ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ევრაზიულ საბაჟო კავშირში სომხეთის წევრობის პლუსები და მინუსები

16 თებერვალი, 2015 • • 2189
ევრაზიულ საბაჟო კავშირში სომხეთის წევრობის პლუსები და მინუსები

სომხეთის ინტეგრაციული არჩევანის პლუსებზე საუბრისას ადგილობრივი ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ქვეყანამ მიიღო გაცილებით დაბალი ფასი გაზზე, ნავთობპროდუქტებზე და ნულოვანი საბაჟო ტარიფი დაუმუშავებელ ალმასზე. თუმცა იქვე აღნიშნავენ, რომ ეს ბონუსები ნაკლებად საგრძნობია ადგილობრივი მოსახლეობისთვის მაშინ, როცა გაიზარდა ფასები ყოველდღიური მოხმარების საგნებზე, პურისა და რძის პროდუქტების ჩათვლით; რუბლის გაუფასურების გამო რუსეთიდან ათასობით შრომითი მიგრანტი დაბრუნდა სომხეთში; შემცირდა ინვესტიციები დასავლეთის მხრიდან რუსეთზე დაკისრებული სანქციების პირობებში და ა.შ.

 

ამის მიუხედევად, არასამთავრობო ორგანიზაციის “ინტეგრაცია და განვითარება” თავმჯდომარე, პოლიტოლოგი არამ საფარიანი მიიჩნევს, რომ სომხეთი მხოლოდ მოიგებს ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში წევრობით. საფარიანი აცხადებს, რომ ევრაზიული საბაჟო კავშირის წევრ ქვეყნებს შორის სომხეთს ყველაზე ლიბერალური ეკონომიკური სისტემა აქვს, რაც მოიზიდავს ახალ ბიზნესებს, რადგან კომპანიებს სომხეთში უფრო იაფი დაუჯდებათ ბიზნესის წარმოება, ვიდრე – რუსეთში. ამას გარდა, საფარიანის თქმით, მალე სომხური კომპანიები შეძლებენ მონაწილეობა მიიღონ რუსეთის ბაზარზე სახელმწიფო შესყიდვებშიც, რაც შეიძლება სერიოზული სტიმული გახდეს სომხეთში ახალი კომპანიების რეგისტრაციისა და განვითარებისთვის.

არამ საფარიანი
არამ საფარიანი

რუსეთსა და საბაჟო კავშირის წევრ სხვა ქვეყნებში (ბელორუსი, ყაზახეთი) სომხეთიდან სამუშაოდ წასული დაახლოებით 225-230 ადამიანი ყოველწლიურად 1.5-დან 1.8 მილიარდ აშშ დოლარს აგზავნის სომხეთში. არამ საფარიანი, ასევე, ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ მიგრაციის შესახებ რუსეთის ახალი კანონითა და არსებული შრომითი შეთანხმებით, საბაჟო კავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებს შეუძლიათ დარჩნენ იქ და იმუშაონ შეუზღუდავად, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეებს. შრომითი შეთანხმება – ეს სოციალური პაკეტიცაა, რომელიც მოიცავს სამედიცინო მომსახურებას, ბავშვების განაწილებას ბაღებსა და სკოლებში და ა.შ.

 

“ნავთობზე ფასების დაცემის მიუხედავად, რუსეთზე უწინდებურად მოდის სომხეთში განხორციელებული ტრანსფერების ლომის წილი,” – ამბობს საფარიანი. მისივე თქმით, მომავალში, როცა სომხეთი ჩაანაცვლებს რუსეთის ბაზარზე სოფლის მეურნეობის პროდუქტების იმპორტს, როცა შეიქმნება ერთიანი საფინანსო-საბანკო სისტემები, გაერთიანდება ენერგეტიკა, სიტუცია კიდევ უფრო გაუმჯობესდება.

 

საფარიანისგან განსხვავებით, ნაკლებად ოპტიმისტურადაა განწყობილი აშოტ არამიანი, რომელიც ეკონომიკური ჟურნალის “ბაზისის” მთავარი რედაქტორია:

 

“სომხეთის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებით გარე სამყაროსთან კომუნიკაციის კავშირები არ გაზრდილა და არც რესპუბლიკის ნახევრად ბლოკადაში არსებობის კუთხით შეცვლილა ვითარება”.

 

არამიანის თქმით, ექსპორტის მოსალოდნელი ზრდა ჯერ არ ჩანს, რამდენადაც, უპირველეს ყოვლისა, ადგილობრივ კომპანიებს არ შეუძლიათ ექსპორტის მოცულობის გაზრდა და მეორეც – რუბლის მკვეთრი გაუფასურების გამო რუსეთის ფედერაცია ხდება არახელსაყრელი, და მესამეც, ერთადერთი სახმელეთო გზა, რომელიც სომხეთს რუსეთთან აკავშირებს და საქართველოზე (ზემო ლარსი) გადის, ხშირად იკეტება კლიმატური პირობებისა და უამინდობის გამო. თანაც, ეს გზა, როგორც წესი, დატვირთულია დიდი მანქანებით თურქეთიდან, რომელიც ძალიან გააქტიურდა რუსულ ბაზარზე საკუთარი საქონლის მიწოდებით.

აშოტ არამიანი
აშოტ არამიანი

რაც შეეხება იაფ გაზს, ნავთობპროდუქტებსა და ალმასის ნედლეულის გათავისუფლებას საბაჟო გადასახადისგან, რაც მიიჩნევა სომხეთის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების პლუსებში, არამიანის თქმით, აქაც არ არის ცალსახად პოზიტიური ვითარება. მაგალითად, ეკონომისტი საუბრობს იმ ფაქტზე, რომ გასულ წელს სომხეთში რუსეთიდან შემოტანილი ნავთობპროდუქტების (ბენზინი, დიზელის საწვავი) წილი გაიზარდა 36.2%-ით, თუმცა ფასი მასზე იზრდება როგორც რუსეთში, ისე – სომხეთში: “მთელი მოგება რჩება მონოპოლისტ ნავთობტრეიდერებს,” – ამბობს არამიანი. მისივე თქმით, რუსეთიდან საქართველოს გავლით მიღებული იაფი გაზი “გაზპრომ სომხეთის” მიერ ისეთ ფასად ნაწილდება, რომ საბოლოოდ მომხმარებელი მას არც ისე იაფად იღებს. ამასთან, აკრძალულია ალმასის ნედლეულის რეექსპორტი, ხოლო მისი დამუშავება სომხეთში არარენტაბელურია, ეს კი, არამიანის თქმით, ამ პროდუქტზე საბაჟო გადასახადის მოხსნის ნიველირებას ახდენს.

 

რაც შეეხება შრომით მიგრანტებს, არამიანი აღნიშნავს, რომ, ერთი მხრივ, ისინი თითქოს გათანაბრებულნი არიან რუსეთის მოქალაქეებთან, მაგრამ რუსეთის საკანონმდებლო ნოვაციებით, სომეხ მიგრანტებს უმნიშვნელო დარღვევების გამო აკრძალული აქვთ რუსეთში შესვლა 3-დან 10 წლამდე ვადით. ამას გარდა, რუსეთში არსებული ეკონომიკური ვითარება აიძულებს ბევრს დაბრუნდეს, რასაც მოაქვს უმუშევრობის დონის მნიშვნელოვნად ზრდა. არამიანის პროგნოზით, უმუშევრობის დონე სომხეთში შესაძლოა 42-44%-ზე ავიდეს ზაფხულის პერიოდში.

 

აშკარა პლუსად არამიანი მიიჩნევს რუსული კომპანიების მხრიდან სომხეთისადმი ბოლო პერიოდში მზარდ ინტერესს:

 

“აქ მაკროეკონომიკური ვითარება საკმაოდ სტაბილურია: არის მცირე, მაგრამ მაინც ეკონომიკური ზრდა, მისაღებია ინფლაცია, დრამის კურსი 15%-ით დაეცა იმ ფონზე, როცა რუბლმა 100%-იანი დევალვაცია განიცადა. დაბოლოს, ადგილობრივი ეკონომიკის რეზიდენტებად ქცევის შემთხვევაში, ევრაზიული კავშირის ქვეყნებიდან ბიზნესებს შეუძლიათ ისარგებლონ ევროკავშირთან შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმით (GSP+), რომლის მიხედვითაც დაახლოებით 6400 სახეობა სომხეთიდან ევროპაში ექსპორტირდება ნულოვანი ან ძალიან შემცირებული საბაჟო გადასახადებით,” – აცხადებს აშოტ არამიანი.

 

ბევრს ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს ის ფაქტი, რომ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის დანარჩენ წევრებთან შეთანხმების მიხედვით, მაგალითად, მომსახურების სფეროში სომხეთი უერთდება კავშირის წევრებთან შეთანხმებას ზოგად პრინციპებზე, მაგრამ საქონლით ვაჭრობის სფეროში გათვალისწინებულია ეტაპობრივი გადასვლა ერთიან საბაჟო ტარიფზე. სომხეთს ამისთვის 2022 წლამდე აქვს ვადა. ამ დრომდე კი სომხეთს შეუძლია გამოიყენოს სხვადასხვა ტარიფი კავშირის წევრ ქვეყნებთან საბაჟო გადასახადების კუთხით სხვადასხვა პროდუქციაზე, მათ შორის, ხორცზე და ხორცპროდუქტებზე. 2022 წლამდე რესპუბლიკისთვის იმოქმედებს ცალკე ტარიფი რძის პროდუქტების ზოგიერთ სახეობაზე, კვერცხზე, თაფლზე, 2019 წლამდე – ზოგიერთი სახეობის ხილზე და თხილზე.

