ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბაქოში უფლებადამცველ გიუნაი ისმაილოვას თავს დაესხნენ

27 იანვარი, 2015 • 999
ბაქოში უფლებადამცველ გიუნაი ისმაილოვას თავს დაესხნენ

უფლებადამცველი გიუნაი ისმაილოვა; ფოტო: contact.az
უფლებადამცველი გიუნაი ისმაილოვა; ფოტო: contact.az


გამოცემის ინფორმაციით, თავდასხმა 26 იანვრის საღამოს იმ სახლის სადარბაზოში მოხდა, სადაც ისმაილოვას ბინა აქვს დაქირავებული.

“სადარბაზოში შევედი, ყურსასმენები მეკეთა და მუსიკას ვუსმენდი. მოულოდნელად უკნიდან ვიღაც მომვარდა და ცდილობდა პირზე ხელი აეფარებინა ჩემთვის. მე მკვეთრად შევბრუნდი მისკენ და გაქცევა ვცადე. ამ დროს დავინახე, რომ მას ხელში რაღაც საგანი ეკავა და ცდილობდა ჩემთვის დაერტყა. რომ შევეწინააღმდეგე, დარტყმა ვეღარ მოახერხა”, – განუცხადა “კავკაზსკი უზელს” ისმაილოვამ.

 

უფლებადამცველი ამბობს, თავდასხმის გამო დაიწყო ყვირილი და პირველი სართულის ბინის კარზე ბრახუნი.

 

“ხმაურზე მეზობლები გამოვიდნენ და თავდამსხმელი სწრაფად გაიქცა. დაახლოებით 28-30 წლის საშუალო სიმაღლის მამაკაცი იყო. მთელი ამ დროის განმავლობაში მას ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს”, – ყვება ისმაილოვა.

 

უფლებადამცველი მიიჩნევს, რომ თავდასხმის მიზანი მისი დაყაჩაღება არ ყოფილა.

 

“ჩანთა მხარზე მქონდა გადაკიდებული და მას არც კი უცდია წართმევა”.

 

ისმაილოვა ფიქრობს, რომ თავდასხმა მის უფლებადაცვით საქმიანობას უკავშირდება.

 

“2014 წლის 22 ოქტომბერს გაზეთში The New York Times დაიბეჭდა ჩემი და უფლებადამცველ სამირა კაზიმლის ერთობლივი სტატია, რომელიც ეხებოდა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტში აზერბაიჯანის წარმომადგენლობას და ამ ორგანიზაციის პატრონაჟით ჩატარებულ საერთაშორისო კონფერენციას, რომელშიც ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს წარმომადგენელი მონაწილეობდა”, – ყვება ისმაილოვა.

 

მისი თქმით, სტატია ეხებოდა ევროპელი პოლიტიკოსებისა და მაღალჩინოსნების მხრიდან თვალის დახუჭვას აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების დარღვევის პრობლემაზე.

 

ისმაილოვა ამბობს, რომ სტატიის გამოქვეყნებიდან მალევე თავდასხმა მოხდა ისმაილოვას დედაზე. მას ვიღაცამ პირზე ხელი ააფარა და მოთხოვა, მის შვილს ჟურნალისტური და უფლებადაცვითი საქმიანობა შეეწყვიტა.

 

“რადგანაც ამ მუქარამ შედეგი არ გამოიღო, როგორც ჩანს, მათ უკვე პირადად ჩემზე განახორციელეს შეტევა”, – ამბობს ისმაილოვა.

 

აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ან განცხადება არ გაუკეთებია.



მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 


მასალების გადაბეჭდვის წესი