ახალი ამბები

მთავრობის დაკეტილი ბინები

2 აპრილი, 2015 • 3295
მთავრობის დაკეტილი ბინები

აჭარისა თუ ბათუმის მთავრობა ბინების მესაკუთრე პირობით აუქციონის შედეგად ხდება. სწორედ აუქციონებზე იღებენ სამშენებლო კომპანიები ვალდებულებას, სიმბოლურ ფასად მიწის ნაკვეთის მიღების შემთხვევაში, რეგიონს შეუქმნან საბინაო რეზერვი.

ბათუმის მერიის ბინები

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ქალაქის საკუთრებაში არსებული 53 საცხოვრებელი ბინიდან დღეს 51 თავისუფალი ანუ დაკეტილია. 5 თავისუფალი ბინა ბაგრატიონის ქუჩაზე, 3 – ლერმონტოვის, 16 – ჯავახიშვილისა და ფიროსმანის ქუჩების კვეთაში (აქვეა მერიის კუთვნილი სამი სექცია შენობის პირველ სართულზე), ხოლო დანარჩენი 27 ბინა შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, კომპლექს „ბათუსის“ მოპირდაპირედ მდებარეობს. ეს ბინები მერიის საკუთრებაში 2012 წლის იანვრიდან 2014 წლის ივლისამდე პერიოდშია დარეგისტრირებული.

ჯავახიშვილისა და ფიროსმანის ქუჩების კვეთაში “ბათუმელებმა” მერიის კუთვნილი 16-ვე ბინა გადაამოწმა. ყველა შავი კარკასია. მხოლოდ შესასვლელი კარი და ფანჯრებია დამონტაჟებული. ზოგი ბინის კარი ჩაკეტილია, ზოგი – ღია, მოშლილ-მომტვრეულია საკეტები და სახელურები. ბინებზე ნომრები ფლომასტერით არის მიწერილი. ბინებში სამშენებლო მასალები აწყვია და ზოგი, ფაქტობრივად, მშენებელთა საწყობადაცაა ქცეული.

სამი “ბინის” ადგილზე კი ერთი საცხოვრებელი ფართობია, რომელიც, “ალბათ, შემდეგ გადაიტიხრება…” “ამ ბინებზე ამბობენ არქიტექტორებისააო, არ ვიცი. თუ მერიისაა, რატომ არ არემონტებენ?” – უთხრა “ბათუმელებს” იქვე, კორპუსში მცხოვრებმა ერთ-ერთმა მოქალაქემ.

ჯავახიშვილისა და ფიროსმანის ქუჩების კვეთაში არსებული ბინების უმეტესობა მერიას 2013 წლის ივლისიდან აქვს დარეგისტრირებული.

ჯავახიშვილისა და ფიროსმანის ქუჩების კვეთაში მდებარე ამ სახლში 16 დაკეტილი ბინა ბათუმის მერიას ეკუთვნის

რაც შეეხება კომპლექს “ბათუსის” მოპირდაპირედ, შ. ხიმშიაშვილის ქუჩაზე არსებულ ბინებს – მათი გადამოწმება “ბათუმელებისთვის” უფრო რთული აღმოჩნდა. შეიძლება ითქვას, რომ ზოგიერთ მათგანში ისეთივე მდგომარეობაა, როგორიც ჯავახიშვილისა და ფიროსმანის ქუჩების კვეთაში – აქ ბინები გარედან დაუნომრავია, 10 სადარბაზო დაყოფილია ორ ბლოკად და კონკრეტული ბინის მიგნებაში დახმარებაზე კორპუსის მშენებელი კომპანიის წარმომადგენელმაც, რომელიც იქვე იმყოფებოდა, უარი გვითხრა: “მერიის ბინებზე ინფორმაციას თავად მერია მოგაწვდით და თუ მოგაწოდათ, ისე იქნება, როგორც მათ გითხრეს”.

