ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

პოლიტიკური თუ კლანური დაპირისპირება სომხეთში?

19 თებერვალი, 2015 • • 1566
პოლიტიკური თუ კლანური დაპირისპირება სომხეთში?

გასულ ხუთშაბათს სომხეთის მმართველი “რესპუბლიკური პარტიის” პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა მძაფრად გააკრიტიკა პარტია “აყვავებული სომხეთის” ლიდერი, ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი, ოლიგარქი და მეცენატი გაგიკ წარუკიანი და მისი საქმიანობა შეაფასა, როგორც ქვეყნისთვის ბოროტებისა და ზიანის მომტანი.

 

სარგსიანმა წარუკიანი ეროვნული უშიშროების საბჭოს შემადგენლობიდან დაითხოვა. ამასთან, გასცა დავალება, რომ გამოარკვიონ, თუ რა მიზეზით აცდენს დეპუტატი წარუკიანი სისტემატიურად პარლამენტის სხდომებს. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, 2013-14 წლებში ჩატარებული 145 სხდომიდან წარუკიანი მხოლოდ ოთხში მონაწილეობდა. სარგსიანმა, ასევე, განაცხადა, რომ უნდა გადამოწმდეს, თუ რამდენად შეესაბამება სიმართლეს გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ წარუკიანს არ გადაუხდია მილიარდობით დრამის მოცულობის გადასახადები. პრეზიდენტმა ისიც აღნიშნა, რომ გადაწყვიტა გაარკვიოს ოპონენტის აქტივობები, რომლებშიც შესაძლოა კრიმინალური კვალი იყოს.

 

“ადამიანი, რომელსაც აქვს საკმარისი მექანიზმები, რომ მონაწილეობდეს პოლიტიკურ პროცესებში, მაგრამ აქვს დაბალი ინტელექტუალური შესაძლებლობები, ავტომატურად იქცევა მუხრუჭად პროგრესის გზაზე. ის ფაქტი, რომ ისეთ პიროვნებას, როგორიც გაგიკ წარუკიანია, აქვს დიდი პოლიტიკური ამბიცია – ტრაგედიაა, ხოლო ზოგიერთ პლანში ეს კომიკურიციაა. ჩვენ არ გვაქვს სამშობლო იმისთვის, რომ ის ცირკად გადავაქციოთ,” – განაცხადა სერჟ სარგსიანმა.

სერჟ სარსგიანი და გაგიკ წარუკიანი, ფოტო: Photolure.am
სერჟ სარსგიანი და გაგიკ წარუკიანი, ფოტო: Photolure.am

 

პრეზიდენტის რისხვის მიზეზი გახდა წარუკიანის მიერ რამდენიმე დღით ადრე საზოგადოებრივი ძალების კონფერენციაზე გაკეთებული კრიტიკული განცხადებები მთავრობის მიმართ. წარუკიანმა თქვა, რომ არ დაიშურებს ძალისხმევას მომავალი არჩევნების შედეგად ხელისუფლების შესაცვლელად.

 

პრეზიდენტის მძაფრ კრიტიკას მყისიერად გამოემხაურა გაგიკ წარუკიანი, რომელიც აქამდე თავისი პარტიის პოზიციონირებას ახდენდა იმაზე, რომ ის იყო ალტერნატიული და არა ოპოზიციური ძალა. სარგსიანის განცხადებების შემდეგ წარუკიანმა პარტია “აყვავებული სომხეთის” პოლიტსაბჭოს სხდომა მოიწვია, სადაც განაცხადა, რომ აუცილებელია რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება და ხელისუფლების სრულფასოვანი ცვლილება.

 

“მოგიწოდებთ საერთო ეროვნული მობილიზაციისკენ ერთადერთი მიზნით – ყველა კანონიერი პოლიტიკური მეთოდით (მუდმივი მიტინგები, მსვლელობები, დემონსტრაციები, დაუმორჩილებლობა და სხვა) მივაღწიოთ სერჟ სარგსიანის გადადგომას. ამჟამინდელი მთავრობა დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს და ჩვენ უნდა დავხუროთ ჩვენი ისტორიის ეს სამარცხვინო ფურცელი. სომხეთს ჭირდება ამ უსიამოვნო ატმოსფეროს გასუფთავება,” – განაცხადა გაგიკ წარუკიანმა.

 

წარუკიანმა ქვეყნის ყველა უბედურებაში პრეზიდენტს დასდო ბრალი:

 

“მისგან (პრეზიდენტისგან) განსხვავებით, მე არ გამოვდივარ გადაუმოწმებელი ფაქტებითა და ხმამაღალი განცხადებებით, პირიქით, წარმოვადგენ ოფიციალურ მონაცემებსა და ფაქტებს, რომლებიც ყველასთვის ცნობილია: სარგსიანის მმართველობის პერიოდში ქვეყნის შიდა ვალი 3 მილიარდი დოლარით გაიზარდა, – სად არის ეს ფული, ბატონო სარგსიანო? დოლარ-დრამის “თამაშის” შედეგად ხალხს მილიონები მოპარეს, – სად წავიდა ეს ფული? საზოგადოებას სურს მიიღოს პასუხები ამ კითხვებზე პირადად თქვენგან. გადაუმოწმებელი მონაცემებით, რასაც თქვენ ეყრდნობით ხოლმე, ხალხმა კარგად იცის, სად წავიდა ეს ფული; ხალხმა ასევე კარგად იცის, ვინ გაძარცვა ბიუჯეტი და ვინ მონაწილეობს ე.წ. “ატკატებში”; სად არის ფული, რომელიც ეკუთვნის პენსიონერებს, ექიმებს, გლეხებს, სამხედროებს, პოლიციელებს, მასწავლებლებსა და სტუდენტებს?”

 

წარუკიანის თქმით, “მთავრობის შეცვლის შემდეგ 2-3 ადამიანს, რომლებმაც მოპარეს ხალხს მილიარდობით დოლარი, მოუწევს ამ თანხას ბიუჯეტში დაბრუნება, რათა ფეხზე დავაყენოთ სომხეთი და უფრო ძლიერი გავხადოთ არწახი (მთიანი ყარაბაღის სომხური სახელწოდება, – ავტ.), გავათავისუფლოთ ხალხი პროცენტების სიმძიმისგან და უზრუნველვყოთ ღირსეული ცხოვრებით ჩვენი შვილები და მშობლები”.

 

ოლიგარქის განცხადებით, სარგსიანს არაფერი უთქვამს იმაზე, თუ რატომ განიცდის მისი მმართველობის წლებში ეკონომიკა სამარცხვინო კრახს? რატომ შემცირდა ინვესტიციები და გაიზარდა სიღარიბის დონე, იმავდროულად კი გამსხვილდა მისი და მისი ვიწრო გარემოცვის დეკლარირებული და არადეკლარირებული ქონება?

 

“მან ასევე არ განმარტა, თუ რატომ იქცა სახელმწიფო პოლიტიკად ბიზნესის ტერორი? რატომ იზრდება ყოველდღიურად ემიგრაციის ტემპი? რატომაა ქვეყანაში ფინანსური არასტაბილურობა? რატომ არის ბანკებში დაგირავებული მთელი სოფლები, სახლები, მოქალაქეების ქონება? რატომ გაიზარდა დაძაბულობა სომხეთისა და არწახის საზღვრებთან? რატომ გათავხედდნენ თურქეთი და აზერბაიჯანი? რატომ ისმება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მათ მიერ კაზინოში წაგებული მილიონობით დოლარის საკითხი? რატომ აორთქლდა ქარხანა “ნაირიტის” ანგარიშზე გამოწერილი მილიონობით დოლარი, 1700 ადამიანი კი უმუშევარი დარჩა?” – ყველა ეს შეკითხვა წარუკიანმა “აყვავებული სომხეთის” პოლიტსაბჭოს სხდომაზე დასვა.

 

პრეზიდენტის ბრალდებას, რომ თითქოს წარუკიანი მალავს გადასახადებს, ოლიგარქმა უპასუხა, რომ სარგსიანის მმართველობის წლებში რამდენიმე თვის განმავლობაში ამოწმებდნენ მისი და მისი ახლობლების კუთვნილ საწარმოებს და დარღვევები ვერ აღმოაჩინეს.

 

ერთი სიტყვით, ერთმანეთს ორი ძალიან სერიოზული პოლიტიკური ძალა დაეჯახა. სომხეთის პრესაში აქამდე ხშირად იყო მინიშნებები, რომ წარუკიანის ზურგს უკან სომხეთის მეორე პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი დგას. ამასთან,  წარუკიანის გარშემო გაერთიანებულია ორი საპარლამენტო ოპოზიციური პარტია – “მემკვიდრეობა” და “სომხეთის ეროვნული კონგრესი”. მათ ასევე შეუერთდა რამდენიმე წვრილი პარტია. ამის მიუხედავად, ამ დრომდე პარტია “აყვავებული სომხეთი” მიიჩნეოდა მკვეთრად ცენტრისტულ პოლიტიკურ ძალად ლიბერალური მიდრეკილებებით, რომელიც საკმაოდ ლოიალური იყო ხელისუფლებისადმი. ახლანდელ პარლამენტში ფრაქციებს შორის მას რაოდენობით მეორე ადგილი უკავია (131-დან 36 სადეპუტატო მანდატი აქვს).

რობერტ ქოჩარიანი და გაგიკ წარუკიანი, ფოტო: 1in.am
რობერტ ქოჩარიანი და გაგიკ წარუკიანი, ფოტო: 1in.am

 

კვირას, 15 თებერვალს, პარტიებმა – “აყვავებული სომხეთი”, “სომხეთის ეროვნული კონგრესი და “მემკვიდრეობა” – გამოაცხადეს, რომ 20 თებერვალს გამართავდნენ მრავალათასიან მიტინგს ხელისუფლების წინააღმდეგ ერევნის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე. თუმცა 17 თებერვალს პარტია “დაშნაკცუთიუნისა” და მოსკოვიდან ერევანში სასწრაფოდ ჩამოსული ცნობილი ბიზნესმენის სამველ კარაპეტიანის ინიციატივით, მოლაპარაკებები გაიმართა გაგიკ წარუკიანსა და სერჟ სარგსიანს შორის. 18 თებერვალს კი წარუკიანმა განაცხადა, რომ ოპოზიციის მიერ დაგეგმილი მიტინგი აღარ გაიმართებოდა, რამდენადაც “სომხეთში პრობლემების მოგვარებისთვის აუცილებელია არა ერთმანეთთან ომი, არამედ მშვიდად, ორმხრივი შეუარცხყოფების გარეშე მუშაობა, ხარვეზების გამოვლენა და პრობლემების გადაჭრა”.

 

“ჩემთვის ძვირფასია თითოეული მოქალაქის სიცოცხლე და ღირსება. არავითარი მიზანი არ ამართლებს თუნდაც ერთი უდანაშაულო ადამიანის სისხლის ხარჯზე პოლიტიკას,” – განაცხადა წარუკიანმა თავის მიმართვაში, რომელიც 18 თებერვალს გამოაქვეყნა – “ოპოზიციის და ხელისუფლების ამოცანაა, არ გადაუხვიონ საღი აზრისგან. ყველა საკითხი უნდა გადაწყდეს მშვიდობიანი, კანონიერი და პოლიტიკური გზით”.

 

ხანგრძლივად გასტანს თუ არა სომხეთში მშვიდობიანი პერიოდი, რთული სათქმელია. მანამდე კი გაგიკ წარუკიანს მოუწევს პასუხი გასცეს თავის პარტნიორებს ოპოზიციაში (სომხეთის ეროვნული კონგრესი და პარტია “მემკვიდრეობა”), თუ რატომ გადადო დაგეგმილი მიტინგი მათთან შეუთანხმებლად.

 

58 წლის გაგიკ წარუკიანი, მის მიერვე შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 60 მილიონ აშშ დოლარს ფლობს. წარუკიანი 1995 წლიდან არის კონცერნ “მულტი ჯგუფის” პრეზიდენტი, რომელიც მოიცავს ლუდსახარშს “კოტაიკი”, ერევნის ფარმაცევტულ კომპანიას, ავეჯის მაღაზიებს ქსელს “მეკ”-ი, კომპანია “ავიასერვისს”, ბენზიგასამართი სადგურების ქსელს “მულტი ლეონი”, ქვის გადამამუშავებელ ქარხაბას “მულტი სთოუნი”, კონიაკის, ღვინის და არყის მწარმოებელ კომბინატს “არარატი”, ასევე, არარტის ცემენტის ქარხანას.

 

წარუკიანი პოლიტიკაში 2000 წლიდან ჩაერთო, 2003 წელს აირჩიეს პირველად სომხეთის პარლამენტის წევრად, ხოლო ბოლოს დეპუტატი გახდა 2012 წლის არჩევნების შედეგად. სომხეთის პრესაში არაერთი ოფიციალურად დაუდასტურებელი ცნობაა გავრცელებული იმის თაობაზე, რომ წარუკიანი წარსულში სხვადასხვა კრიმინალურ საქმესთან იყო დაკავშირებული. პრესაში ასევე გავრცელებული იყო ვიდეომასალა, რომელიც თითქოს წარუკიანის კუთვნილ ზოოპარკში იყო გადაღებული, როდესაც ლომს ცოცხალი ვირი გადაუგდეს შესაჭმელად, რასაც მოჰყვა საზოგადოების ვნებათაღელვა, თუმცა ეს ინფორმაცია თავად წარუკიანმა არ დაადასტურა.

 

წარუკიანს იცნობენ, ასევე, როგორც მეცენატს, რომელიც აფინანსებს სტუდენტების სწავლა-განათლებას, აშენებს და არემონტებს ტაძრებს და ა.შ. ტაძრების აღმშენებლობისთვის მას სომხეთის პატრიარქმა წ. გრიგორ ლუსავორიჩის პრემია გადასცა. გაგიკ წარუკიანი აფინანსებს სომხეთში რამდენიმე მედიასაშუალებას, იგი არის სომხეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარეც.

სარგსიანი-წარუკიანის დაპირისპირება, ალბათ, ნაკლებად ჰგავს სააკაშვილი-ივანიშვილის დაპირისპირებას. პირველ შემთხვევაში, საქმე უფრო კლანებს შორის ომს ჰგავს. სომხეთის მედიის ცნობით, სომხეთის უმდიდრესი ადამიანების სამეულში პირველ ადგილზე რობერტ ქოჩარიანი, მეორეზე – სერჟ სარგსიანი და მესამეზე კი გაგიკ წარუკიანია.

 


სტატია მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი