ახალი ამბები

უკრაინელ მფრინავ ნადეჟდა სავჩენკოს რუსეთში წინასწარი პატიმრობის ვადა გაუხანგძლივეს

11 თებერვალი, 2015 • 1769
უკრაინელ მფრინავ ნადეჟდა სავჩენკოს რუსეთში წინასწარი პატიმრობის ვადა გაუხანგძლივეს

ნადეჟდა სავჩენკო  ფოტო: novayagazeta
ნადეჟდა სავჩენკო ფოტო: novayagazeta


გამოძიებამ ერთ წარმოებაში გააერთიანა ორი სისხლის სამართლის საქმე, რომელთა მიხედვითაც უკრაინელ მფრინავს, მოხალისეთა ბატალიონ “აიდარის” მებრძოლ ნადეჟდა სავჩენკოს ბრალად ედება – რუსი ჟურნალისტების მკვლელობაში მონაწილეობა და რუსეთის ფედერაციის საზღვრის უკანონო გადაკვეთა, – წერს “ნოვაია გაზეტა”.

 

სავჩენკოს დაცვის მხარემ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს, გაეთავისუფლებინა უკრაინელი მფრინავი ნებისმიერი თანხის გირაოს სანაცვლოდ. თუმცა, გამოძიებამ მიიჩნია, რომ აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის შეცვლა და გირაოთი გათავისუფლება საშუალებას მისცემდა სავჩენკოს, დაეტოვებინა რუსეთის ტერიტორია და ხელი შეეშალა გამოძიებისთვის მოწმეებსა და დაზარალებულებზე ზეწოლის მოხდენით.

 

უკრაინელ მფრინავს, მოხალისეთა ბატალიონ “აიდარის” მებრძოლს ნადეჟდა სავჩენკოს ბრალად ედება ლუგანსკის ოლქში, საარტილერიო სროლების შედეგად, რუსეთის სახელმწიფო ტელერადიო მაუწყებლის ჟურნალისტების დაღუპვაში მონაწილეობა და ასევე რუსეთის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა.


გამოძიების ინფორმაციით, სავჩენკომ გადამღები ჯგუფის კოორდინატები დაადგინა უკრაინის სამხედროებს გადასცა. ამ კოორდინატების გამოყენებით, დაუდგენელმა პირებმა, 2014 წლის 17 ივნისს ჭურვები ჩაყარეს ლუგანსკში, მეტალისტის დასახლებაში, რის შედეგადაც ჟურნალისტები დაიღუპნენ. გამოძიება ასევე ირწმუნება, რომ სავჩენკომ ლტოლვილად გაასაღა თავი და გადაკვეთა რუსეთის საზღვარი, სადაც ის დააკავეს.


მფრინავის ადვოკატებმა კი განაცხადეს, რომ მომხდარიდან რამდენიმე დღეში მათ გამოძიებას წარუდგინეს ოფიციალური მონაცემები სავჩენკოს ტელეფინიდან ამოღებული სიგნალების შესახებ, რომლის თანახმადაც მტკიცდება, რომ ჟურნალისტებზე დავდასხმის დროს სავჩენკო უკვე ტყვედ იყო აყვანილი. თავად სავჩენკოც აცხადებს, რომ სეპარატისტებმა ლუგანსკის ტერიტორიიდან გაიტაცეს და ვორონეჟის ოლქში წაიყვანეს, სადაც ის რუსეთის სპეც-სამსახურებს გადასცეს.

 

19 ივნისს ინტერნეტში გამოჩნდა სავჩენკოს დაკითხვის ვიდეო, რომელშიც ის ხელბორკილებით მილზეა მიბმული. 8 ივლისს, ცნობილი გახდა, რომ სავჩენკო რუსეთში, ვორონეჟის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდა. სექტემბერში ის მოსკოვში, ქალთა #6 ციხეში გადაიყვანეს.


2014 წლის 15 დეკემბერს სავჩენკომ უვადო შიმშილობა გამოაცხადა მისი გატაცებისა და რუსეთში დაკავების პროტესტის ნიშნად.


ნოვაია გაზეტას” ინფორმაციით, ბატალიონ “აიდარის” ხელმძღვანელმა თავის თავზე აიღო ბრალი სავჩენკოს საქმესთან დაკავშირებით.

 

“ბიბისი”-ს უკრაინულ სამსახურთან ინტერვიუში “აიდარის” მეთაურმა სერგეი მელნიჩუკმა განაცხადა, რომ 2014 წლის 17 ივნისს, აღმოსავლეთ უკრაინაში ის თვითონ ხელმძღვანელობდა ბრძოლას, რის შედეგადაც რუსი ჟურნალისტები დაიღუპნენ. მელნიჩუკის თქმით, ის თვითონაა დამნაშავე იმ ქმედებაში, რომელშიც ბრალი ნადეჟდა სავჩენკოს ედება.

 

მელნიჩუკის თქმით, ჟურნალისტებს უთხრეს გადაეღოთ სეპარატისტების ნამოქმედარი – უკრაინული სამხედროების განადგურებული ტექნიკა ლუგანსკის ოლქში, მეტალისტის დასახლებაში. მისი განმარტებით, სიუჟეტების მომზადების დროს, ჟურნალისტები აღმოჩნდნენ ბატალიონ “აიდარის” მებრძოლების საპასუხო სროლების ქვეშ, რომლებიც, იმ დოისთვის, ბრძოლით მიიწევდნენ თავისიანების დასახმარებლად. მელნიჩუკმა ჟურნალისტებს სროლების “შემთხვევითი მსხვერპლი” უწოდა.

 

მელნიჩუკის მონაყოლი დაადასტურა სავჩენკოს ადვოკატმა მარკ ფეიგინმა. “ბი-ბი-სის” უკრაინული სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ მელნიჩუკის სიტყვები შეესაბამება იმას, რაც მას თავად სავჩენკომ მოუყვა.

 

9 თებერვალს, სავჩენკოს დაცვის მხარემ სარჩელი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში შეიტანა. ამის შესახებ უკრაინელი მფრინავის ადვოკატმა მარკ ფეიგინმა სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” დაწერა.

 

მნიშვნელოვანია, რომ მანამდე სტრასბურგის სასამართლომ თვითონ დაიწყო უკრაინელი მფრინავის საქმის წარმოება და რუსეთი მთავრობას სავჩენკოს დაპატიმრების მიზეზების განმარტების მოთხოვნით მიმართა.


9 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტს სავჩენკოს გათავისუფლების მოთხოვნით მიმართა ასევე საინიციატივო ჯგუფმა. “ნადეჟდა სავჩენკო პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს. კიდევ რამდენიმე დღე და ის მოკვდება”, – წერია პუტინისადმი მიმართვაში. 

 

ნადეჟდა სავჩენკო;  ფოტო: novayagazeta
ნადეჟდა სავჩენკო; ფოტო: novayagazeta

 

ნადეჟდა სავჩენკო 1981 წელს კიევში დაიბადა. ის უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიცერია და ერთ-ერთი პირველი ქალია უკრაინაში, რომელიც საჰაერო ძალების პილოტი გახდა. სავჩენკო მოხალისედ იბრძოდა აღმოსავლეთ უკრაინაში ბატალიონ “აიდარის” შემადგენლობაში.


2014 წლის ნოემბერში ნადეჟდა სავჩენკო მერვე მოწვევის უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი გახდა პარტია “ბატკივშინადან”. 

მასალების გადაბეჭდვის წესი