ახალი ამბები

IPN: ირანის საელჩო წულუკიანის განცხადებას ირანელებზე “გაუაზრებელს” უწოდებს

9 მარტი, 2015 • • 2352
IPN: ირანის საელჩო წულუკიანის განცხადებას ირანელებზე “გაუაზრებელს” უწოდებს

“ნეტგაზეთი” შეეცადა დაკავშირებოდა საელჩოს, თუმცა ვერ შეძლო. განცხადებს უცვლელად გთავაზობთ:

 

“ორიოდე გონივრული სიტყვა საქართველოს იუსტიციის მინისტრის, ქალბატონ თეა წულუკიანის არაკვალიფიციურ და გაუაზრებელ განცხადებასთან დაკავშირებით ირანელებისა და ირანის მოქალაქეების შესახებ: 1992 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე, ირანი, რომელსაც სამიათასწლიანი ბრწყინვალე ცივილიზაციის ისტორია აქვს და გამორჩეული ადგილი ეკავა და უკავია მსოფლიოში, ყოველთვის საქართველოს გვერდით იყო. ირანი იყო ერთ–ერთო პირველი, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა, მეგობრული ურთიერთობა დაამყარა და ბოლო 33 წლის განმავლობაში, ყოველგვარი სირთულეებისა და გამოწვევების დროს საქართველოს უჭერდა მხარს.

2 – ისტორიის მანძილზე, ირანელებს, რომლებიც გონიერი და მაღალი კულტურის ხალხია, სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც კი უწევდათ ცხოვრება, ემსახურებოდნენ იმ ქვეყნის აღმშენებლობას, წარმატებებსა და კეთილდღეობას. ამრიგად, ირანელი ინვესტორებისა და ტურისტებისათვის დაწესებული შეზღუდვები შეიძლება მივიჩნიოთ საქართველოს მიერ ირანელი მეგობრების ცოდნის, კაპიტალისა და ღირებული სამსახურის დაკარგვად; ამასთან, ეს გავლენას ვერ მოახდენს მსოფლიოს ხალხთა შორის არსებულ ურთიერთობებზე, მიუხედავად ზოგიერთების რასისტული და ქსენოფობიური მოსაზრებებისა”, – ნათქვამია ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს პრესის სამსახურის განცხადებაში.

თეა წულუკიანმა 18 თებერვალს “ქრონიკი” ეთერით განაცხადა, რომ სავიზო პოლიტიკის გამკაცრება იყო მასშტაბური რეფორმა და არც ერთი მასშტაბური რეფორმა არ არის უხარვეზო ან უმტკივნეულო ყველასთვის.

 

“ამ სფეროში 1 სექტემბერს, როცა ეს რეფორმა [საიმიგრაციო] შევიდა ძალაში, ამან გამოიწვია ბოლო ოთხი თვის განმავლობაში 2014 წელს ჩვენი ტურისტების ნაკადის 42 000 ადამიანით შემცირება: ჩინელების, ერაყელების, ირანელების და ეგვიპტელების… შევავიწროვეთ ეს და ჩვენ წარმატება მივიღეთ ბრიუსელში და ჩვენ ველოდებით რიგის სამიტზე რაღაცა ტიპის წარმატებას… მერე უკვე ჩვენ შეგვიძლია დადგენილ ჩარჩოში ვაკონტროლოთ და შემოვუშვათ ის, ვინც ჩვენი ქვეყნის კეთილმოსურნეა, ტურისტია ან, რაც მთავარია, ინვესტორია”.  – განაცხადა წულუკიანმა.

 

წულუკიანის აღნიშნული განცხადება არასამთავრობო ორგანიზაციებმა ქსენოფობიურად შეაფასეს. მათ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მინისტრის განცხადებები დასახელებული ეთნიკური და რასობრივი იდენტობის მქონე ადამიანების მიმართ დისკრიმინაციულია.

ირანის დროშა
ირანის დროშა

მასალების გადაბეჭდვის წესი