ახალი ამბები

ია მეტრეველი იმ პატიმართან საუბრის დეტალებზე, რომელიც ამბობს, რომ მკვლელობა შეუკვეთეს

27 იანვარი, 2015 • 1391
ია მეტრეველი იმ პატიმართან საუბრის დეტალებზე, რომელიც ამბობს, რომ მკვლელობა შეუკვეთეს

“ამ ბიჭმა მითხრა, რომ მე მაგის გამკეთებელი არ ვიყავიო, სადღაც კიდევაც წავედი და დავიმალეო, მერე 2008 წლის ომი მოხდა და ამიტომ გადაიდო ეს ყველაფერიო. მე მაგას არ ვიზამდი, რაც არ უნდა ექნათო. სხვას გააკეთებინებდნენ, რა მნიშვნელობა ჰქონდა,”– უთხრა ია მეტრეველმა “ნეტგაზეთს”.

 

მისი თქმით, პატიმარმა ისაუბრა იმ დეტალებზე, თუ როგორ დაავალა ფირცხალავამ მისი მკვლელობა.

 

“უთხრეს, როგორი ფორმით უნდა მოეხდინა ამ ბიჭს ჩემი ლიკვიდაცია და პირდებოდა ფირცხალავა, რომ ნარკოტიკით უზრუნველყოფილი იქნებიო, ცოტა ხანი ციხეში იჯდებიო, იქ შენთვისო იქნება მწვანე შუქიო, პირდებოდა ძალიან ბევრ რამეს და ასევე დაუგეგმა, როგორი სახით უნდა მომხდარიყო ჩემი ლიკვიდაცია, მაღაზიაში შეყვები ვითომდა დაყაჩაღების მიზნით, იარაღს მიადებ შუბლზეო.

 

მეტრეველის თქმით, მას ამ პატიმართან მხოლოდ სატელეფონო საუბარი ჰქონდა და ფიზიკურად არასოდეს უნახავს. ის იხსენებს, რომ დაახლოებით 1 წლის წინ ეს პატიმარი მას თავად დაუკავშირდა და ეს ყველაფერი მოუყვა. მისი განცხადებით, ამის შესახებ განაცხადა როგორც სახალხო დამცველთან, ასევე, პროკურატურაშიც.

 

“ნეტგაზეთის” შეკითხვაზე, თუ რა რეაგირება მოხდა პროკურატურის მხრიდან, ია მეტრეველმა თქვა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

 

“არ ვიცი, მგონი, იყვნენ მასთან შესულები, როგორც ამ ბიჭმა მითხრა, ვიღაცები შედიოდნენ, მაგრამ გამოძიება დაიწყეს-არ დაიწყეს, ეგ ჩემთვის უცნობია,”– თქვა მან.

 

დღეს სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, რომ მას მიმართა ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა, რომელიც ამტკიცებს, რომ 2008 წელს კრიმინალური პოლიციის იმდროინდელმა მაღალჩინოსანმა ირაკლი ფირცხალავამ ბუტა რობაქიძის დედის, ია მეტრეველის მკვლელობა დაავალა. ნანუაშვილის თქმით, მსჯავრდებული იმასაც ამბობს, რომ ფირცხალავა მისგან ისეთი მოწმეების მოძებნასაც ითხოვდა, რომლებიც 2006 წელს კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი ზურაბ ვაზაგაშვილის დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ გააკეთებდნენ განცხადებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი