ახალი ამბები

რუსთავის მეტალურგიული ქარხნიდან 360 ადამიანი უვადო, აუნაზღაურებად შვებულებაში გაუშვეს

2 მარტი, 2015 • • 2898
რუსთავის მეტალურგიული ქარხნიდან 360 ადამიანი უვადო, აუნაზღაურებად შვებულებაში გაუშვეს

კომპანია აცხადებს, რომ მენეჯმენტის “ეს უმძიმესი გადაწყვეტილება” 24 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ლაშა ქოჩიაშვილის მიერ „რუსთავის ფოლადის“ წინააღმდეგ გამოტანილმა “უსაფუძვლო, უკანონო და უსამართლო გადაწყვეტილებამ” განაპირობა.

 

“რუსთავი ფოლადის” განმარტებით, მოსამართლე ქოჩიაშვილმა უარი თქვა მათს შუამდგომლობაზე, რომელიც ითვალისწინებდა მოთხოვნილი საკრედიტო ვალდებულებების (ოთხი ათას ხუთას ორმოცდათხუთმეტი ლარი და ორმოცდარვა თეთრი) მოცულობის თანხის სასამართლოს ანგარიშზე დეპონირებას ქარხნის მუშაობისთვის აუცილებელ აქტივებზე შეზღუდვების ნაცვლად.

 

კომპანია მიიჩნევს, რომ ეთერ მთვრალაშვილის იურიდიული ინტერესი სრულად იქნებოდა უზრუნველყოფილი:

 

“ამ ადეკვატური შუამდგომლობის  დაკმაყოფილების ნაცვლად, ქოჩიაშვილმა შეზღუდა ათეულობით მილიონის ქონება და პრაქტიკულად გააჩერა და დახურვის საფრთხის წინაშე დააყენა ქარხანა, სადაც 2500-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ საშუალებას, რომ დავიცვათ შპს „რუსთვის ფოლადის“ უფლებები და ინტერესები”.

 

კომპანიის განმარტებით, მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა აკრძალა „რუსთავის ფოლადის“ ათეულობით მილიონის ღირებულების უძრავ–მოძრავი ქონების გამოყენება, მათ შორის წიდასაყარი, რომელზე წვდომის გარეშეც მეტალურგიული ქარხნის მუშაობა უკიდურესად იზღუდება.

 

მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა, ეთერ მთვრალაშვილის მოთხოვნის საფუძველზე, რომელსაც 4,553 ლარი და 48 თეთრი  აქვს მისაღები 2019 წელს სს „ქართული ფოლადისგან“, კომპანიის უძრავ-მოძრავი ქონების გამოყენება აკრძალა. კომპანიის ცნობით, ამავე მოტივით მოსამართლემ ბათილად ცნო შპს „რუსთავის ფოლადის“ მიერ ს.ს. „ქართული ფოლადისგან“ მეტალურგიული ქარხნის შეძენის ხელშეკრულებები.

 

“რუსთავის ფოლადს” მიაჩნია, რომ მოსამართლის გადაწყვეტლებამ მათი კანონიერი ინტერესები ხელჰყო. კომპანიას მიაჩნია, რომ საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქოჩიაშვილი თავისი გადაწყვეტილებებით უზენაესი სასამართლოს კოლეგიას უპირისპირდება და უზენაესი სასამართლოს მიერ კანონიერად აღიარებულ ხელშეკრულებებს ხელმეორედ ბათილად აცხადებს.

რუსთავის მეტალურგიული ქარხანა
რუსთავის მეტალურგიული ქარხანა

მასალების გადაბეჭდვის წესი