ახალი ამბები

“ფორბსის” 2015 წლის მილიარდერთა რეიტინგში ივანიშვილის პოზიცია გაუარესდა

3 მარტი, 2015 • • 1695
“ფორბსის” 2015 წლის მილიარდერთა რეიტინგში ივანიშვილის პოზიცია გაუარესდა

“ფორბსის” 2015 წლის 500 ყველაზე მდიდარ ადამიანს შორის ბიძინა ივანიშვილი 291-ე ადგილს $5.2 მილიარდი დოლარის ქონებით იკავებს. აღნიშნული ნუსხა “ფორბსმა” 2015 წლის 2 მარტს გამოაქვეყნა

 

შარშან, 2014 წელს, “ფორბსის” შეფასებით, ივანიშვილი იმავე ოდენობის, $5.2 მილიარდი დოლარის ქონებას ფლობდა, თუმცა 270-ე ადგილზე იყო.

 

უკეთესი მაჩვენებელი ჰქონდა ივანიშვილს 2013 წელს. იგი რეიტინგში 5,3 მილირდი დოლარით 229–ე ადგილს იკავებდა.

 

“ფორბსმა” 2015 წელი, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის, ნავთობის ფასების რყევისა და ევროს დასუსტების მიუხედავად, მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანებისთვის, ზოგადად, დადებითად შეაფასა.

 

ფორბსის ცნობით, მილიარდერების შარშანდელი საერთო ქონება 6,5 ტრილიონი დოლარი წელს 650 მილიარდით გაიზარდა და 7.05 ტრილიონს შეადგენს.

 

გამოცემის განმარტებით, მდიდრების საერთო ქონების გაზრდას 290 ახალი მილიარდერის გაჩენამ შეუწყო ხელი. ახალი მილიარდერების გამოჩენის მიუხედავად, მათ ნუსხაში ბილ გეითსი 79.2 მილიარდი დოლარის ქონებით კვლავ ლიდერობს.

 

“ფორბსის” ცნობით, მსოფლიოში 1826 პიროვნება მილიარდერადაა მიჩნეული. Oxfam-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, დოვლათი, რომელსაც პლანეტის უმდიდრესი ადამიანები ფლობენ, რაც მოსახლეობის 1%-ია, 2016 წელს პლანეტის დანარჩენი მოსახლეობის არსებულ ქონებას გადააჭარბებს. BBC-ის ცნობით, ამ 1%-ს შეადგენს 70 მილიონი ადამიანი, ვინც მინიმუმ 800 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ქონებას ფლობს.

ბიძინა ივანიშვილი/ფოტო: EUobserver.com
ბიძინა ივანიშვილი/ფოტო: EUobserver.com

მასალების გადაბეჭდვის წესი