ახალი ამბები

2013 წლის 17 მაისის საქმეზე ბრალდებული მღვდლის პროცესი გაურკვეველი დროითაა გადადებული

14 მაისი, 2015 • • 2965
2013 წლის 17 მაისის საქმეზე ბრალდებული მღვდლის პროცესი გაურკვეველი დროითაა გადადებული

თბილისის საქალაქო სასამართლოში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ თარიღი – როდის განახლდება სასამართლო პროცესი, არ არის განსაზღვრული და იმიტომ არის გადადებული “სხვა დროისთვის”.

 

“საპროცესო კანონმდებლობა ამის საშუალებას იძლევა, ვინაიდან უპირატესობა ენიჭება იმ საქმეებს, რომლებზეც საპატიმრო ვადები იწურება”, – განგვიცხადეს სასამართლოს პრესსამსახურში.

 

ირაკლი ბასილაიას ბრალი 2013 წლის ივლისში წაუყენეს, თუმცა თითქმის ორი წლის შემდეგაც საქმეზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ირაკლი ბასილაიას 2013 წლის 17 მაისის კონტრაქციაში მონაწილეობის გამო ბრალი წაყენებული აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლით, რაც გულისხმობს შეკრების ან მანიფესტაციის მოწყობის, ანდა მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლას – ძალადობით, ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.


ამავე საქმეზე ამავე მუხლით ბრალდებული იყო მამა ანთიმოზი (თამაზ ბიჩინაშვილი), თუმცა მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ წინასასამართლო სხდომაზე გადაწყვიტა, რომ მისი საქმის განხილვა არ გაიმართება. მოსამართლის განცხადებით, საქმეში არსებობს მხოლოდ ერთი ვიდეომასალა, სადაც ისმის გინება და, როგორც მოსამართლემ აღნიშნა, კიდეც რომ დადასტურდეს ის ფაქტი, რომ ნამდვილად თამაზ ბიჩინაშვილი იგინება, ეს არ არის საკმარისი მტკიცებულება იმისათვის, რომ მან ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული.

 

2013 წლის 17 მაისს, ტრანსფობიასთან და ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისში უნდა გამართულიყო აქცია-ფლეშმობი, რისი საშუალებაც უფლებადამცველებს არ მისცეს სასულიერო პირებმა, მრევლმა და ადამიანების ჯგუფმა, რომლებმაც კონტრაქცია გამართეს. კონტრაქციის მონაწილეებმა ლგბტ აქტივისტებსა და მათ მხარდამჭერებს აქციის გამართვის საშუალება არ მისცეს, დაედევნენ, დალეწეს ავტობუსები და მიკროავტობუსები.

 

მამა იოთამი(ირაკლი ბასილაია) 2013 წელი, 17 მაისი
მამა იოთამი(ირაკლი ბასილაია) 2013 წელი, 17 მაისი

მასალების გადაბეჭდვის წესი