 მერიის ინფორმაციით, ამ კორპუსში ბინები 2014 წლის ივლისიდან გადავიდა ქალაქის ბალანსზე.
მერიის ორი ბინა (გრიბოედოვისა და ქუთაისის ქუჩებზე) მოქალაქეებს აქვთ დაკავებული.
მერიის ბინების საერთო ფართობი 4705,5 კვ/მ-ია (სექციების ჩათვლით), აქედან 4584 კვ/მ ფართობი თავისუფალია და იქ არავინ ცხოვრობს.

მერიაში განმარტავენ, რომ საბინაო ფონდი იქმნება საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის ქალაქის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების კონკურსებისა და აუქციონების წესით განკარგვისას. ასეთ დროს საკონკურსო (სააუქციონო) პირობას წარმოადგენს საცხოვრებელი სახლის საერთო ფართობიდან გარკვეული რაოდენობის ბინების ქ. ბათუმის მერიისათვის გადაცემა.

ბოლო მონაცემებით, ბათუმში 1700-მდე უსახლკარო ოჯახი ცხოვრობს (2012 წლის არჩევნებამდე მერიისგან ბინას ქალაქში მცხოვრები 1650 ოჯახი ითხოვდა). რატომ არ იყენებენ ამ ბინებს უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ოჯახების უზრუნველყოფისთვის? – ამ კითხვის პასუხად მერიიდან გამოგზავნილ წერილში განმარტებულია, რომ თავის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართობები ბათუმის მერიას ესაჭიროება „ცალკეული ფიზიკური პირების ბინებით დაკმაყოფილების თაობაზე საგარანტიო ხელშეკრულებიდან და სასამართლოს გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებისათვის“.

თუმცა, მერიაში აქვე დასძენენ, რომ ასეთი ვალდებულებები, დღეის მდგომარეობით, ყველა შესრულებული აქვთ. მათივე ინფორმაციით, 2013-2014 წლებში, მერიამ 93 პირს საკუთრებაში 152 ბინა გადასცა.

“ბათუმელების” მიერ რეესტრში მოძიებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ ზოგ შემთხვევაში მერია ბათუმში მცხოვრებ უსახლკაროებზე უპირატეს მდგომარეობას ზოგიერთ სახელმწიფო სამსახურს ანიჭებს. ასე, მაგალითად, იგივე ჯავახიშვილისა და ფიროსმანის ქუჩების კვეთაში მდებარე ახალ კორპუსში მერიას 2013 წლის ივნის-ივლისში კიდევ ორი ბინა ეკუთვნოდა – ერთი მე-9, ხოლო მეორე – მე-11 სართულზე; თითოეული – 80 კვ/მ. ეს ბინები იმავე წლის ნოემბრიდან ბათუმის საკრებულოს შესაბამისი განკარგულებების საფუძველზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია დარეგისტრირებული. რეესტრიდან ამონაწერების მიხედვით კი, 2013 წლის დეკემბრის თვიდან, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანხმობით, ამ ბინებით (N133 და N145) დღემდე სარგებლობს სახელმწიფო აუდიტის სამსახური.

საბინაო ფონდი მერიას ასევე ესაჭიროება იმ პირთა ბინებით დაკმაყოფილებისათვის, რომელთა საკუთრებაში არსებული ფართობი საჭიროა საერთაშორისო, შიდასახელმწიფოებრივი ან ადგილობრივი საავტომობილო გზების მშენებლობისა თუ სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, მათ საკუთრებაში არსებულ ბინებს ისეთ მრავალშვილიან ოჯახებსაც გადასცემენ, ვისაც შვიდი და მეტი შვილი ჰყავს.

არის თუ არა მერიაში მონაცემები (სტატისტიკა) იმ ოჯახებისა, რომლებსაც არ გააჩნიათ საცხოვრებელი ბინები? და რას ჰპირდება მერია ასეთ ოჯახებს? – ამ კითხვებზე პასუხი მერიიდან ვერ მივიღეთ. აქედან გამომდინარე შეიძლება იმის ვარაუდი, რომ ასეთი სტატისტიკა მერიას უბრალოდ არ აქვს.