 

სომხეთის მეორე პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი აცხადებს, რომ ევრაზიის საბაჟო კავშირის ეკონომიკა საშუალოვადიან პერსპექტივაში იქნება რეცესიაში, რაც იმას ნიშნავს, რომ სომხეთისთვის არ იქნება ადვილი დაიკავოს იქ შესამჩნევი ნიშა.

 

“ძლიერად გაუფასურებული რუბლი სერიოზულად შეცვლის ვაჭრობას რუსეთთან არა სომხური პროდუქტების სასარგებლოდ,” – თქვა ექსპრეზიდენტმა – “რუსეთიდან სერიოზული ინვესტიციები კი ნაკლებად მოსალოდნელია, მათ თავიანთი პრობლემები აქვთ დასავლური კრედიტების რეფინანსირების კუთხით სანქციების გამო”. ქოჩარიანის თქმით, “ევრაზიულ კავშირში შესვლით ჩვენ მნიშვნელოვნად დავკარგეთ მიმზიდველობა დასავლური კომპანიებისთვის”. ამასთან, ექსპრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სომხური ეკონომიკის მონოპოლიზაცია ძლიერდება, ინვესტიციების ბრუნვა სტაბილურად ეცემა, საინვესტიციო აქტივობა დეგრადაციას განიცდის.

რობერტ ქოჩარიანი
რობერტ ქოჩარიანი

“ევრაზიული ინტეგრაცია აბსოლუტურად არაფრის გარანტიას არ აძლევს სომხეთს,” – განაცხადა ოპოზიციური პარტია “მემკვიდრეობის” თავმჯდომარის მოადგილემ, არმენ მარტიროსიანმა. მისი აზრით, ხელისუფლების პირველი და მთავარი შეცდომა არის ის, რომ საკითხი – შესულიყო თუ არა სომხეთი ევრაზიულ კავშირში – არასდროს გამოუტანია საზოგადოების წინაშე განსახილველად და ამით რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ იგნორირება გაუკეთა ყველა შესაძლო საწინააღმდეგო მოსაზრებას.

 

“ევრაზიულ კავშირში შესვლა არ ნიშნავს, რომ ჩვენს ექსპორტიორებს ვინმე აძლევს რაიმე შეღავათის გარანტიას რუსეთის, ბელორუსის და ყაზახეთის ბაზრებზე,” – ამბობს მარტიროსიანი.

 

რეალურად, შეუძლებელი იყო, რუსეთში არსებულ ეკონომკურ ვითარებას გავლენა არ მოეხდინა სომხეთის ეკონომიკაზე, რადგან ამ ორი ქვეყნის ეკონომიკა ძალიან არის ერთმანეთთან დაკავშირებული. საკმარისია ვთქვათ, რომ რუსულ კომპანიებს შემოაქვთ და ანაწილებენ სომხეთში გაზს, გამოიმუშავებენ და ანაწილებენ ელექტროენერგიას, აკონტროლებენ ტელეკომუნიკაციებს და მართავენ რკინიგზას, აქვთ ბევრი ბანკი, აწარმოებენ ფოლგას და ა.შ.

 

სომხეთის მთავრობა იმედოვნებს, რომ ეკონომიკაური სარგებელი ერთხელაც დააახლოებს ორ გიგანტურ ბაზარს – ევროკავშირსა და ევრაზიულ კავშირს. თუმცა დასავლეთსა და რუსეთს შორის გამწვავებული ურთიერთობის ფონზე ეს პერსპექტივა რეალობიდან ძალიან შორს არის.

 

“პესიმისტები” ვარაუდობენ, რომ ყველაფერი თავის ადგილზე დადგება, თუკი ფინანსური ვითარება რუსეთში გაუმჯობესდება; თუკი გაიზრდება ნავთობის ფასი; თუკი საერთაშორისო სანქციები რუსეთის წინააღმდეგ შეწყდება და ქვეყანაში ისევ დაიწყება ინვესტირება… მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება სომხეთს ჰქონდეს ახალი ინვესტიციების იმედი, როგორც რუსეთიდან, ისე სხვა ქვეყნებიდან; გაზარდოს ადგილობრივი წარმოების ექსპორტი რუსეთში. მაგრამ ასეთი “თუკი” ყოველდღიურად სულ უფრო იზრდება და იზრდება…

გასული წლის შემოდგომაზე “გელაპის” მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, სომხეთის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მომხრე იყო დაახლოებით 80%. თუმცა განვითარებული მოვლენების მიხედვით, უკვე გაზაფხულზე მომხრეების და მოწინააღმდეგეების რაოდენობა შეიძლება გათანაბდრეს. ყოველ შემთხვევაში, ასე ვარაუდობს სომხეთის სოციოლოგთა ასოციაციის სოცილოლგი, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი გევორგ პოღოსიანი.


სტატია მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი