ახალი ამბები

ლგბტ ადამიანების უფლებების ILGA Europe-ის ინდექსში საქართველოს პოზიცია გაუმჯობესდა

11 მაისი, 2015 • • 2337
ლგბტ ადამიანების უფლებების ILGA Europe-ის ინდექსში საქართველოს პოზიცია გაუმჯობესდა

“ILGA Europe-ის მიხედვით, საქართველოში ლგბტ (ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი, ინტერსექსი) ადამიანების მიმართ მტრობა კვლავ საგრძნობია.

 

კვლევაში აღნიშნულია, რომ პარლამენტმა მიიღო დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონი, რომელმაც მოიცვა როგორც სექსუალური ორიენტაცია, ისე გენდერული იდენტობა. საქართველომ ხელი მოაწერა საერთაშორისო ხელშეკრულებებს ევროკავშირსა და ევროსაბჭოსთან.

კვლევაში მოხმობილია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობის” საჩივრის შედეგად, გააუქმა მინისტრის ბრძანება, რომლის მიხედვითაც, გეებსა და ბისექსუალებს სისხლის დონაციის უფლება შეზღუდული ჰქონდათ.

 

ლგბტი ადამიანების უფლებების მდგომარეობა ევროპაში 2015 წელს
ლგბტი ადამიანების უფლებების მდგომარეობა ევროპაში 2015 წელს

ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა მიიღო ადამიანის უფლებათა ამომწურავი სტრატეგია- “ადამიანის უფლებების ეროვნული სტრატეგია 2014-2020” და სამოქმედო გეგმა, რომელშიც ყურადღება ეთმობა  სექსუალური ორიენტაციასა და გენდერულ იდენტობას. 

 

პოზიტიურად შეაფასა სახალხო დამცველის ოფისის მუშაობა. ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ ომბუდსმენის ანგარიშებში ცალკე თავი ეთმობა გენდერულ იდენტობასა და სექსუალურ ორენტაციას. აღნიშნულია, რომ ომბუდსმენის ოფისში თანასწორობის დეპარტამენტი შეიქმნა.

წინსვლის კვლადაკვალ ILGA Europe აღნიშნავს, რომ პრორუსული ძალების მხრიდან საქართველო განიცდის ზეწოლას, ტირაჟირებენ რა, რომ ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვაზე საუბარი “ევროპის შემოტანილი” საკითხია.

 

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ტრანსგენდერებისთვის დიდ პრობლემად რჩება იურიდიული დოკუმენტების ხელმისაწვდომობა. ცალკე ყურადღება აქვს დათმობილი საბი ბერიანის მკვლელობას, რომელსაც “იდენტობა” და “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” გენდერული იდენტობის ნიშნით ჩადენილ დანაშაულად მიიჩნევს.

ანგარიშში წერია, რომ პოლიციის განცხადებით, მათ არ შეეძლოთ ლგბტ თემისა და მხარდამჭერების უსაფრთხოების უზრუნველყოფა 2014 წლის 17 მაისს, ხოლო საეკლესიო პირებმა ოჯახის სიწმინდის დღე აღნიშნეს.

 

ამავე ანგარიშის მიხედვით, ევროპის ქვეყნებს შორის გაერთიანებული სამეფო ლიდერობს, ხოლო ბრიტანეთის ქვეყნებს შორის შოტლანდია ლიდერობს. გაერთიანებულ სამეფოს მოყვებიან შემდეგი ქვეყნები: ბელგია, მალტა, შვედეთი, ხორვატია. ყველაზე დაბალი მაჩვენებლი უკრაინას, რუსეთს, სომხეთსა და აზერბაიჯანს აქვთ.

 

ILGA Europe ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანგენდერი და ინტერსექსი ადამიანების უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ევროპის 45 ქვეყნიდან 422 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს.

ლგბტი ადამიანების უფლებების მდგომარეობა ევროპაში 2015 წელს
ლგბტი ადამიანების უფლებების მდგომარეობა ევროპაში 2015 წელს

მასალების გადაბეჭდვის წესი