ახალი ამბები

16 აპრილს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღე აღინიშნება

15 აპრილი, 2015 • • 1906
16 აპრილს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღე აღინიშნება

2015 წელს ებრაული სამყარო ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს (იომ-ა-შოა) 16 აპრილს აღნიშნავს. იომ-ა-შოა დადგენილია ნაცისტური რეჟიმის მიერ 6 მილიონი ებრაელის, მათ შორის, 1 მილიონი ბავშვის ხსოვნის საპატივსაცემოდ.

 

ევროპაში ებრაული წინააღმდეგობის სიმბოლო გახდა 1943 წლის 19 აპრილს ვარშავის გეტოს აჯანყება, რომელიც, სამკვირიანი წინააღმდეგობის შემდეგ, გერმანულმა სამხედრო ნაწილებმა სისხლში ჩაახშეს.

ისრაელი-საქართველოს ბიზნესპალატის ცნობით, 15 აპრილისთვის თბილისში, ებრაულ მუზეუმში დაგეგმილ ღონისძიებაზე ნაჩვენები იქნება იერუსალიმის მემორიალური მუზეუმის მიერ ისრაელის სახლთან და საქართველოს განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით გადაღებული დოკუმენტური ფილმი – „ქართველი შინდლერი“. შეხვედრაზე მოწვეულნი არიან ფილმის მთავარი გმირის – სერგი მეტრეველის ოჯახის წევრები.

16 აპრილს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის აღნიშვნა თურქეთის საელჩოში გადაინაცვლებს, სადაც დაგეგმილია ფილმის, „თურქული პასპორტის“ ჩვენება. ფილმი მეორე მსოფლიო ომის დროს ევროპაში თურქი დიპლომატების მიერ ებრაელთა გადარჩენას ეძღვნება. ღონისძიების მასპინძელია საქართველოში თურქეთის ელჩი ლევენთ გუმრუქჩუ.

ანა ფრანკის პორტრეტი ჰოლოკოსტის მუზეუმთან ბუდაპეშტში
ანა ფრანკის პორტრეტი ჰოლოკოსტის მუზეუმთან ბუდაპეშტში

მასალების გადაბეჭდვის წესი