ახალი ამბები

ღვინიაშვილის თქმით, გურჯაანის გამგებელს მისი ბიუროს ოთახი ბლოკირებული აქვს

21 აპრილი, 2015 • • 1538
ღვინიაშვილის თქმით, გურჯაანის გამგებელს მისი ბიუროს ოთახი ბლოკირებული აქვს

“ბლოკირებული აქვს ხელისუფლებას მთელი გამგეობის შენობა, ყველა სართული. გვაქვს ინფორმაცია, რომ საბავშვო ბაღებიდანაც კი იძახებენ ხალხს. ეს ხალხი მზად არის და დავალება აქვთ, რომ ფიზიკურ დაპირისპირებაზეც გადავიდნენ. თუ ხელისუფლებას ჰგონია, რომ თუნდაც ერთი ოთახის ბლოკირებით, თუნდაც გამგეობის ბლოკირებით, შეაჩერებს კომისიის მუშაობას, ან იმ ბრძოლას, რომელმაც წერტილი უნდა დაუსვას ამ ხელისუფლების და საქართველოს უკუსვლას, ძალიან ცდებიან”, – ამბობს გიორგი ღვინიაშვილი.

 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი გერგიძე კი აცხადებს, რომ გამგეობის შენობა არავის აქვს პიკეტირებული და იმ ხალხს, რომელიც გამგეობაში არის მოსული, თავისი პრობლემები აქვს. 

 

“აქ არის ჩვეულებრივი სამუშაო დღე, ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი, გამგეობის კარი ღიაა, მოქალაქეებს შეუძლიათ შემოვიდნენ, ყველას თავისი პრობლემა აქვს, თავისი საკითხის გარკვევა სურს, არავითარი პიკეტირება. თვითონ მაგათ ფანტაზიებს აღარ აქვთ საზღვარი, მაგათ ტყუილებს. ხალხსაც ამოუვიდა ყელში, ასე ხომ არ შეიძლება ცხოვრება”, – აცხადებს გამგებელი.

 

დაპირისპირება გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში გუშინ დაიწყო, როდესაც მაჟორიტარ გიორგი ღვინიაშვილის ბიუროს ოთახში ნაციონალური მოძრაობის ინიციატივით ანტიკორუფციულმა კომისიამ დაიწყო მუშაობა.

 

ამის შემდეგ მუნიციპალიტეტის შენობაში შევიდნენ მოქალაქეების ჯგუფი და მოითხოვდნენ, რომ ნაციონალურ მოძრაობას დაეტოვებინა გამგეობის შენობა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

გიორგი ღვინიაშვილი
გიორგი ღვინიაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი