ახალი ამბები

გიორგი მაისურაძე: ღარიბაშვილის წარმოდგენა სტალინზე პრიმიტიული ნაციონალიზმის გამოვლინებაა

13 მაისი, 2015 • • 2251
გიორგი მაისურაძე: ღარიბაშვილის წარმოდგენა სტალინზე პრიმიტიული ნაციონალიზმის გამოვლინებაა

ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მეორე მსოფლიო ომი “ქართველმა მოიგო და ამიტომ არის უფრო განსაკუთრებული”. ეს განცხადება უწყობს თუ არა ხელს სტალინის კულტის გაძლიერებას?

 

რა თქმა უნდა. ეს არის პრიმიტიული სტალინიზმის პრიმიტიული გამოვლინება. წარმოდგენა, რომ ომი ქართველმა მოიგო და მისი გაქართველება და გაქართულება არის აბსოლუტურად გადამცდარი დამოკიდებულება, ქართული პრიმიტიული ნაციონალიზმის გამოვლინება და მასში სწორედ სტალინის ინტეგრაცია.

 

პრიმიტიულობაში რას გულისხმობთ?


პრიმიტიულობაში ვგულისხმობ იმას, რომ ასეთი დონის წარმოდგენა, რომ მოიგო ვიღაცა ერთმა ადამიანმა, თავისთავად საეჭვო დებულებაა. იმ ქვეყანაში, რომელსაც, მით უმეტეს, ჰქონდა 20-მილიონიანი მსხვერპლი, მხოლოდ სტალინი არ ხელმძღვანელობდა საომარ მოქმედებებს. სხვა ადამიანები იყვნენ, პირველ რიგში, ჟუკოვი. თავად ეს წარმოდგენა არის პრიმიტიული და, მით უმეტეს, მისი გაიგივება საქართველოსთან და ქართველობასთან.

 

ბელადის კულტის პერსპექტივიდანაა დანახული, როდესაც ამბობს ვინმე, რომ ეს არის ერთი ადამიანის მიერ მოგებული. ერთ ადამიანთან აიგივებს. ბრიტანელი არ იტყვის, რომ ჩერჩილმა მოიგო, ფრანგს აზრად არ მოუვა თქვას, რომ დე გოლმა მოიგო. პერსონიფიცირება არის კულტის სიმპტომის გამოვლენა და ამის მთქმელი არის კულტის თაყვანისმცემელი.

 

რამდენად ახდენს ასეთი განცხადებები მოქალაქეებზე გავლენას, რომლებსაც სტალინის ძეგლები და სურათები გამოაქვთ?

 

არა მგონია, რომ ღარიბაშვილს ვინმე სერიოზულად აღიქვამდეს და ვინმესთვის ის ავტორიტეტს წარმოადგენდეს საქართველოში, მაგრამ თანამდებობიდან გამომდინარე… არ მახსენდება, საქართველოში რომელიმე პოლიტიკური თანამდებობის პირს, მინისტრს, ასეთი სისულელე ეთქვას, როდესაც ყველაზე მაღალი პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირი ამას ამბობს. რეალურად შესაძლებელი იქნებოდა. ეს ილუზიაა, რომ ამ პარლამენტს რამე მოსთხოვო, მაგრამ აუციელებელი იქნებოდა საკითხის დაყენება, რამდენად შეიძლება ქვეყნის უმაღლეს აღმასრულებელ ხელისუფლებას ხელძღვანელობდეს ამ დონის პიროვნება. ეს ისედაც ვიცით, რომ ის დეკორატიული ფიგურაა, მაგრამ თავისთავად ეს ძალიან დიდი სირცხვილია.

გიორგი მაისურაძე/ვახო ქარელის ფოტო
გიორგი მაისურაძე/ვახო ქარელის ფოტო

 

აქედან გამომდინარე, რამდენად არის მზად საქართველოს ხელისუფლება რომ სტალინიზმს ებრძოლოს?

 

ამ მთავრობისგან შეუძლებელია ველოდოთ ასეთ რამეს. ჩვენ დავინახეთ, რომ მთავრობის მეთაური თავისთავად ამ კულტის წარმომადგენელია და მსჯელობს როგორც სტალინის კულტის თაყვანისმცემელი.

 

ძლიერ ბელადებს როდესაც ახსენებენ, პოლიტიკოსებიც ღებულობენ პოლიტიკურ დივიდენდებს?

დივიდენდებს იმდენად არა, უფრო პოპულისტური განცხადებაა და მოქმედებს პრიმიტიულ პატრიოტულ- ნაციონალისტურ გრძნობებზე. შეიძლება ეს მისი ერთ-ერთი მცდელობა იყოს, ადამიანი, რომელსაც არანაირი ავტორიტეტი არსად არ გააჩნია, ასეთი პოპულისტური განცხადების მეშვეობით გარკვეული მხარდაჭერა მოიპოვოს საზოგადოების იმ ნაწილისგან, რომელიც სტალინისტურ პოზიციებზე იმყოფება.

მასალების გადაბეჭდვის წესი