამბიცია – ადამიანების უფლებებისთვის საშუალებად გამოვიყენო კამერა.

 

ჩართული ხართ მოძრაობაში, გადაგიღიათ არაერთი ფილმი და კარგად იცნობთ ლგბტ თემს. ლგბტ ადამიანები მეზობლებთან, ნათესავებთან როგორ ურთიერთობენ. ალბათ დიდი წინააღმდეგობა ხვდებათ მათგან?

 

ძირითადად არც ერთ მშობელს არ უნდა, რომ მისი შვილი გეი, ლესბოსელი ან ტრანსგენდერი იყოს. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ასეთი შთაბეჭდილება ჩამომიყალიბდა, რომ მშობლების და ოჯახის წევრების უმეტესობა ამჯობინებს თავი მოიტყუოს და არ შეიმჩნიოს, რომ მისი შვილი ჰომოსექსუალია.

 

თუ ამას როგორღაც აღიარებს, მაშინ ყველა ღონეს ხმარობს, რომ ეს არ გაცდეს მას. შეიძლება დედამ იცოდეს და ქმარს არაფერს ეუბნებოდეს შვილის შესახებ.

 

რა მოტივი ამოძრავებს მათ? მათ აქვთ პრობლემა, თუ გარშემომყოფების გავლენას განიცდიან?

 

შეიძლება თავადაც გქონდეს პრობლემა, მაგრამ როდესაც შენი სისხლი და ხორცია, მაინც გიყვარს და გინდა, რომ დაიცვა, მაგრამ ადამიანები ბევრი რამით არიან დაკავშირებული სხვებთან. არიან თანამშრომლები, მეზობლები, ნათესავები, რომელთა მიუღებლობა გავლენას ახდენს მშობლებზე. 

 

უამრავი საბაბი შეიძება ითქვას, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ არა მარტო ჰომოსექსუალები არიან შევიწროებული საზოგადოებისგან, არამედ ის ადამიანებიც, ვინც მათ ირგვლივ არიან. ზარალდებიან ისინიც, ასე მარტივი არ არის.

 

 

ფილმში საუბრობს საბი ბერიანის დედა, რომელიც მაინც ბექას უწოდებს მას. სახელს, რომელსაც საბი საკუთრად არ მიიჩნევდა.

ბექასაც ეძახის და გარდა ამისა ამბობს: რომ მცოდნოდა ასეთი ბოლო გექნებოდა, ასე არ მოვიქცეოდიო. ანუ ექცეოდა ჰომოფობიურად. როგორც შვილი უყვარდა, მაგრამ…

 

კინოდოკუმენტალისტი ლია ჯაყელი
კინოდოკუმენტალისტი ლია ჯაყელი

შსს-ს პრესსამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი ჩანს კადრში, რომელიც 2013 წლის 24 მაისს “არა თეოკრატიის” აქციაზე გადაიღეთ. მის მიმართ დასმული კითხვებიდან გამომდინარე ჩანს თქვენი დამოკიდებულება, რომ 2013 წლის 17 მაისს ვერ დაიცვა პოლიციამ აქციის მონაწილეები კონტრაქციის მონაწილეებისგან. რამე შეიცვალა სახელმწიფოს პოლიტიკაში მას შემდეგ?

არაფერი არ შეცვლილა. 24 მაისს არ იყო დიდი საფრთხე და ჩააყენეს პოლიცია ისეთი მანქანებით, ისეთი ბადეებით, როგორც საჭირო იყო და როგორც 17 მაისს უნდა ყოფილიყო. ამიტომ პრესსამსახურის უფროსსაც შეეძლო ქუსლებით მოსვლა 24 მაისის აქციაზე. ასე მშვიდად ვერ მოვიდოდა 17 მაისს. 24 მაისს ნება იყო, რომ პოლიციას სიმშვიდე დაეცვა.

რა მართავს სახელმწიფოს ნებას?

 

ანგარიშის გაწევა თუნდაც ეკლესიისადმი. ამას გარდა, ყველა სფეროში არიან ჰომოფობები. პარლამენტის წევრები რომ არიან ჰომოფობები, ვიცით. მგონია, რომ ძირითადად ანგარიშს უწევენ ეკლესიას, როგორც ინსტიტუტს.

 

გინდოდა, რომ წლევანდელი 17 მაისისთვის, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღისთვის დაგემთხვია ფილმის ჩვენება?

 

კი, რა თქმა უნდა. ჯერ ერთი, ძალიან ვამაყობ იმით, რომ შარშან, როცა საჯაროდ ვერ მოვახერხეთ ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღის აღნიშვნა, საზოგადოებრივი მაუწყებლით გავიდა 17 მაისს ჩემი ფილმი “დედა, მამა, მე გეი ვარ”. მართალია, მას აქციები მოყვა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამაზე საჯარო პასუხი.

 

დღეს, როდესაც აქციის გამართვაც კი დიდ საფრთხეს უკავშირდება, როგორ უნდა გაგრძელდეს აქტივიზმი?

 

ძალიან მნიშნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ ეს დღე და ასე მარტივად არ დავუთმოთ ჰომოფობებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი თავს არ იყრიდეს 17 მაისს და პერმანენტული მუშაობა იყოს არა მხოლოდ იმ ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც ლგბტ თემებთან მუშაობენ, არამედ ზოგადად სამოქალაქო საზოგადოებისა. ვისაც აერთიანებთ დემოკრატიული ღირებულებები, იმათ დღის წესრიგში შევიდეს ეს საკითხები, რადგან ჰომოფობია არ არის მხოლოდ ჰომოსექსუალების პრობლემა.

ვინც ებრძვის, ეს მათი პრობლემაცაა და მათ ამაზე წარმოდგენა არ აქვთ. ორი ტიპია აგრესორების, რომლებმაც იციან რას აკეთებენ და შეგნებულად აღვივებენ შუღლს და ფობიებს და მეორე ნაწილი არის, რომელიც არის იარაღი გამღვივებლების ხელში. ამათთან მუშაობა მიმაჩნია მნიშვნელოვნად, რომლებსაც იყენებენ პოლიტიკური მიზნებისთის- პოლიტიკური ძალები, საეკლესიო პირები თუ დაჯგუფებები.

მასალების გადაბეჭდვის წესი