ახალი ამბები

ირაკლი გედენიძის ცემის ფაქტზე “თავისუფალი საქართველოს” წევრი პარტიიდან გარიცხეს

5 მარტი, 2015 • • 1060
ირაკლი გედენიძის ცემის ფაქტზე “თავისუფალი საქართველოს” წევრი პარტიიდან გარიცხეს

კახა კუკავას თქმით, ი. ბ. მამამ წამოიყვანა აქციაზე. მისივე თქმით, უშუალოდ პარტიის წევრს ირაკლი გედენიძისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია, მხოლოდ ვერბალურ დაპირისპირებაში მონაწილეობდა და შვილი დროულად არ შეაჩერა, სწორედ ამის გამო მიიღო პარტიამ მისი გარიცხვის გადაწყვეტილება.

 

“ეს ბავშვი გუშინვე დავადგინეთ და ჩავაბარეთ პოლიციას. თვითონ მეორე პირი, ვინც ჩანს კიდევ კადრებში, ის იყო პარტიის წევრი და გავრიცხეთ, გიორგი ბეგიაშვილი. ხელი არ შეუშალა შვილს. ასეთი ექსცესები ხდება აქციებზე, მილიონჯერ მომხდარა საქართველოში, მაგრამ ყოველთვის, როცა ვინმე შევესწრებით ხოლმე, სასწრაფოდ აღკვეთა და პრევენცია ხდება. ჩვენც ხომ აქციაზე არ ვიცოდით, რა, როგორ მოხდა, საერთოდ იმ დროს აქცია პრაქტიკულად გადასული იყო სოლოლაკში. ეს კადრები მე აქციის შემდეგ ვნახე. ჩვენ დავადგინეთ ვინ იყო, მე არც ვიცნობ ამ ახალგაზრდას, პირველად იყო ჩვენს აქციაზე, მამას წამოყვა. მერე ვილაპარაკეთ, რა თქმა უნდა, და ავუხსენით, რომ სწორი გამოსავალია. ის, ვინც მონაწილეობდა ამ ინცინდენტში, ჩაბარდა პოლიციას და დაკავებულია, ხოლო მამას ავუხსენით, რომ პარტია ამის წინააღმდეგ გამოვდივართ 10 წელია, ძალადობის და ანგარიშსწორების  წინააღმდეგ. ბუნებრივია, რომ პარტიაში ვერ დარჩებოდა”,- ამბობს კახა კუკავა. 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლი გედენიძის ცემის ფაქტზე ერთი ადამიანი, 21 წლის ი.ბ. დააკავეს, თუმცა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ ინცინდენტში მონაწილე მეორე პირის მიმართაც უნდა დაიწყოს საგამოძიებო მოქმედებები:

 

“გვსურს ყურადღება გავამახვილოთ იმ გავრცელებულ ვიდეოკადრებზე, რომლებზეც ინციდენტია ასახული, და ხაზი გავუსვათ იმ გარემოებას, რომ ირაკლი გედენიძის ცემის ამსახველ ვიდეომასალაში ორი ადამიანი ფიგურირებს. გავრცელებული ვიდეომასალებიდან ჩანს, თუ როგორ ურტყამს ერთი მამაკაცი ირაკლი გედენიძეს, ხოლო მეორე მამაკაცს როგორ უჭირავს ირაკლი გედენიძე ორივე ხელით. აუცილებელია, გამოძიებით დადგინდეს დანაშაულში მონაწილე ყველა პირის ვინაობა და ყველა დამნაშავე მიცემულ იქნეს პასუხისგებაში”- ნათქვამია საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
 
 
სახალხო დამცველიც მიიჩნევს, რომ შსს-მ  ინციდენტში მონაწილე ყველა პირი უნდა დაადგინოს და მათ მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული ადეკვატური სანქციები გაატაროს. სახალხო დამცველის წარმომადგენლები ესაუბრნენ ირაკლი გედენიძეს, რომელიც ამბობს, რომ ინცინდენტში მონაწილე მეორე პირი, დაკავებული ი.ბ.-ს მამა, მას აკავებდა და თავდაცვისა თუ გარიდების შესაძლებლობას არ აძლევდა.
 

აქციაზე “შემოულაწუნე”, რომელიც 4 მარტს “ვარდების მოედანზე” დაიწყო, “ინტერპრესნიუსის” ფოტორეპორტიორი ირაკლი გედენიძე სცემეს. შსს–მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125–ე მუხლით, ცემის ფაქტზე დაიწყო, თუმცა მოგვიანებით მუხლი ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და ნივთის დაზიანება ან განადგურების მუხლით გადაკვალიფიცირდა.

 

“ვიღებდი აქციის მზადების პროცესს და არ ესიამოვნა, რომ კადრში მოხვდებოდა, ერთ–ერთ მანქანაში იჯდა ეს ახალგაზრდა ბიჭი. დამიწყო საქმის გარჩევა, მეთქი, არ გიცნობ ვინ ხარ, რატომ მოხვედი ჩემთან, ამის შემდეგ დაიწყო გინება და შემდეგ გადავიდა ცემაზე. დაამტვრია აპარატურა. შემდეგ მოჰყვა თანმხლები ახალგაზრდა და მცემეს”,– ამბობს გედენიძე. 

 

ირაკლი გედენიძის ფოტოკამერა დამტვრეულია, მასზე თავდასხმის კადრები ინფო 9–მ გაავრცელა.

 

აქცია არასაპარლამენტო ოპოზიციის ორგანიზებით გაიმართა და ყოფილი პრემიერ–მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს–ცენტრთან დასრულდა. აქციაში მონაწილეობდნენ “რეფორმატორები”, “თავისუფალი საქართველო” და “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი