ახალი ამბები

დანაშაულში მხილებულები აჭარის პოლიციაში თანამდებობებზე

28 იანვარი, 2015 • 4283
დანაშაულში მხილებულები აჭარის პოლიციაში თანამდებობებზე

გასული წლის ზაფხულში ბათუმის პოლიციის პირველ განყოფილებაში შეტყობინება შევიდა – მოქალაქემ პოლიციას აცნობა, რომ მას ველოსიპედი მოპარეს. შეტყობინების ადგილზე გავიდნენ განყოფილების უფროსი არჩილ ანთაძე და მისი მოადგილე დავით რიჟვაძე. ორივე თანამდებობის პირმა გადაწყვიტა, რომ ეს შეტყობინება შს სამინისტროს სტატისტიკაში არ უნდა ასახულიყო, როგორც დანაშაული. შესაბამისად, შეტყობინება გაფორმდა, როგორც ნივთის დაკარგვა. ფაქტის ნამდვილობის შესახებ “ბათუმელებს” რამდენიმე ინფორმირებულმა წყარომ დაუდასტურა.

“ბათუმელების” ინფორმაციით კი, ფაქტიდან რამდენიმე ხანში დავით რიჟვაძე დაიბარეს თბილისში, გენერალურ ინსპექციაში და აჩვენეს ვიდეომასალა, რომლითაც დასტურდებოდა მათი შემთხვევის ადგილზე გასვლა და, შესაბამისად, სავარაუდო დანაშაულის ფაქტის სტატისტიკაში არასახვა, ანუ დამალვა…

დანაშაულის ჩადენა ორივე პოლიციელმა აღიარა. საქმეში ჩაერთო პროკურატურა, რის შემდეგაც ორივე თანამდებობის პირთან გაფორმდა განრიდება (განრიდება – მუხლი 168: პროკურორს შეუძლია არ დაიწყოს ან შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა პირის (განრიდების სუბიექტის) მიმართ ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტზე), შესაბამისად, საქმე სასამართლომდე აღარ მივიდა. არც ერთი მათგანი ამ პროცესის გამო სამსახურს არ ჩამოცილებია. “ბათუმელების” ინფორმაციით, რომელიც ასევე ინფორმირებულ წყაროებთან გადამოწმების გზით დადასტურდა, სამართლებრივი პროცედურების კვალდაკვალ საქმეში აქტიურად ჩაერთო აჭარის პოლიციის ხელმძღვანელი დავით თამაზაშვილი. მისი ძალისხმევით ორივე ბრალდებული და განრიდების გაფორმების ეტაპზე პოლიციელები დაწინაურებულები ჰყავდათ – ბრალდებული არჩილ ანთაძე ბათუმის პოლიციის პირველი განყოფილების უფროსობიდან ბათუმის განყოფილებაში უბნის ინსპექტორის უფროსის თანამდებობაზე, დავით რიჟვაძე კი, რომელიც დანაშაულის ჩადენის მომენტისთვის ბათუმის პოლიციის პირველ განყოფილებაში მოადგილედ მუშაობდა, ბათუმის პოლიციის მე-2 განყოფილების უფროსად დანიშნეს. დღემდე ორივე მათგანი თანამდებობას ინარჩუნებს.

“ბათუმელებმა” სცადა ზემოთ აღწერილ ფაქტებთან დაკავშირებით შს სამინისტროს ოფიციალური პოზიცია გაერკვია. შესაბამისად, სამინისტროს სთხოვა შემდეგ კითხვებზე გაეცა პასუხი: “როდის დაინიშნა ბათუმის განყოფილებაში უბნის ინსპექტორის უფროსის თანამდებობაზე არჩილ ანთაძე? როდის გათავისუფლდა ბათუმის პოლიციის პირველი განყოფილების უფროსის თანამდებობიდან არჩილ ანთაძე? როდის დანიშნეს დავით რიჟვაძე ბათუმის პოლიციის მე-2 განყოფილების უფროსად? როდის გათავისუფლდა დავით რიჟვაძე ქ. ბათუმის პირველი განყოფილების უფროსის მოადგილის თანამდებობიდან?”

შინაგან საქმეთა სამინისტროში მიაჩნიათ, რომ პოლიციაში თანამდებობაზე დანიშვნაც კი, პირის პერსონალური მონაცემია. აი, რა აცნობა 16 იანვარს სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ გიორგი სახოკიამ “ბათუმელებს”: “დავით რიჟვაძისა და არჩილ ანთაძის შესახებ მოთხოვნილი ინფორმაცია შეიცავს პერსონალურ მონაცემებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლის შესაბამისად, “საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ გაახმაუროს პერსონალური მონაცემები თვით ამ პირის თანხმობისა ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე, თანამდებობის პირთა (აგრეთვე თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა) პერსონალური მონაცემების გარდა”.

საკითხზე განმარტებისთვის “ბათუმელებმა” ასევე მიმართა სამივე თანამდებობის პირს. სამივე მათგანმა თქვა, რომ პრესცენტრს მივმართოთ და ტელეფონი გამორთო.

თანამდებობის პირების პოზიციის გარკვევის შემდეგ “ბათუმელებმა” ისევ მიმართა შს სამინისტროს შემდეგი კითხვით – რატომ დანიშნეს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით ბრალდებული მოხელეები მაღალ თანამდებობებზე? ამ გზით შს სამინისტრო ხომ არ აყალიბებს დაუსჯელობის განწყობას პოლიციის რიგებში?

შს სამინისტროს პრესცენტრში ამ კითხვებზე შემდეგი განმარტეს: “თქვენს კითხვაზე იმის შესახებ, დაწინაურდნენ თუ ეს ადამიანები განრიდების შემდეგ, დაწინაურება არ მომხდარა. ასევე შემიძლია გითხრათ, რომ ორივე პოლიციელის მიმართ გენერალურ ინსპექციაში მიმდინარეობს მოკვლევა”.

ეს განმარტება შს სამინისტროს პრეს-ცენტრმა 22 იანვარს გააკეთა, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ინფორმაცია იმის შესახებ, თუ კონკრეტულად როდის გაფორმდა პოლიციელებთან განრიდება ან როდის დაინიშნენ ისინი თანამდებობაზე, საიდუმლოდ დატოვა.

და მაინც, რატომ უნდა გარჯილიყო აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი თანამდებობებზე დაეწინაურებინა ის პოლიციელები, რომლებიც ოფიციალურად არიან ბრალდებულები? – დავით თამაზაშვილმა არც ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ისურვა. მოქმედი პოლიციელები კი მათი ხელმძღვანელის აქტიურობას ასე ხსნიან – “როგორც არჩილ ანთაძე, ისე დავით რიჟვაძე დავით თამაზაშვილის ბრძანებას ასრულებდნენ”. ბრძანება კი, ზოგადად, შემდეგში მდგომარეობს – დანაშაულის სტატისტიკა უნდა იყოს კლებადი. არაერთი მოქმედი პოლიციელი პირად საუბარში ამბობს, რომ ბათუმის მაგალითზე, დღეში მინიმუმ დანაშაულის შესახებ შემოსული ინფორმაციის ნახევარი არ რეგისტრირდება.

“ბათუმელებმა” ამ ინფორმაციის გადამოწმების მიზნითაც კვლავ შს სამინისტროს მიმართა. ამჯერად სამინისტროს ვთხოვდით მოეწოდებინა ერთი და იმავე პერიოდის, მაგალითად, 2015 წლისა და წინა ორი წლის 12-18 იანვარს ბათუმში აღიცხული დანაშაულის შესახებ სტატისტიკური მონაცემები. ამ საკითხზე სამინისტროს ადმინისტრაციამ “ბათუმელებს” განუმარტა:

“შს სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკურ დეპარტამენტში რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკური ანგარიშის მომზადება წარმოებს ერთიანი სტატისტიკური მოდელის მეშვეობით, საანგარიშო პერიოდის გათვალისწინებით, რომელიც მოიცავს ერთთვიან ინტერვალს, ყოველი თვის 1-დან 31 რიცხვამდე. სტატისტიკური მონაცემების მომზადება ხდება შემდეგი სახით: ერთი თვისა და კუმლატიური სახით (იანვარ-თებერვალი, იანვარ-მარტი და ა.შ.) შესაბამისად, ცალკე აღებული მონაცემების დათვლის შედეგი არ იქნება ზუსტი და კორექტული. გაცნობებთ, რომ 2015 წლის იანვრის თვის სტატისტიკური მონაცემების მიწოდება შესაძლებელი იქნება 2015 წლის თებერვლის თვეში”.

“ბათუმელებმა” სცადა თავად მოეძებნა ისეთი მოქალაქეები, რომლებმაც პოლიციას მიმართეს, როგორც დაზარალებულებმა და მართლაც აღმოაჩინა ბათუმში მცხოვრები ერთ-ერთი ქალბატონი, რომელსაც საზოგადოებრივ ტრანსპორტში ჩანთა გაუჭრეს და პირადობის მოწმობასთან ერთად თანხა ამოაცალეს. პოლიციაში მისულ ამ მოქალაქეს ურჩიეს, რომ განცხადება დაეწერა მხოლოდ პირადობის მოწმობის დაკარგვის შესახებ. მათივე რჩევით მოქალაქემ განცხადებაში არც ჩანთის გაჭრისა და არც თანხის ამოცლის შესახებ არაფერი ჩაწერა.

დანაშაულის დაფარვის სტრატეგია ერთი უწყების პოლიტიკაა თუ, ზოგადად, სახელმწიფოს დაკვეთა? – ამ კითხვაზე ზუსტი პასუხის მიღება, ჯერჯერობით, შეუძლებელია, მაგრამ ერთი რამის თქმა დაზუსტებით შეიძლება – დანაშაულში ბრალდებულ პოლიციელებთან განრიდება შს სამინისტროს მაკონტროლებელ უწყებაში, მთავარ პროკურატურაში გააფორმეს. დაზუსტებით შეიძლება იმის თქმაც, რომ პროკურატურისთვის ცნობილია ბრალდებული პოლიციელების თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ ინფორმაცია.

“ბათუმელებმა” მრავალგზის სცადა ფაქტთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურიდან მაინც მიეღო კითხვებზე პასუხი, თუ რატომ გაუფორმეს ბრალდებულ პოლიციელებს განრიდება ან რას ფიქრობენ უწყებაში მათ დანიშვნასთან დაკავშირებით. არაერთი მცდელობისა და დაპირების მიუხედავად, განმარტების გაკეთება არც ამ უწყებაში მოისურვეს. უწყების პრესცენტრი საკითხის გარკვევას დაგვპირდა, თუმცა, საბოლოოდ სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხა.

პოლიციის შესახებ კანონში, ისე როგორც საჯარო სამსახურის შესახებ კანონში არაფერია ნათქვამი, აქვს თუ არა უფლება განრიდებულ პირს დაიკავოს თანამდებობა. თუმცა პოლიციის შესახებ კანონში წერია, რომ ამ კანონის მიზანია, უზრუნველყოს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვა. იმავე კანონის მე-16 მუხლში კი პოლიციელის ძირითადი ფუნქციები ასეა განმარტებული: უზრუნველყოს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგისთვის საფრთხის თავიდან აცილება; ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა; ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ქონების მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან დაცვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი