ახალი ამბები

თინა ხიდაშელი დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოებისა და სამართლიანობის ჯგუფის უფროსს შეხვდა

5 მაისი, 2015 • • 1160
თინა ხიდაშელი დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოებისა და სამართლიანობის ჯგუფის უფროსს შეხვდა

შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრის სპეციალური  მრჩეველი სტივენ გლოვერიც დაესწრო. სამინისტროს ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრმა სტუმრებს სამომავლო გეგმები გააცნო.

 

“შეხვედრის ერთ-ერთ თემას უელსის სამიტზე  მიღებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების საკითხი  წარმოადგენდა. საუბრისას აღნიშნულ პროცესში დიდი ბრიტანეთის  მხარდაჭერის მნიშვნელობას გაესვა ხაზი”,- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბრიტანულმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

 

„ქართველ მეგობრებს ყველანაირად  დავეხმარებით შესაძლებლობის ფარგლებში და გავაგრძელებთ თანამშრომლობას. განვიხილეთ საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევებიც. მინისტრისგან მოვისმინეთ მისი პრიორიტეტები და საწყის ეტაპზე  თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებები დავსახეთ. მოუთმენლად ველით  თანამშრომლობის გაგრძელებას და ახალი იდეების რეალიზებას, რომელიც  საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების განხორციელებაში  დაეხმარება“ -განაცხადა ვიცე-პოლკოვნიკმა ნიკ ვილკესმა.

უწყების ცნობით, თავდაცვის მინისტრმა ყურადღება თავდაცვის უწყებაში მიმდინარე  რეორგანიზაციის, რესურსების მართვის, თავდაცვის პოლიტიკის  გაუმჯობესებისა და შეიარაღებულ ძალებში კვების საკითხებს დაუთმო. მან საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სამხედრო განათლების საკითხებში  გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ხაზგასმით ისაუბრა. ორმხრივი შეხვედრისას მხარეებმა ბრიტანეთის მაღალი დონის სამხედრო და  სამოქალაქო წარმომადგენლების საქართველოში დაგეგმილი ვიზიტების  შესახებაც ისაუბრეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი