ახალი ამბები

პარლამენტის კომიტეტი სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამინისტროს კიდევ აკრიტიკებს

27 აპრილი, 2015 • • 1074
პარლამენტის კომიტეტი სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამინისტროს კიდევ აკრიტიკებს

კომიტეტმა დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც წერს, რომ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილ 2014 წლის 64-გვერდიან ანგარიშის მიხედვით, შესრულებულია საკმაოდ შრომატევადი, ქვეყანაში სპორტულ-ახალგაზრდული მოძრაობის განვითარებისთვის საჭირო და აუცილებელი სამუშაოები, გადადგმულია კონკრეტული პრაქტიკული ნაბიჯები, მაგრამ სამუშაოების უმეტესობა ცალკეული სპორტული თუ ახალგაზრდული ორგანიზაციების მიერ არის შესრულებული და პირდაპირ და უშუალოდ არ უკავშირდება სამინისტროს აპარატის საქმიანობას

 

“ჩვენ სამინისტროს მუშაობას პირველ ყოვლისა იმის მიხედვით ვაფასებთ, რა გააკეთა თავად და უშუალოდ სამინისტრომ, მისმა საკმაოდ მრავალრიცხოვანმა აპარატმა და ცალკეულმა სტრუქტურულმა დანაყოფებმა; რა სტრატეგიული საკითხები და აქტუალური პრობლემები მოაგვარა უწყების ხელმძღვანელობამ, რომლის სათავეშიც დგას მინისტრი _ პოლიტიკური თანამდებობის პირი. როცა არსებულ ვითარებას ამ პრიზმაში განვიხილავთ, აშკარად იკვეთება სამინისტროს ხელმძღვანელთა უმოქმედობა სწორედ საკვანძო მნიშვნელობის საკითხების წამოჭრასა და მოგვარებაში”, -წერენ პარლამენტარები.

 

პარლამენტარების შეფასებით, სამინისტროს არ გადაუდგამს არც ერთი მეტ-ნაკლებად ქმედითი პრაქტიკული ნაბიჯი დარგის სისტემური რეფორმირებისთვის, მოწინავე ევროპული გამოცდილების გაზიარებისა და დანერგვისთვის. სამინისტროს ხელმძღვანელთა მიერ შემუშავებული პროგრამა ქაღალდზე რჩება.

 

კომიტეტს მიაჩნია, რომ სამინისტროს პარლამენტში განსახილველად არ შემოუტანია არც ერთი საკანონმდებლო ინიციატივა, არც ერთი წინადადება 1996 წელს მიღებული და მოძველებული სპორტის კანონის თუნდაც ცალკეული მუხლების, სპორტში მოქმედი ნორმატიულ-მარეგულირებელი აქტების დასახვეწად და გასაახლებლად.

 

კომიტეტის აზრით, ცალკეული და ეპიზოდური აქტივობების გარდა, სამინისტროს არ უზრუნია მასობრივ სპორტში სხვადასხვა თაობის მოქალაქეთა ჩაბმის მიზნით ელემენტარული პირობების შესაქმნელად, რის გამოც კატასტროფულად მცირეა სპორტულ აქტივობებში ჩაბმულთა საერთო რაოდენობა.

 

კომიტეტი აცხადებს, რომ სამინისტროს 70-მილიონიანი ბიუჯეტიდან მოძრაობა “სპორტი ყველასათვის” სულ გამოყოფილია 80 ათასი ლარი, რაც თავისთავად მიუთითებს იმაზე, რომ მასობრივი სპორტი სამინისტროს პრიორიტეტებში არ შედის. ამაზე მეტყველებს მასობრივი სპორტისა და ღონისძიებების სამმართველოს ფაქტობრივი გაუქმებაც.

პალრამენტარები უკმაყოფილო არიან ქვეყნის სასწავლო დაწესებულებებში შექმნილი მდგომარეობით, რადგან მეტწილად არ ტარდება ფიზიკური აღზრდის და სპორტის გაკვეთილები, არ მუშაობს სპორტული სექციები, განიავებულია სასპორტო სპორტული ბაზები და ინვენტარი.

სპორტის კომიტეტის წევრები ამბობენ, რომ კითხვებს ბადებს სამინისტროში დასაქმებულთა კვალიფიკაცია და პროფესიონალიზმი. ასამდე თანამშრომელთა შორის 4-5 კაცს თუ აქვს სპორტული განათლება, საერთოდ _ სპორტთან შემხებლობა. ასევე ისინი მოითხოვენ, რომ გამოინახოს სახსრები ქვეყანაში თანამედროვე სამედიცინო-სარეაბილიტაციო ცენტრის მოსაწყობად და მიიღოს ზომები დოპინგთან დაკავშირებული პრობლემების აღმოსაფხვრელად. 

 

კომიტეტის წევრები აცხადებენ, რომ სპორტის ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე სასაუბროდ და პრობლემების ერთობლივად მოსაგვარებლად საპარლამენტო კომიტეტი არაერთხელ შეხვდა სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელმძღვანელობას, მაგრამ ჩვენი რეკომენდაციების უმეტესობა იგნორირებულია.

 

საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა 2015 წლის 25 მარტის სხდომაზე საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ 2014 წელს გაწეული მუშაობა განიხილა და კომიტეტის 11-მა წევრმა უარყოფითად შეაფასა მინისტრ ლევან ყოფიანის მუშაობა. 

 

ისინი მიოთხოვენ, რომ მინისტრი გადადგეს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწვეტილებას ელოდებიან.

ლევან ყიფიანი
ლევან ყიფიანი

მასალების გადაბეჭდვის წესი