საპატრიარქოს არქიტექტურის ცენტრის თავმჯდომარე: ”პანორამა თბილისის” იდეა სავსებით მისაღებია

საპატრიარქოს არქიტექტურის, ხელოვნების და რესტავრაციის ცენტრის თავმჯდომარემ, ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა (ირაკლი მახარაძე) განაცხადა, რომ შეჯერებული ვერსიით, ”პანორამა თბილისი” იქნება მშვენება საქართველოს დედაქალაქისთვის. პროექტის შესახებ მიტროპოლიტმა გადაცემა 20/30-ში ისაუბრა.

მიტროპოლიტი დავითის თქმით, ხშირ შემთხვევაში პროექტის შესახებ ლაპარაკობენ არაპროფესიონალები და ბევრი ადამიანის მხრიდან მხოლოდ ემოცია ჭარბობს, პროფესიული ნაწილი კი შედარებით სუსტად არის წარმოდგენილი.

 

”როდესაც ამ პროექტის გარშემო იყო ძალიან დიდი მითქმა-მოთქმა, ჩვენ საბჭოს წევრებმა გადავწყვიტეთ, რომ მოგვეწვია სპეციალისტთა ჯგუფი, რომელთაგანაც უფრო დაწვრილებით მოვისმენდით რეალურად ამ პროექტის შინაარსის თაობაზე. რადგანაც საზოგადოებაში არაერთქგვაროვანი აზრი იყო, ხშირ შემთხვევაში ლაპარაკობენ არაპროფესიონალები, არასპეციალისტები. იქ არგუმენტაცია ეყრდნობოდა ბევრ შემთხვევაში და ბევრი ადამიანის მხრიდან მხოლოდ ასეთ ემოციურ ფაქტორებს და იქ პროფესიული ნაწილი იყო შედარებით სუსტად წარმოდგენილი. რადგან ჩვენ გვაინტერესებდა, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეებს, საპატრიარქოს საბჭოს წევრებს პროექტის გარშემო მიმდინარე ამბები, ვთხოვეთ სპეციალისტებს და მოვიწვიეთ ჩვენთან, რომლებმაც დაგვიხასიათეს. ამ შეხვედრებზე ისინიც მონაწილეობდნენ და ჩვენთვის სურათი გახდა ნამდვილად თვალნათელი, აშკარა, რომ კოჯრის მიმართულებით ლამის ბათუმისოდენა ქალაქი უამისოდაც უნდა აშენდეს,” – განაცხადა მიტროპოლიტმა ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა 20/30-ში.

 

მისი თქმით, თბილისს სატრანსპორტო კვანძის კუთხით უდგას პრობლემა და თუკი პროექტი მოაწესრიგებს ამას, დედაქალაქისთვის ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი:

 

”პრობლემა ქალაქს სატრანსპორტო კვანძის კუთხით უდგას და წინ სწრაფად თუკი ეს დიდი პროექტი დაამუშავებს ამას, ეს არის დედაქალაქისათვის ძალიან მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, საპატრიარქოს საბჭოს წევრები ყველა ერთგვაროვნად არ აღიქვამს ამ პროექტს, მაგრამ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს იდეა, რომ საქართველოს დედაქალაქმა უნდა წარადგინოს ამიერკავკასიაში და ზოგადად მთელ მსოფლიოში თავი ისე, რომ არის ძირძველი კულტურის ქვეყანა და არის უაღრესად თანამედროვე, მას ზუსტადაც სჭირდება მსგავსი პროექტები. ჩვენ არ ვსაუბრობთ ფორმაზე. ეს არქიტექტორებმა, სპეციალისტებმა უნდა ისაუბრონ. იდეა სავსებით მისაღებია, როგორც დედაქალაქის მცხოვრებისათვის, იმიტომ, რომ დედაქალაქს უნდა ჰქონდეს ის ღისება… მე რომ დედაქალაქში ვცხოვრობ, ეს უნდა იყოს აუცილებელი.”

 

მიტროპოლიტი დავითი ამბობს, რომ ძველი ქალაქი არის მისი ღირსება და სწორედ ამიტომ უნდა განხორციელდეს პროექტის მშენებლობა ძველი ქალაქის სიახლოვეს. მისი თქმით, აუჩქარებლად პროექტი შეჯერებული ვერსიით იქნება მშვენიერი დედაქალაქისთვის.

 

”მგონია, რომ სპეციალისტები იმსჯელებენ და ძველის დაზოგვით, მისი გამაგრებით, როგორც ფონი ახალი შენობისათვის რომ წარმოჩნდეს და ეს ახალი, როგორც დღევანდელობა, რეალობა აქ მცხოვრები ადამიანების ძალიან თანამედროვეობას გაუსვამს ხაზს: ძველს ვინარჩუნებთ და ახალსაც ზურგს არ ვაქცევთ. ეს დედაქალაქის მოცემულობაა, რასაც ეს პროექტი გაართმევს თავს. ის, თუ როგორი ფორმა უნდა იყოს, როგორი ზომის უნდა იყოს, ეს ამ პროექტშიც არის წარმოდგენილი და თვალნათლივ ჩანს. რამდენადაც ვიცი, დეტალებზე მუშაობა კიდევ გრძელდება. ასე, რომ აუჩქარებელი, აწონილ-დაწონილი სიტყვით, პროექტის შეჯერებული ვერსიით, ეს იქნება მშვენება ჩვენი ქალაქისათვის,” – განაცხადა საპატრიარქოს არქიტექტურის, ხელოვნების და რესტავრაციის ცენტრის თავჯდომარემ.

 

პროექტის განხორციელებას ეწინააღმდეგებიან არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი და მოქალაქეთა ჯგუფები. ”პანორამა თბილისის” საწინააღმდეგოდ მოქალაქეებმა არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი მიიჩნევენ, რომ პროექტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვას ეჭვქვეშ აყენებს.

აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (ირაკლი მახარაძე)
აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (ირაკლი მახარაძე)

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
გიორგი დიასამიძე