მოსამართლის გადაწყვეტილებით, გიგი უგულავა პატიმრობაში რჩება

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა გიგი უგულავას ადვოკატების შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის ფორმის გაუქმებასთან დაკავშირებით და თბილისის ყოფილი მერი პატიმრობაში დატოვა. შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილმა მიიღო.

მოსამართლის განმარტებით, არ არსებობდა რაიმე ახალი გარემოება იმისათვის, რომ უგულავა პატიმრობიდან გათავისუფლებულიყო.


“სასამართლოს არ გააჩნია სააპელაციოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების რევიზიის საფუძველი. ვადის გასვლა ვერ ჩაითვლება ახალ გარემოებად. საფუძველს მოკლებულია მოსაზრება, რომ სასამართლო მიკერძოებულია”, – განაცხადა მოსამართლემ და დასძინა, რომ უგულავას გათავისუფლების შემთხვევაში მოწმეებზე ზეწოლის საფრთხე არსებობს.

 

დღეს, 5 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბერის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა  და 20 მაისამდე გადაიდო. უგულავას ადვოკატების განცხადებით, უკვე გასულია 9 თვე, რაც უგულავა პატიმრობაში იმყოფება სასამართლოს განაჩენის გარეშე აღკვეთის ღონისძიების ფორმის გამო, ამიტომ მის გათავისუფლებას ითხოვენ. კონსტიტუციას სხვაგვარად ინტერპრეტირებს სასამართლო და პროკურატურა, მათი აზრით, კონსტიტუციით გაწერილი ზღვრული 9-თვიანი ვადა წინასწარი პატიმრობისთვის ყოველ ახალ საქმეზე შეიძლება თავიდან დაითვალოს.


“მას შემდეგ, რაც ამ მოსამართლეს დაეკსირა ეს საქმე, ჩვენ ვაცხადებდით, რომ ის იყო მართული. მისი გადაწყვეტილება წინასწარ იყო ცნობილი. ჩვენი ვარაუდი რომ სწორი იყო, ეს დღეს დადასტურდა. მრელაშვილმა ფეხქვეშ გათელა კონსტიტუცია. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს უთხრა, რომ ეს არის ნაჯღაბნი. გააკეთა ისეთი ინტერპრეტაცია, რაც ხელისუფლებას სურდა. გიგი უგულავა 2014 წლის ივლისად პოლიტპატიმარია”, – განაცხადა ადვოაკატმა ბექა ბასილაიამ.


პროკურორი ჯარჯი წიკლაური კი მოსამართლის გადაწყვეტილებას ეთანხმება და მას სამართლიანს უწოდებს.




ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნინო ნატროშვილი