ახალი ამბები

ყუშიტაშვილის განმარტებები პატრულის შეურაცხყოფაზე: ადამიანი როცა გოიმდება, უნდა დააგოიმო

27 იანვარი, 2015 • • 1635
ყუშიტაშვილის განმარტებები პატრულის შეურაცხყოფაზე: ადამიანი როცა გოიმდება, უნდა დააგოიმო

როგორც ყუშიტაშვილმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, მისთვის ცნობილია, რომ ცინარიძის სახელის ხსენება პატრულის თანამშრომლებთან ჭრის და სწორედ ამიტომ განახორციელა ცინარიძესთან საუბრის იმიტაცია, სინამდვილეში კი თავის მეგობარს ესაუბრებოდა ტელეფონით:

 

“ეს დაახლოებით ერთი წლის წინ, მარტში ან აპრილში გადაღებული [ვიდეოა]. იმ ფაქტს ვადასტურებ, რომ მე ნამდვილად მივაყენე შეურაცხყოფა პატრულის თანამშრომელს იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში დამდევდა პატრულის ერთი თანამშრომელი… მისი სახელი და გვარი არ ვიცი, პირადად ვიცნობ, რამდენჯერაც დამინახა ქუჩაში გამოსული, მით უმეტეს, ღამით ვმოძრაობ ხოლმე, ხან ტელეფონის ნომერი მთხოვა… ძალიან შევწუხდი,  ყელში მქონდა უკვე ამ ადამიანის უსაქციელობა ამოსული”, – ამბობს იგი ზემოხსენებული ვიდომასალის კომენტირებისას.

 

ნეტგაზეთის კითხვას, თუ ჩააყენა საქმის კურსში შსს-ს შესაბამისი სტრუქტურები, მაგალითად, შსს-ს გენისპექცია იმის შესახებ, რომ პატრულის თანამშრომელი ავიწროვებდა, იგი პასუხობს, რომ ეს არ გაუკეთებია, რადგან საგანგაშოდ და საჭიროდ არ ჩათვალა.

 

რაც შეეხება დავით ცინარიძესთან მის ნაცნობობას, რომელსაც ვიდეომასალის მიხედვით ტელეფონით ესაუბრება, ყუშიტაშვილი ამბობს:

“დავით ცინარიძეს არ ვურეკავდი. კი, ბატონო, ვიდეოში მასე ჩანს, რადგან ძალიან ბევრისგან ვიცი, რომ ამ ადამიანის სახელი ძალიან ხშირად ჭრის. მე პირადად არ ვიცნობ. ჭანტურიას [ცინარიძის მოადგილე] შესახებ საერთოდ პირველად მესმის”.

კითხვას, თუ პატრულს იმისთვის უთხრა ეს ყველაფერი, რომ შეშინებოდა, მაშინ ტელეფონზე ვის დაურეკა, იგი პასუხობს, რომ თავის მეგობარს:

 

“ჩემს მეგობრებს ვურეკავდი, ხშირად გამიკეთებია ასე. დათო როგორ ხარ და ასე შემდეგ, პატრულის-პონტში… ადამიანი როცა გოიმდება, უნდა დააგოიმო”.

 

თუმცა ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ყუშიტაშვილთან საუბრის შემდეგ პატრულის ეკიპაჟს რაციით უკავშირდებიან. ყუშიტაშვილს ამაზე პასუხის გაცემა გაუჭირდა და ბოლოს განაცხადა, რომ ეს ალბათ დამთხვევა იყო.

 

იგი ამბობს, რომ უმუშევარია, თუმცა მისი მშობლები მუშაობენ მოსკოვში. ამასთან, სითი-პარკის ვებგვერდის მიხედვით, 2013 წლიდან მოყოლებული მის ავტომობილზე 12 გადაუხდელი ჯარიმა ფიქსირდება.

 

“სითი პარკის ჯარიმები არასდროს გადამიხდია, ჯარიმა ფაქტობრივად არ მხვდება ხოლმე. პატრულის ჯაირმებს რაც შეეხება, მისაღებია ჩემთვის, როდესაც ნამდვილად ვარღვევ და როდესაც დამნაშავე ვარ. მართვის მოწმობაც მქონდა ჩამორთმეული დროებით და  პრეტენზია არ მქონია”.

მისივე თქმით, 3 თვის განმავლობაში საპატრულო პოლიციის მიერ გამოწერილ ჯარიმებში 5300 ლარი აქვს გადახდილი. მისივე თქმით, ისეთი გავლენიანი ახლობლები რომ ჰყოლოდა, როგორიც ზვიად ჯანყარაშვილი და დავით ცინარიძე არიან, მართვის მოწმობას დროებით არ ჩამოართმევდნენ და არც ამ ოდენობის ჯარიმებს გამოუწერდნენ.

 

“ყველა პატრულის თანამშრომელს ვურჩევ, წასული მთავრობიდან იქნებიან თუ ახლა მოსულიდან, რომ მეტი იმუშაონ და ნაკლებად უყურონ მოქალაქეების ნომრებს და ნაკლებად შემაწუხონ აწი. ძალიან ვნანობ, რომ აქამდე არ მივმართე გენერალურ ინსპექციას”.

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ დღეს გაავრცელა ორი ვიდეო, რომელზეც ასახულია, თუ როგორ ახდენს ზეწოლას  პოლიციელზე მოქალაქე ეკა ყუშიტაშვილი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის დავით ცინარიძის დახმარებით.

 

ზურაბ ჯაფარიძის, ნაციონალური მოძრაობის წევრის შეფასებით, ეს არის სახელმწიფო ინსიტიტუტების ნგრევის მაგალითი:

” ორივე შემთხვევაში ნათლად ჩანს ამ მოქალაქის უხეში დამოკიდებულება პატრულის თანამშრომლების მიმართ. გარდა ამისა, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ერთ ეპიზოდში ჩანს, ეს მოქალაქე თავისი პირადი კონტაქტების საშუალებით, კერძოდ, ის უკავშირდება თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსსა და მის მოადგილეს, როგორ აგვარებს საკუთარ პრობლემას კანონთან მიმართებაში. ამ კადრებიდან ძალიან ნათლად ჩანს, რომ სახეზეა სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევა და ნათელია, რომ ხდება დაბრუნება შევარდნაძის დროინდელ პრაქტიკაში, როცა მოქალაქეები, როცა დანაშაული აქვთ ჩადენილი კანონის წინაშე, ამ პრობლემას პირადი ნაცნობობით აგვარებენ. ჩვენ გვინდა მივმართოთ შესაბამის საგამოძიებო სტრუქტურებს, რომ სასწრაფოდ მოხდეს ამ საქმის გამოძიება. საპატრულო პოლიციის ერთ-ერთი თანამშრომელი გაათავისუფლეს ამ თანამდებობიდან მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ის ასრულებდა კანონით მასზე დაკისრებულ მოვალეობას. ის უნდა აღდეს სამსახურში და გამოძიების შედეგად უნდა დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებმაც ბოროტად გამოიყენეს საკუთარი თანამდებობა და ჩაიდინეს დანაშაული”, – აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

 

ნეტგაზეთი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, მათი განცხადებით, ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი