ახალი ამბები

კახიშვილი: კახა ნაკანმა თვითმკვლელობის მცდელობით სპეცრაზმელების დაკავება გააპროტესტა

16 აპრილი, 2015 • 1445
კახიშვილი: კახა ნაკანმა თვითმკვლელობის მცდელობით სპეცრაზმელების დაკავება გააპროტესტა

კახიშვილის განცხადებით, გამოძიებას აქვს კახა ნაკანის ხელით დაწერილი დოკუმენტი, სადაც ნათქვამია, რომ ნაკანი თვითდაზიანების საფუძვლად ირაკლი ფირცხალავას მიმართ პოლიტიკურ მხარდაჭერას ასახელებს,ასევე, პროტესტს გამოთქვამს სპეცრაზმელების დაკავების გამო.

 

“წინასაგამოძიებო შემოწმების დროს გამოძიების შედეგად მოპოვებულია დოკუმენტი, სადაც თვითდაზიანების საფუძვლად ბრალდებული ნაკანი აცხადებს პროტესტს იმის გამო, რომ სპეცრაზმელები არიან დაკავებულები, და ყველაზე მთავრი, ის უცხადებს თანადგომას ფირცხალავას,”– განაცხადა ბრიფინგზე კახიშვილმა.

 

სხვა ვერსია აქვს ნაკანის ადვოკატს, კახა შონიას. ადვოკატის განცხადებით, თვითმკვლელობის მცდელობის მოტივი იყოს ის, რომ ნაკანს გლდანის მერვე დაწესებულებიდან ე.წ მატროსოვის ციხეში გადასვლა სურდა.

 

 

კახი კახიშვილი ამბობს, რომ გლდანის მერვე დაწესებულებაში შსს–ს სხვა ყოფილი თანამშრომლებიც იხდიან სასჯელს:

 

“მერვე დაწესებულება წარმოადგენს საპატიმრო დაწესებულებას, სადაც შესახლებულნი არიან ბრალდებულები და მსჯავრდებულები. ეს არის გამანაწილებელი დაწესებულება აღმოსავლეთ საქართველოსთვის. აქვე მინდა განვაცხადო, რომ ბატონი ნაკანი იმყოფება განცალკევებით საკანში, დახურულ სართულზე, სადაც მასთან ერთად სხვადასხვა საკნებში იმყოფებიან 112 ყოფილი პოლიციის თანამშრომელი.  მოსაზრება იმასთან დაკავშიორებით, რომ მაინცდამაინც მატროსოვის დაწესებულებაში უნდა იყოს გადაყვენილი, არ არის სწორი,”– განაცხადა კახიშვილმა.

 

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე, რომელიც პროკურატურამ 2015 წლის დასაწყისში გამოაცხადა გახსნილად, სულ 11 პირია დაკავებული, მათ შორის არის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა და 6 სპეცრაზმელი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი