ახალი ამბები

აფთიაქების ნაწილი რეცეპტით გასაცემ წამლებს ურეცეპტოდ ყიდის

28 იანვარი, 2015 • • 3206
აფთიაქების ნაწილი რეცეპტით გასაცემ წამლებს ურეცეპტოდ ყიდის

კუჭის წყლულოვანი დაავადების საწინააღმდეგო საშუალება რაბელოკი, სპაზმოლიზური საშუალება სპაზმომენი და კიდევ სხვა მედიკამენტები, რომლებიც მხოლოდ რეცეპტით გაიცემა, ქუთაისის ერთ-ერთ აფთიაქში რეცეპტის გარეშე იყიდება.

 

“ქუთაისში ყველამ იცის, რომ გრიშაშვილის ქუჩაზე მდებარე აფთიაქ “ალიანსში” ყველა წამალი თავისუფლად, ურეცეპტოდ იყიდებოდა. მართლაც, როცა მივედი ამ აფთიაქში, არც კი უკითხავთ, მქონდა თუ არა რეცეპტი და ყველა პრეპარატი, რომელიც მხოლოდ რეცეპტით უნდა იყიდებოდეს, მის გარეშე ვიყიდე. ანალოგიურად მოემსახურნენ სხვა კლიენტებსაც, რომლებიც ჩემამდე იდგნენ რიგში,”- ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში პაციენტი.

 

ნეტგაზეთი აფთიაქ “ალიანსს” ტელეფონით დაუკავშირდა და რამდენიმე, რეცეპტით გასაცემი წამლის შესახებ იკითხა, შესაძლებელია თუ არა მათი ურეცეპტოდ ყიდვა. “ალიანსში” გვითხრეს, რომ მათ ჰყავთ ექიმი, რომელიც ნებისმიერ მედიკამენტს იქვე გამოწერს რეცეპტის ბლანკზე. თუმცა, ადგილზე მისულ მომხმარებლებს ამ სერვისის გარეშეც შეუძლიათ მეორე ჯგუფის მედიკამენტების ყიდვა. 

 

აღნიშნული აფთიაქის გარდა, რეცეპტით გასაცემ წამლებს სხვა რეგიონებში მდებარე ზოგიერთი აფთიაქიც შეზღუდვის გარეშე გასცემს. 

 

“მას შემდეგ, რაც რეცეპტების სისტემა შემოვიდა, ქოლესტერინისა და დიაბეტის საწინააღმდეგო წამლებს მხოლოდ მარნეულის ერთ-ერთ აფთიაქში ვყიდულობ. უფრო სწორად, მეზობელი როცა მიდის, ბევრს ვაბარებ. უპრობლემოდ ჩამოაქვს”,- ამბობს თეთრიწყაროს რაიონში მცხოვრები პენსიონერი თამარ დონდუა. 

 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ვალერი კვარაცხელია ნეტგაზეთთან საუბარში აცხადებს, რომ მისთვის ცნობილია მსგავსი ფაქტების შესახებ.

 

“საუბედუროდ, ჩვენთვისაც ცნობილია ეგ ფაქტები. არის ცალკეული შემთხვევები. გამოსავალი არის ელექტრონული რეცეპტები, რომელზე გადასვლაც ახლო მომავალში მოხდება”, – ამბობს კვარაცხელია. 

 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებითვე, მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება ე.წ. ფსიქტოროპულ აფთიაქებთან მიმართებაშიც.

 

“უკვე 15 თებერვლისთვის პარლამენტში შესული იქნება საკანონმდებლო ცვლილება. სერიოზულ ცვლილებებს ვამზადებთ, რომლის შემდეგაც, არა მგონია, შემდეგშიც გაუჩნდეთ ამ აფთიაქებს ურეცეპტოდ გაცემის სურვილი.”

 

მეორე ჯგუფისთვის მიკუთვნებული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაყიდვა “წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, 2014 წლის პირველი სექტემბრიდან აიკრძალა.  I ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტის ურეცეპტოდ გაცემის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა 6 ათასი ლარითაა განსაზღვრული, მეორე ჯგუფის შემთხვევაში კი,  500-ლარით. 


ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ვალერი კვარაცხელია ამბობს, რომ მონიტორინგის ჯგუფი ამ კუთხით ყოველდღიურ რეჟიმში ამოწმებს აფთიაქებს, თუმცა, მისივე თქმით, არც იმის საშუალება არსებობს, რომ “ერთ დღეში მოიცვან მთელი საქართველო.” 

მასალების გადაბეჭდვის წესი