საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, EBRD-ი 200 მილიონ აშშ დოლარის ოდენობის სესხს გამოყოფს ამ პროექტის დასაფინანსებლად. მისი თქმით, საბანკო სესხის კომპონენტში ასევე მიიღებენ მონაწილეობას აზიის განვითარების ბანკი და კორეის „ექსიმ ბანკი”.
„ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული სექტორი ჰიდროენერგეტიკაა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ მიმართულებით დავაფინანსოთ ნენსკრას პროექტი,“ – განაცხადა სუმა ჩაკრაბარტიმ.
ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა, რომ ბანკის მხრიდან ოფიციალური დადასტურება გუშინ გახმიანდა, რაც პროექტის წარმატებით განსახორციელებლად უმნიშვნელოვანესი ფაქტია.
საპარტნიორო ფონდი ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განხორციელებაზე კორეულ კომპანია K Water-თან ერთად მუშაობს. აღნიშნული ჰიდროელექტროსადგური სვანეთში, მდ. ენგურის შენაკადზე უნდა აშენდეს.
280 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის ჯამური ღირებულება 1 მლრდ. აშშ. დოლარია. სადგურის პოტენციური წლიური გამომუშავება 1.2 მლრდკვტ/სთ. იქნება. საპარტნიორო ფონდის ცნობით, ივლისის თვიდან იგეგმება მშენებლობის სამობილიზაციო სამუშაოების დაწყება, ხოლო სადგური ელექტროენერგიის გამომუშავებას 2019 წლიდან დაიწყებს.
ნენსკრა ჰესის პროექტის განხორციელებას ეწინააღმდეგებიან სტუდენტური მოძრაობები და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი. EBRD-ის ღონისძიებებისა და შეხვედრების პარალელურად, რომელიც თბილისში დღეს იმართება, სტუდენტური მოძრაობა ”მწვანე მუშტის”, არასამთავრობო ორგანიზაციების ”მწვანე ალტერნატივა” და ”სტეფანწმინდის” საპროტესტო აქცია გაიმართა.
”მწვანე მუშტი” ივნისის თვეში ფართომასშტაბიანი აქციის განხორციელებას გეგმავს, რომლითაც ისინი საერთოდ ჰესების პოლიტიკას გააპროტესტებენ საქართველოში. სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთი წევრის, ხატია მაღლაფერიძის თქმით, ამ პროცესში მნიშვნელოვანია საზოგადოების გააქტიურება, თუმცა ჯერჯერობით ეს მუხტი არ იგრძნობა.