ახალი ამბები

გიორგი კლდიაშვილი შსს-ს სასამართლოში უჩივლებს

26 იანვარი, 2015 • • 1051
გიორგი კლდიაშვილი შსს-ს სასამართლოში უჩივლებს

“იმის გამო, რომ 2 დღით ჩამსვეს იზოლატროში, რომელიც სასამართლომ უკანონოდ სცნო და არანაირი საფუძველი და აუცილებლობა ვერ დაინახა და მე 2 დღე, როგორ კრიმინალი, მამყოფეს იზოლატორში. შეილახა ჩემი, როგორც ორგანიზაციის დირექტორისა და სამოქალაქო აქტივისტის რეპუტაცია იმ განცდების გამო, რაც მე გადავიტანე ამ პერიოდის განმავლობაში, იმის გამო, რაც მე ნამდვილად განვიცადე იზოლატორში, ამის გამო მოვითხოვ მორალური ზიანის ანაზღაურებას”, – ამბობს გიორგი კლდიაშვილი.

 

კლდიაშვილი ასევე აპირებს, რომ მიმართოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას მოთხოვნით, გამოიკვლიონ, ვის ინეტერესებში შედიოდა მის წინააღმდეგ არასწორად და უკანონოდ მოპოვებული მტკიცებულებები შექმნა.

 

მისი თქმით, ბრალდებამ წარადგინა შსს-ს თანამშრომლის დაკითხვის ოქმი, რომელიც დათარიღებული იყო არასწორად, თარიღით: 01.01.0100 მაშინ, როცა პროკურატურამ სასამართლოს წარუდგინა იმავე თანამშრომლის პატაკი 2014 წლის 12 დეკემბრით დათარიღებული და განსხვავებული შრიფტით შედგენილი.

მას აქვს ეჭვი, რომ შსს-ს თანამშრომლის პატაკი, რომლის მიხედვითაც დაიწყო გამოძიება და რომლის საფუზველზეც დააკავეს, მისი დაკავების შემდეგ შეადგინეს.

 

გიორგი კლდიაშვილს აქვს ეჭვი, რომ მას შსს უთვალთვალებდა ან ფარულად ისმენდა მის საუბარს.

 

“ამის დადასტურება არ შემიძლია. მაქვს ეჭვი, რომ ადგილი ჰქონდა ან ფარულ მიყურადებას, ან თვალთვალს ჩემ მიმართ, რისი საფუძველიც არ არსებობდა. მე დამიკავშირდა ოფიციალური ხელოსანი, რომელმაც შეაკეთა ჩემი იარაღი და შემეძლო ნებისმიერ დროს მივსულიყავი. თუ არ იყო ჩასაფრება, მოსმენა და ამ ინფორმაციის მიღება, მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია- როდის მივიდოდი, მივიდოდი იმ დღეს, თუ მივიდოდი მეორე დღეს. ეს იყო კარგად დადგეგმილი პროვიკაციული ოპერაცია”, – მიაჩნია კლდიაშვილს.

 

გიორგი კლდიაშვილი გეგმავს, რომ სასამართლოს მიმდინარე კვირაში მიმართოს. მას ასევე აღუდგა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორის სტატუსი 20 იანვრიდან.

 

გიორგი კლდიაშვილი 2014 წლის 12 დეკემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავა. მას კუთვნილი გაფორმებული ცეცხლსასროლი საკოლექციო იარაღი (Parabelum 08, 1921 წლის გამოშვება) შინ მიჰქონდა მაღაზიაში მისი შეკეთების შემდგომ.

 

კლდიაშვილის განცხადებით, იარაღი იყო დაშლილ მდგომარეობაში, იდო მანქანის საბარგულში, მჭიდისა და ტყვიების გარეშე, თუმცა მას არ ჰქონდა აღებული ნებართვა შსს-ს მომსახურების სააგენტოდან მისი გადატანის შესახებ. გიორგი კლდიაშვილს წარედგინა ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება), რაც ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას 3-5 წლამდე.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ სისხლის სამართლის საქმე გიორგი კლდიაშვილის მიმართ შეწყვიტა მტკიცებულებების არქონის გამო.

მასალების გადაბეჭდვის წესი