ახალი ამბები

დამოუკიდებლობის აღდგენის დაკარგული აქტის სავარაუდო დედანი საპატრიარქოში ინახება

11 მაისი, 2015 • • 2850
დამოუკიდებლობის აღდგენის დაკარგული აქტის სავარაუდო დედანი საპატრიარქოში ინახება

საპატრიარქოს განცხადებით, 2006 წელს ლენტეხის რაიონის მაჟორიტარმა უზენაეს საბჭოში ბერდია გუგავამ და სასულიერო პირმა, კონსტანტინე გიორგაძემ კათოლიკოს-პატრიარქს შესანახად გადასცეს 1991 წლის 9 აპრილს ხელმოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი, რომელიც, სავარაუდოდ, დედანი შეიძლება ყოფილიყო.

საპატრიარქოს ცნობით, ვინაიდან ბატონი ბერდია გუგავა უნდობლობას უცხადებდა წინა ხელისუფლებებს, ამ დოკუმენტის შესახებ საპატრიარქოს მხრიდან განცხადება არ გაკეთებულა.

განცხადება არ გაკეთებულა არც 2012 წლის შემდეგ, რადგან ეს გუგავასთან შეთანხმებით და მასთან ერთად უნდა მომხდარიყო, თუმცა, სამწუხაროდ, მან ეს სუბორდინაცია დაარღვია, აცხადებს საპატრიარქო.

ეკლესიის განმარტებით, ისინი მზად არიან, რომ აქტი გამოიკვლიონ და მოხარული იქნებიან, თუ ეს დოკუმენტი აქტის დედანი აღმოჩნდება. საპარტიარქომ გამოაგზავნა განცხადება, რომელსაც ბერდია გუგავა აწერს ხელს.

 

საპატრიარქოს გამოგზავნილი წერილი
საპატრიარქოს გამოგზავნილი წერილი

წერილში იგი ბოდიშს უხდის საპატრიარქოს და აცხადებს რომ ილია მეორეზე უკეთ ვერავინ დაიცავდა ამ დოკუმენტს.

ბერდია გუგავამ 2015 წლის 7 მაისს გაზეთთან “საქართველო და მსოლფიო” ინტერვიუში ამბობს, რომ მან საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი ილია მეორეს გადასცა.

“როცა დავრწმუნდი, რომ ეს იყო არა ასლი, არამედ დედანი, მოსვენება დავკარგე. არ ვიცოდი, რა მექნა. ვერც შევარდნაძის ხელისუფლებას გადავცემდი მას და ვერც _ სააკაშვილის. მერე აჟიოტაჟი ატყდა, ვიწრო წრეში ინფორმაციამ გაჟონა და ვიღაცამ ისიც შემომთავაზა, გავყიდოთ და დიდძალ ფულს ვიშოვითო _ ექვსნიშნა ციფრზე იყო საუბარი. მოკლედ, შემაშინა ამ ყველაფერმა და დავიწყე გამოსავლის ძებნა. ბოლოს მივედი ჩემს მოძღვართან, მამა კონსტანტინესთან (გიორგაძე) და რჩევა ვკითხე. მითხრა, საპატრიარქოს, უშუალოდ პატრიარქს გადავცეთო. მეც დავთანხმდი. ეს იყო 2006 წელს. ჩავჯექით მე და ჩემი მეგობარი მანქანაში, გავუარეთ მოძღვარს და მივედით საპატრიარქოში. მოვიდა პატრიარქი და მეუბნება, აბა, მომიყევი, შვილო, რა ხდებაო. ყველაფერი მოვუყევი. მერე უწმინდესმა თავზე დამადო ხელი და მკითხა, დოკუმენტზე ჩემი ხელმოწერა არისო? _ არა-მეთქი. მანანა არჩვაძე-გამსახურდიასი თუაო? _ კი-მეთქი. აბა, დედანი ჩაუბარებია, შვილო, ღმერთს შენთვისო, და დაახლოებით ხუთი წუთი თავზე ჰქონდა ხელი დადებული. ამის შემდეგ დედანი პატრიარქს გადავეცი. რომ გაშალა და დახედა, გაეღიმა. მერე დაგრაგნა ისევ ეს ფურცელი, გააღო სეიფი და შეინახა, _ მოვა დრო და მე ამას გამოვაცხადებო. არ ვიცი, ეს დრო მოვიდა თუ არა (სხვათა შორის, ვიდრე ინტერვიუს მიცემას გადავწყვეტდი, მოძღვარსაც ვკითხე, უნდა მესაუბრა თუ არა ამ თემაზე)”, – ამბობს იგი ინტერვიუში.

საპატრიარქო
საპატრიარქო

მასალების გადაბეჭდვის წესი