თუმცა, მერიამ უსახლკარო ოჯახებისთვის შარშან შეიმუშავა და დააფინანსა კიდეც „იაფი სახლის“ პროექტი, რომელიც შემდგომ ვეღარ განახორციელა. პროექტის ფარგლებში მერიას უნდა აეშენებინა 200-ბინიანი კორპუსი, რომლითაც ისარგებლებდნენ ის ოჯახები, რომლებიც შვიდი წლის განმავლობაში ცხოვრობენ ბათუმში და არ აქვთ საკუთარი საცხოვრებელი, თუმცა არიან გადამხდელუნარიანები. მერია შემდგომი გამოსყიდვის საფუძველზე მათ ბინებს თვითღირებულებაში გადასცემდა. ბინა მფლობელს ათი წლის განმავლობაში უნდა გამოესყიდა. მედიაში ამ პროექტის შესაძლო განხორციელების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე, პროექტში ჩართვის მიზნით მერიას 2000-მა მოქალაქემ მიმართა. როგორც უკვე ვთქვით, საბოლოო ჯამში არც ერთი მათგანის მოლოდინი არ გამართლდა, რადგან უკვე მეორე წელია მერიამ ვერ უზრუნველყო არა თუ ამ იდეის განხორციელება, თავად პროექტის მომზადებაც კი.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი დაკეტილი ბინებისა, საკონკურსო პირობების მიხედვით, გარკვეულ საცხოვრებელ ფართობებს ქ. ბათუმის მერია მიმდინარე ბინათმშენებლობებიდანაც ელოდება. მაგალითად, აღმაშენებლის ქუჩა N5-ში მერია მიიღებს 62 ბინას, საერთო ფართობით: 4469 კვ/მ (კონკურსში გამარჯვებული შპს „ედელვაისი“. მშენებლობა უნდა დასრულებულიყო მიმდინარე წლის თებერვლამდე, თუმცა ამჟამად მიმდინარეობს ვადის გაგრძელების პროცედურები).

ფიროსმანის ქუჩა N7-ში (სკოლის მიმდე- ბარედ) მერიას უნდა გადაეცეს 1575 კვ/მ ფართობის 22 ბინა (მშენებელი – შპს „ახალი კერა“. მიმდინარეობს პროექტში ცვლილებების შეტანა, რის შემდეგაც ბინები მერიას გადაეცემა). 3 ბინა ეკუთვნის მერიას პუშკინის ქუჩა N33-ში მშენებარე სახლშიც (შპს „კრისტალი“). ამ გადმოსაცემი ბინების საერთო ფართობია – 6224 კვ/მ.

ამასთან, ლერმონტოვისა და ს. ხიმშიაშვილის ქუჩების მიმდებარედ (266ბ კვარტალი) მშენებარე სახლის საერთო ფართობის 10% უნდა გადასცეს მერიას შპს „ნიუ სტარმა“ (მშენებლობის დასრულების ვადა 2016 წლის 21 დეკემბერია). აღმაშენებლის ქუჩა N5-ში მშენებარე სახლში კი მერიას საერთო ფართობის 13% ეკუთვნის. აქ სახლს „N44 ამხანაგობა“ აშენებს. მშენებლობა 2017 წლის 25 აპრილს უნდა დასრულდეს.

თუ შევაჯამებთ მერიის ბალანსზე არსებული ფართობების ოდენობას, იაფი სახლის პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ფართობის ოდენობასა და მომავალი პრივატიზაციის გზით მიღებული ფართობების ოდენობას, ეს არც თუ ისე ცოტა საცხოვრებელია. არ არის გამორიცხული, თუ ბათუმის მერია თავის მცხოვრებლებზე გააკეთებს ორიენტაციას, ახლა არსებული უსახლკაროების ოდენობას სავარაუდოდ გაანახევრებს კიდეც.

აჭარის მთავრობის ბინები

მონაცემები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული საბინაო ფონდის შესახებ „ბათუმელებმა“ წერილობით აჭარის მთავრობის აპარატიდან გამოითხოვა. ეს წერილი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გადაიგზავნა, საიდანაც არასრული პასუხი მივიღეთ.

აჭარის საკუთრებაში არსებული ბინებიდან, თუ ვის სარგებლობაშია კონკრეტული ბინა ამჟამად, რა ფორმით, რის საფუძველზე, ან რომელია დაკეტილი – ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია სამინისტროდან დღემდე ვერ მივიღეთ. „ბათუმელებმა“ საჯარო რეესტრში სცადა ამ ინფორმაციის მოპოვება, თუმცა, რეესტრის ამონაწერების მიხედვით უძრავი ქონება (ბინა) აჭარის საკუთრებაა, მაგრამ თუ ვინ სარგებლობს დღეს ამ კონკრეტული ქონებით, ძირითადად გაურკვეველია.

სამინისტროს თანამშრომლებმა არაოფიციალურ საუბარში ისიც გვითხრეს, რომ ნებისმიერი სახით სახელმწიფო ბინით სარგებლობა რეესტრში არ ტარდება და აქედან გამომდინარე, ზუსტი ინფორმაცია არც მათ აქვთ… ამასთან, „კანონი, სამინისტროს მიერ საცხოვრებელი ბინების იჯარით გაცემასაც არ კრძალავს“.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში, სამინისტროს ინფორმაციით, აღრიცხულია 65 საცხოვრებელი ფართობი, აქედან 10 – ბათუმში, 13 – ქობულეთში, დანარჩენი 42 კი – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტსა და დაბა ხელვაჩაურში.

რამდენი უბინაო ცხოვრობს აჭარაში? – ამ მონაცემების დაზუსტება აჭარის მთავრობის დონეზეც ძნელი აღმოჩნდა. როგორც ჩანს, მსგავსი სტატისტიკა არც ამ უწყებას აქვს.

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტიქიით დაზარალებულთა საქმეების დეპარტამენტის უფროსის, დალი ქიქავას ინფორმაციით, მონაცემები, თუ კონკრეტულად რამდენი უბინაოა აჭარის მასშტაბით, მათ სამსახურს არ აქვს. თუმცა, აქვთ სტიქიის შედეგად დაზარალებულთა მონაცემები: „ამ დროისთვის გვყავს 113 ოჯახი, ესაა სტიქიით დაზარალებულთა პირველი კატეგორია, რომელთა სახლები საცხოვრებლად უვარგისია და იქ ცხოვრება საფრთხის შემცველია. პარალელურად, მიმდინარეობს დაზარალებული ოჯახების მორიგი გადამოწმება და საბოლოოდ დაზუსტებული მონაცემები ერთი თვის შემდეგ გვექნება“.

რაც შეეხება „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებ ოჯახებს, დალი ქიქავას ინფორმაციით, მათ მდგომარეობას სპეციალურად შექმნილი სამთავრობო კომისია სწავლობს. ამ საკითხს აჭარის მთავრობა მას შემდეგ სწავლობს, რაც ხელისუფლებაში მოვიდა. პირველმა კომისიამ დაახლოებით 5 თვე იმუშავა და აჭარის მასშტაბით 2700-მდე ოჯახი შეისწავლა, მათ შორის ე.წ. “შეჭრილები” (ამაში არ შედის ზემოთ ნახსენები ბათუმში მცხოვრები ის 1650 ოჯახი). მიუხედავად ამისა, უსახლკაროთა ზუსტი რაოდენობა და მათი პრობლემის გადაჭრის მექანიზმი, სამთავრობო თუ მუნიციპალიტეტების დონეზე, ჯერჯერობით არ არსებობს. უფრო მეტიც, ამ საკითხზე – თუნდაც უსახლკაროთა მონაცემების დაზუსტებაზე, სათანადო მონაცემთა ბაზის შექმნაზე, აჭარაში – რეგიონისა თუ მუნიციპალური ხელისუფლების დონეზე, არავითარი პროექტი არ არსებობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი